The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ლევან ლუკას ძე რაზიკაშვილი

ლევან ლუკას ძე რაზიკაშვილი
Date of birth:1 March, 1887
Date of death:16 February, 1923  (at 35 years)
Burial location:უცნობია (დახვრეტილი)
Category:Military Person

Biography

    ლევან რაზიკაშვილი დაიბადა 1887 წელს სოფელ ჩარგალში. სწავლობდა თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში, სადაც დაუახლოვდა ქაქუცა ჩოლოყაშვილს.

    ლევანი სკოლის მერხიდან სოციალ-ფედერალისტობდა და 1917 წელს გაერთიანდა კიდეც საქართველოს სოციალ-ფედერალისტურ პარტიაში, ხოლო  შემდეგ სამხედრო სამსახურში შევიდა. გარკვეული პერიოდი გორში სოცუზრუნველყოფის გამგებლად დაიწყო მუშაობა, სადაც გაიცნო მომავალი მეუღლე თამარ თვარელიძე.

   1919-20 წლებში, მიწისძვრისა და ეპიდემიების გამო, ლევან რაზიკაშვილი ოჯახით საცხოვრებლად ჩარგალში გადავიდა. მენშევიკების მთავრობის დროს, რაზიკაშვილებისთვის სახასიათო ფიზიკური მონაცემების, ნიჭისა და ავტორიტეტის გამო, იგი ფშავ-ხევსურეთის კომისრად (მილიციის უფროსი) აირჩიეს და იმ დღიდან იარაღით ხელში, ადგილობრივებთან ერთად, იცავდა სოფლებს მოთარეშე გადაღმა მთიელებისგან, რომლებიც იმხანად სოფლებს ძარცვავდნენ. ბოლშვიკებმა, მთაში შესვლისას მას, როგორც ვაჟა-ფშაველას შვილს და მხარის უპირობო ავტორიტეტს, აშკარად ანგარიში გაუწიეს, შორიდან მოუარეს და თავისი მოვალეობა შეუნარჩუნეს, მაგრამ პარალელურად მაღაროსკარში თავიანთი კომისარი დაუნიშნეს და ჩარგალში მსტოვრები მიუჩინეს, რათა როცა მომძლავრდებოდნენ მისი მოშორება ადვილად შესძლებოდათ.

   ეს არის პერიოდი, როცა ქაქუცა ჩოლოყაშვილი და მისი რაზმი გააფთრებით იბრძოდა საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ. 1922 წელს, ზაფხულის ბოლოს, ქაქუცა დუშეთის მისადგომებთან შეტაკებაში დამარცხდა, არაგვის ხეობისკენ დაიხია და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ფრონტის ხაზი, ბრძოლის მთავარი ლოკაცია, ფშავ-ხევსურეთში გადავიდა. ასე აღმოჩნდა ლევან რაზიკაშვილი მოვლენების ეპიცენტრში.

    საბჭოთა ხელისუფლება მათ წინააღმდეგ დაუნდობელი და სასტიკი ბრძოლა გამოაცხადა. დაიწყო სადამსჯელო ღონისძიებების გატარება. რასაკვირველია ლევანი თანაუგრძნობდა ხევსურეთში მოქმედ პარტიზანებს. მეამბოხეების წინააღმდეგ, სერგო ორჯონიკიძის ინიციატივით, ხევსურეთში მსხვილი სამხედრო შენაერთები გაიგზავნა, რომელთაც დავალებული ჰქონდათ უმოკლეს ვადაში ჩაეხშოთ აჯანყება და მთელი ხევსურეთი დაემორჩილებიათ. ლევან რაზიკაშვილი კი ამ დროს ფშავის მილიციის უფროსია, რომელმაც თავადვე გადაიყვანა ალყაშემორტყმული ამბოხებულები უსაფრთხო გზებით ჩარგლიდან და პანკისის ხეობაში გადააცილა, საიდანაც ჩოლოყაშვილი მიიმალა. ქაქუცამ ეს მოახერხა ლევანის დახმარებით, რომელმაც ეს გაბედა და შესძლო კიდეც. მან იცოდა შედეგი და საფრთხე მის მიერ გადადგმული ნაბიჯებისა, ეს იყო თავგანწირვა განწირულ ბრძოლაში და  ეს იყო მისი არჩევანი.

   ლევან რაზიკაშვილს საბჭოთა ბრძანების შეუსრულებლობასა და ღალატში დასდეს ბრალი. იგი ქაქუცას რაზმის აქტიურ წევრად იყო მიჩნეული, რომელიც საბჭოთა მუშაკებს შორის, ჩოლოყაშვილისგან მიღებული დავალებების გასატარებლად შეიპარა. 1922 წლის 30 სექტემბერს ლევანი ბანდიტიზმის ბრალდებით დააპატიმრეს. თიანეთის მაზრის აღმასკომის თავმჯდომარის მოხსენების საფუძველზე მას ბრალად ედებოდა სამსახურის თვითნებურად მიტოვება, ქაქუცას რაზმთან კავშირი, მილიციის ბრძოლის თვალსაზრისით სრული უმოქმედობა და თანგრძნობაც კი.

   ხელებშეკრული რაზიკაშვილი მილიციელებს სოფელ ლახატოში, ივანე მგელიაშვილის სახლზე ჩამოუტარებიათ ღამის გასათევად. მასპინძელი შეხვეწნია მათ, ვაჟას შვილს ხელებშეკრულს ნუ მაყურებინებთ, ეს ვაჟკაცი კაცია, არსად გაიქცევაო. მართლაც გაუხსნიათ ხელები და შეუსრულებია სიტყვა, არ გაიქცა, დასახვრეტად არ გაიმეტა მასზე პასუხისმგებელი ხალხი. დილით შაშხანა უთხოვია მასპინძლისთვის, მილიციელების თვალწინ გამოუტანია იარაღი მასპინძელს. ლევანს თითქმის დაუმიზნებლად უსვრია ხუთი ტყვია ეზოს ბოლოში მდგარი მსხლის ხისთვის, ხუთივე მოუხვედრებია,  ეს ჩემგან სახსოვრად, ერთხელ კიდევ ავახმიანე მთები, მე აქეთ ვეღარ ამოვივლიო... ლევანი მეტეხის ციხეში მოათავსეს. მისი ციხიდან გაპარების ჩანაფიქრიც ყოფილა, მაგრამ არ გამოვიდა.

    1922 წლის 3-5 დეკემბრის „ჩეკას“ კოლეგიის სხდომაზე ოპერწმუნებულის თანაშემწე ხოჯევანოვის დასკვნის საფუძველზე ლევანს სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა მიუსაჯეს... სრულიად საქართველო შეძრწუნებულა განვითარებული მოვლენებით. ქართველმა მწერლებმა - შალვა დადიანმა, პავლე ინგოროყვამ და ალექსანდრე აბაშელმა პირადად სთხოვეს სერგო ორჯონიკიძეს ვაჟას შვილი შეიწყალეო... სერგო ორჯონიკიძის პასუხი იყო: „ვაჟას შვილი კი არა, თვით ვაჟა რომ იყოს ცოცხალი, იმასაც დავხვრეტდიო!“.

   1923 წლის 16 თებერვალს, ღამის ორ საათზე, ლევან რაზიკაშვილი ვაკის პარკში დახვრიტეს.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების გორის განყოფილების წევრი (1915-)

Share: