The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



არტემ გიორგის ძე გაბუნია

არტემ გიორგის ძე გაბუნია
Date of birth:14 January, 1896
Date of death:13 November, 1940  (at 44 years)
Burial location:თბილისი, ვაკის სასაფლაო
Category:Public Figure, Entertainer

Biography

   არტემ გაბუნია დაიბადა 1896 წელს  აბაშის რაიონის სოფელ გულუხეთში. დაამთავრა ხონის საქალაქო სკოლა, ქუთაისის გიმნაზია და თბილისის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

   1935 წელს არტემ გაბუნიამ მონაწილეობა მიიღო ბორჯომის მუზეუმის მოწყობაში, რომელიც ერთ-ერთ საუკეთესო მუზეუმადაა აღიარებული. იგი ხელოვნების დიდი ქომაგი და მოამაგე გახლდათ. წლების განმავლობაში მარტოდმარტო ეცნობოდა და თავს უყრიდა ხალხური ხელოვნების საუკეთესო ნიმუშებს და საკუთარი ძალებით ლახავდა ამ ახალ საქმესთან დაკავშირებულ დაბრკოლებებს. საქართველოში მოძებნა და მუშაობა განაახლებინა ხალხური ხელოვნების თორმეტი დარგის: ქარგვის, მხატვრული ქსოვის, ხისკვეთილობის, მოჭედილობის, ჭედური, გრეხილური, სევადური, აქაქური ხელოვნების, მხატვრული დაჩითულობის და სხვა შესანიშნავ ოსტატებს. მან მოაწყო ექსპერიმენტული სახელოსნო, რომელიც საქართველოში ამ საქმის ერთადერთი კერა იყო და გაცხოველებულ შემოქმედებით მუშაობას აწარმოებდა ხალხური ხელოვნების ყველა დარგის აღსადგენად და ახალგაზრდა ოსტატების აღსაზრდელად.

   საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, არტემ გაბუნიას მიერ მოძებნილმა ხალხური შემოქმედების ოსტატებმა  და მათგან აღზრდილებმა, მოკლე ხანში ხელოვნების ისეთი ნიმუშები შექმნეს, რომ ჯილდო დაიმსახურეს და მათი ნამუშევრებით მუზეუმები დაინტერესდნენ. ამ საქმის აყვავებისა და წარმატების მიზნით, ხშირად აქვეყნებდა წერილებს. არტემ გაბუნია გამოფენებს მართავდა მოსკოვში, პეტერბურგსა და სხვა ქალაქებში.

   1937 წელს შეადგინა და გამოსცა  „საქართველოს ხალხური შემოქმედების გამოფენის კატალოგი“  ათ განყოფილებად: მხატვრული ხელსაქმე, კერამიკული ნაწარმი, მხატვრული დაჩითულობა, ლითონის მხატვრულად დამუშავება, ძვლის კვეთილობა, ქვის კვეთილობა, ხალიჩის, ფარდაგისა და ჯეჯიმის ქსოვილება, კალათების მხატვრულად წვნა და სახვითი ხელოვნება. მან მოამზადა, მაგრამ გამოსაცემად გამზადებული დარჩა: „ოქრომჭედლები:  ხანდამაშვილი და ფ. ძაძამიძე“, „ქარგულობის ოსტატები: ა. ჯანდიერი და ლ. რამიშვილი“, „ხეზე ამოკვეთის ოსტატი გ. ავალიშვილი“, “კერამიკოსი კბილაშვილი“, „ლენინისა და სტალინის სახენი საქართველოს ხალხურ სახვით ხელოვნებაში” და სხვ.

    არტემ გაბუნია გარდაიცვალა 1940 წელს და დაკრძალულია თბილისში, ვაკის პანთეონში. მის დაწყებულ საქმეს მისი მეუღლე, ბარბარე ბებუთაშვილი-გაბუნია ჩაუდგა სათავეში.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრი (1917-)

Bibliography


Share: