The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ეპისკოპოსი პიროსი (ალავერდელი)

ეპისკოპოსი პიროსი
Legal name:მათე იოანეს ძე ოქროპირიძე
Date of birth:10 November, 1874
Date of death:28 April, 1922  (at 47 years)
Burial location:ალავერდის საკათედრო ტაძარი
Category:Religious leader

Biography

   ალავერდელი ეპისკოპოსი პიროსი, ერისკაცობაში მათე იოანეს ძე ოქროპირიძე, დაიბადა 1874 წლის 10 ნოენბერს გორის მაზრის სოფელ დისევში.

    დაწყებითი განათლება ალავერდის მონასტერში მიიღო, სადაც მამამ 7 წლისა მიაბარა და სადაც სასულიერო განათლება თავის პაპასთან, მღვდელ-მონაზონ სილვესტერთან მიიღო, რომელიც გახლდათ ალექსანდრე ეპისკოპოსის (ოქროპირიძე) ძმა. ამის შემდეგ სწავლა გააგრძელა თბილისის სასულიერო სასწავლებელში, რომლის დამთავრების შემდეგ, 1890 წელს, თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩაირიცხა.

    1893-1896 წლებში სტავროპოლის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა, შემდეგ ჩაირიცხა კიევის სასულიერო აკადემიაში, რომელიც 1900 წელს ღმრთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით დაასრულა.

    1900 წლის სექტემბერში ბერად აღიკვეცა და სახელი პიროსი ეწოდა.  ამავე წელს ბერ-დიაკონად იქნა ხელდასმული, შემდეგ მღვდელ-მონაზვნად და სხვადასხვა ადმინისტრაციული თანამდებობა ეკავა.

    1900 წელს კავკასიაში მართლმადიდებლური ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების სკოლის ინსპექტორად დაინიშნა, ხოლო 1902 წელს სინოდის დადგენილებით გორის სასულიერო სასწავლებლების უფროსის თანაშემწედ.

   1905 წელს მოწამეთას წმინდა დავითისა და კონსტანტინეს სახელობის მონასტრის წინამძღვრად დაადგინეს, ხოლო 1907 წელს აყვანილი იქნა არქიმანდრიტის ხარისხში.

   1909 წელს, წმინდა სინოდის დადგენილებით, საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის წევრად დაინიშნა და დავით-გარეჯის უდაბნოს წინამძღვრად განამწესეს.

   1915 წელს ალავერდის ეპარქიის მმართველად დაინიშნა და გამორჩეული იქნა ალავერდის ეპისკოპოსად. 1916 წელს ქიროტონია შესრულდა პეტროგრადის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ლავრაში.

   1916 წელს ეპისკოპოსი პიროსი საქართველოს ეპარქიაში, მესამე ქორეპისკოპოსად დაინიშნა.

   1917 წელს საქართველოს პირველმა საეკლესიო კრებამ ალავერდის საეპარქიო კათედრაზე სახელწოდებით „ალავერდელი“ აირჩია. ეპისკოპოსი პიროსი იმერეთის ეპარქიაშიც მსახურობდა მონასტრების კეთილმოწესედ. ასევე მღვდელმსახურთა და მედავითნეთა გამომცდელი კომისიის თავმჯდომარედ, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ეპარქიაში გადასვლის შემდეგ სხვადასხვა ადმინისტრაციული თანამდებობა ეჭირა.

   1917 წლიდან ეპისკოპოსი პიროსი გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" თბილისის განყოფილების წევრი.

   1921 წელს საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ბოლშევიკები გაბატონდნენ. დაიწყო ეკლესია-მონასტრების შევიწროება. უსაფუძვლო ბრალდებით დააპატიმრეს პიროს ეპისკოპოსიც.

   1922 წელს კომუნისტები იმდენად გათავხედდნენ, რომ ალავერდის მონასტერში დასვენებული წმინდა გიორგის ოქროს ხატი გაძარცვეს. ალავერდის საგანძური იქაურ მამებმა ტაძრის თაღში დამალეს, მაგრამ კომუნისტებმა სამალავს მიაგნეს, საგანძური თელავში გადაიტანეს და დაპატიმრებულ მეუფე პიროსს მოსთხოვეს, ხელი მოეწერა ამ სიწმინდეების სახელმწიფოსთვის გადაცემის აქტზე, რაზეც მან მტკიცე უარი განაცხადა. მაშინ ალავერდის სიწმინდეები თბილისში გადაგზავნეს, ხოლო ეპისკოპოსი კომკავშირელებს აცემინეს და დასისხლიანებულ-დასახიჩრებული კიბის ქვეშ დაამწყვდიეს.  

   ეპისკოპოსი პიროსი გარდაიცვალა 1922 წლის 28 აპრილს თელავში. უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ამბროსის ლოცვა-კურთხევით, წესი აუგო ეპისკოპოსმა ქრისტეფორემ და დაიკრძალა ალავერდის საკათედრო ტაძარში.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1917-)

Share: