The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



პავლე ფრანგიშვილი

პავლე ფრანგიშვილი
Other name:პავლე კანდინაშვილი  (Pseudonym)
Date of birth:17 October, 1897
Date of death:22 May, 1966  (at 68 years)
Category:Actor/Actress, Writer, Filmmaker

Biography

   პავლე ფრანგიშვილი დაიბადა 1897 წლის 17 ოქტომბერს თბილისში. მამა კალატოზი ჰყავდა და დედა რევოლუციონერი. ადრეულ ასაკში დაობლებული პავლე, 5 და-ძმასთან ერთად, უკიდურეს სიღარიბეში გაიზარდა.

    პავლე ფრანგიშვილმა სასცენო მოღვაწეობა 1911 წელს „ავჭალის აუდიტორიაში“ დაიწყო. მონაწილეობდა სხვადასხვა დრამატულ წრეებში: ხარფუხის, ნაძალადევის, ავლაბრის თვითმოქმედ კოლექტივებში.

    1913 წელს პავლე ფრანგიშვილმა თეატრალური კურსები დაამთავრა, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, ვალერიან გუნია და ვალერიან შალიკაშვილი და თბილისის დრამატულ დასში ჩაირიცხა.

   1914 წელს ფრანგიშვილი ქუთაისის სცენაზე მიიწვიეს. 1916 წელს სამხედრო სამსახურმა მოუწია და იქაც ჯარისკაცთა ოჯახების სასარგებლოდ წარმოდგენებს მართავდა.

    1917 წელს პავლე ფრანგიშვილი მოსკოვში მიავლინეს და მოსკოვიდან სამშობლოში დაბრუნებული ძირითადად პროვინციებში მოღვაწეობდა. 1923 წელს გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე მსახიობი თამარ აბაშიძე, რომელთანაც ოჯახი შექმნა და ცოლ-ქმარმა, ერთად, დიდი და სასახელო გზა განვლო  თეატრსა თუ კინოში.

   1925 წლიდან პავლე ფრანგიშვილი ჭიათურის თეატრის მსახიობია და ერთი წლის თავზე ამ თეატრის რეჟისორობა და ხელმძღვანელობაც ჩააბარეს. ფრანგიშვილის თავდაუზოგავი შრომის შედეგად, თეატრის ღირსება იმდენად ამაღლდა, რომ საქართველოს პროვინციების თეატრებიდან პირველმა შემოიარა საგასტროლოდ თბილისი, ქუთაისი და სხვა მნიშვნელოვანი ქალაქების თეატრები და ჭიათურის თეატრს მუშათა დამკვრელი თეატრის სახელი მიენიჭა.

    1934 წლის 15 აპრილს პავლე ფრანგიშვილს ჭიათურაში სასცენო მოღვაწეობის ოცი წლის იუბილე გადაუხადეს და რესპუბლიკის დამსახურებული არტისტის წოდებაც მიენიჭა.

   1940 წელს პავლე ფრანგიშვილი გორის ახლად აშენებული სახელმწიფო თეატრის დირექტორად და სამხატვრო ხელმძღვანელად მიიწვიეს. თეატრმა სეზონი 30 იანვარს გახსნა ი. გედევანიშვილის პიესით „გადასასვლელი“, რომელშიც სტალინის 1905-1906 წლების მოღვაწეობა იყო ასახული.

     1941 წელს საქართველოს სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა.

     პავლე ფრანგიშვილმა შექმნა საუცხოო დასი რჩეულ პიესათა რეპერტუარით და საყოველთაო ყურადღება, პატივისცემა და სიყვარული დაიმსახურა. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ხიმშიაშვილი ერისთავის "სამშობლოში", ოტელო შექსპირის "ოტელოში", კარლ მოორი შილერის "ყაჩაღებში" და სხვა. მისი რეჟისორობით დაიდგა სპექტაკლები: ა. წერეთლის "თამარ ცბიერი", ი. მოსაშვილის "ჩაძირული ქვები", ვ. კანდელაკის "მაია წყნეთელი", მ. ბარათაშვილის "ჭრიჭინა", ი. ვაკელის "შამილი", სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე", ს. კლდიაშვილის "ირმის ხევი" და სხვა. მის კალამს ეკუთვნის 10-მდე მცირე ზომის პიესა და აგრეთვე თარგმნა და გადმოაკეთა 5 პიესა. იგი ავტორია წიგნებისა: "როგორ დავეუფლოთ სასცენო ხელოვნებას" და "რაც ვნახე და განვიცადე".

    პავლე ფრანგიშვილი გარდაიცვალა 1966 წლის 22 მაისს თბილისში.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1917-)

Awards and Honors

  • 1941 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1934 - რესპუბლიკის სამსახურებული არტისტი

Bibliography


Share: