The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ნინო ათანასეს ასული შარაშიძე

ნინო ათანასეს ასული შარაშიძე
Legal name:ნინო ათანასეს ასული ქიქოძე
Date of birth:1854
Date of death:24 April, 1945  (at 91 years)
Category:Educator, Public Figure

Biography

   ნინო ქიქოძე დაიბადა 1854 წელს გურიის მაზრის სოფელ ბახვში ათანასე ქიქოძის ცნიბილ ოჯახში. ნინო გახლდათ გაბრიელ იმერეთის ეპისკოპოსის ძმისწული და იზრდებოდა მისი მეთვალყურეობის ქვეშ. სწორედ მისგან ჩაენერგა ხალხის უანგარო სამსახურის გრძნობა.

   ნინო ქიქოძე, სათანადო განათლების მიღების შემდეგ მასწავლებლად გამწესდა ახალციხეში, ხოლო ორი წლის შემდეგ მშობლიურ სოფელში დაბრუნდა და თავისი ბიძის, იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელის მიერ დაარსებულ სკოლაში მეუღლესთან, გიგო შარაშიძესთან ერთად განაგრძო მასწავლებლობა.

    1871 წელს ძიმითის სკოლა შეამოწმა ქუთაისის სახალხო სკოლების დირექტორმა ვიქტორ ტროიემ, რომელმაც შარაშიძის საქმიანობა მოიწონა და როცა იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელ ქიქოძემ მშობლიურ სოფელ ბახვში სკოლის დაარსება გადაწყვიტა და მასწავლების ძებნას შეუდგა, ტროიემ მას გიგო შარაშიძის კანდიდატურა შესთავაზა.

    1874 წელს ბახვში დაწყებითი სკოლა გაიხსნა და გიგო შარაშიძე ბახვის სკოლის მასწავლებლად დაინიშნა. ძიმითისა და ბახვის სკოლები მოწინავენი იყვნენ იმ პერიოდის ქუთაისის გუბერნიის სკოლებს შორის. მათი დაწინაურების ერთ-ერთი მიზეზი შარაშიძის პედაგოგიური საქმიანობა იყო. სკოლასთან გააშენა დეკორატიული ბაღი, ხეხილის ბაღი, ბოსტანი, ვენახი, ჩაი და აბრეშუმისა და ფუტკრის მეურნეობები და მოსწავლეებსა და სოფლის გლეხობას მებოსტნეობას, მებაღეობას, მეფუტკრეობას, მეაბრეშუმეობასა და მევენახეობას ასწავლიდა. სკოლის წარმატებაში არანაკლები იყო მისი მეუღლის ნინო ქიქოძის როლი.

   ნინო ქიქოძე სახალხო განათლების ასპარეზზე და სასოფლო-საზოგადო ყოველგვარ საქმიანობაში ერთგული თანამშრომელი გახლდათ თავისი მეუღლის,  გიგო შარაშიძისა. მთელი ცხოვრების მანძილზე გაბედულად იცავდა საღ ეროვნულ პედაგოგიურ პრინციპებს, იგი ცნობილი იყო ბავშვებისადმი თავისი თავდადებული სიყვარულით, სრულიად თავისუფალი, ორიგინალური მიდგომით და საყოველთაო პატივისცემით სარგებლობდა. თითოეულ ბავშვს მშობლიური სიყვარულით ეპყრობოდა, არ სჯიდა და  არ ამცირებდა მის პიროვნებას. მის კლასებში გაბატონებული იყო თავისუფალი აღზრდა, უმთავრესად ლექსების სწავლა, საბავშვო მოთხრობების კითხვა (უფრო „ჯეჯილისა“ და „ნაკადულის“), ხელსაქმე, წერას აწყებინებდა უხაზო რვეულში, რადგან ყოველგვარი ხაზი და უჯრედი ბავშვის თავისუფალ შემოქმედებას ბორკავს და გაშლის საშუალებას უსპობსო.

    1905 წელს შარაშიძეების ოჯახი იძულებული გახადეს ჯერ ახალციხეში, შემდეგ კი ჭიათურაში გადასულიყვნენ, სადაც ისინი ასევე პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდნენ და 1906 წელს ქალთა სკოლა დააარსეს. საბოლოოდ ისინი კვლავ ბახვში დაბრუნდნენ და საცხოვრებლად დამკვიდრდნენ.

   1911 წელს გიგო და ნინო შარაშიძეებმა თავი დაანებეს პედაგოგიურ საქმიანობას.

   1925 წელს გიგო და ნინო შარაშიძეებს ოზურგეთში  პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის დიდი იუბილე გადაუხადეს.

    განსაკუთრებით აღსანიშნავია ნინო შარაშიძის მოღვაწეობა ხალხში მეაბრეშუმეობის ცოდნის ფართოდ გავრცელებისათვის, ბახვის სკოლასთან მოაწყო სამაგალითო „საყაჭე“ - აბრეშუმის ჭიის სახლი.

   ნინო ქიქოძე ცნობილია, როგორც მეოჯახე, სამაგალითო დედა, შვილთა საუკეთესოდ აღმზრდელი. ნინო ქიქოძესა და გიგო შარაშიძეს ჰყავდათ შვილები:  შალვა, რომელიც გახლდათ მწერალი და იუმორისტული ჟურნალის „მათრახის“ დამაარსებელი და რედაქტორი, მეცნიერი და ისტორიკოსი თამარ შარაშიძე, რომელიც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრის, ნიკოლოზ ქარცივაძის მეუღლე გახლდათ, ისტორიკოსი ქრისტინე (ჩიტო) შარაშიძე, რომელიც საქართველოს ეროვნული საბჭოსა და საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი იყო და დავითი, ასევე ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი.

    ნინო აქტიურად თანამშრომლობსა ქართულ პერიოდულ გამოცემებთან. ბეჭდავდა კორესპონდენციებს, პოპულარულ სამეცნიერო წერილებსა და თარგმანებს „ჯეჯილში“, „ნაკადულში“, „ივერიაში“, „დროებაში“, „ახალ სოფელში“ და სხვა ჟურნალ-გაზეთებში.

   ნინო ქიქოძემ სიცოცხლის ბოლო წლები თბილისში გაატარა. გარდაიცვალა 1945 წლის 24 აპრილს და დაკრძალულია თბილისში, ვერის სასაფლაოზე.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1917-)

Bibliography


Share: