The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძე

გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძე
Other name:აქაური  (Pseudonym)
მონაპირე  (Pseudonym)
ჭიათურელი   (Pseudonym)
Date of birth:27 November, 1877  (147 years)
Category:Critic, Writer, Educator, Publicist

Biography

   გიორგი ჭუმბურიძე დაიბადა 1877 წელს ქუთაისის გუბერნიის სოფელ სიმონეთში ღარიბი აზნაურის ოჯახში. დედა კლდიაშვილის ქალი გახლდათ. მამით ადრე დაობლებული გიორგი დედამ აღზარდა.

   გიორგიმ კახეთში საცხენისის სკოლა დაამთავრა და სწავლა  ქუთაისის საქალაქო სასწავლებელში გააგრძელა.

   1897-1902 წლებში თბილისის საოსტატო ინსტიტუტში სწავლობდა და სწავლის გასაგრძელებლად პეტერბურგში გაემგზავრა, სადაც ფსიქონევროლოგიურ ინსტიტუტში  ჩააბარა.

   1910-1916 წლებში დაპატიმრებული იქნა ჭიათურაში და კავკასიის სასწავლო ოლქში მუშაობა აეკრძალა.

    თბილისის ინსტიტუტში სწავლის დროს ბეჯითად მეცადინეობდა თვითგანვითარების წრეებში და მუშათა ჯგუფებსა და საკვირაო სკოლაში წერა-კითხვის სწავლებასთან ერთად, მუშებს ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხებზე მოხსენება-საუბრებს უმართავდა.

   1902 წლიდან გიორგი ჭუმბურიძე ლანჩხუთის უმაღლეს დაწყებით სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა, სადაც პროპაგანდას ეწეოდა უფროსი კლასის მოწაფეთა და მცხოვრებთა შორის და თვითმპყრობელობის წინააღმდეგ აღვივებდა ხალხის უკმაყოფილებას, რის გამოც დააპატიმრეს  და დასჯის მიზნით ყუბანის ოლქში, ქალაქ ტემრიუკში შტატგარეშე მასწავლებლად გადაიყვანეს.

   1904 წელს ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა საბჭომ ჭუმბურიძე მასწავლებლად მიიწვია თავის ახლად გახსნილ სასწავლებელში, სადაც სოციალისტ-რევოლუციონერთა ჯგუფი მოღვაწეობდა. ჭუმბურიძეც ამ ჯგუფის აქტიური წევრი გახდა და აქტიური მონაწილეობა მიიღო 1905 წლის რევოლუციაში.

   1906 წლიდან, როცა ქვეყანაში რეაქცია მძვინვარებდა, იგი სხვებთან ერთად ფარულ რევოლუციურ და ლეგალურ კულტ-მასიურ მუშაობას ეწეოდა. სწორედ ამ დროს მისი ხელმძღვანელობით  ჭიათურის დრამატული საზოგადოება დაარსდა, რომლის თავმჯდომარეც თავად იყო.  მუდმივი დასი სისტემატურად მართავდა წარმოდგენებს.

   გიორგი ჭუმბურიძის მონაწილეობით მუშებისათვის სახალხო უნივერსიტეტი გაიხსნა, სადაც იგი სამი წლის განმავლობაში უსასყიდლოდ კითხულობდა ლექციებს „კაცობრიობის მატერიალური და სულიერი კულტურის შესახებ“.

   1909 წლიდან გიორგი ჭუმბურიძე გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ჭიათურის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე.

    გიორგი ჭუმბურიძე თავისი მსოფლმხედველობით ხალხოსნების იდეებს იზიარებდა, შემდეგ სოციალისტ-რევოლიციონერებს შეუერთდა და ბოლოს, ეროვნულ საკითხებთან დაკავშირებით შეუთანხმებლობის გამო, საბოლოოდ  სოციალ-ფედერალისტთა პარტიას მიემხრო

    1909 წელს სამი თვით დააპატიმრეს და ზესტაფონის საპყრობილეში ჩასვეს, ხოლო ციხიდან გამოსვლის შემდეგ კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველმა სამსახურიდან დაითხოვა და თავის უწყებაში სამსახური აუკრძალა.

    სამწერლო მოღვაწეობას გიორგი ჭუმბურიძე 1900-იანი წლებიდან შეუდგა. თანამშრომლობდა ქართულ პერიოდულ გამოცემებთან და სოფლის ცხოვრებასა და ხალხის სიდუხჭირეზე კორესპოდენციებსა და რეცენზიებს აქვეყნებდა.

    1909 წლიდან საზოგადოებრივ-სახელმწიფოებრივი ხასიათის წერილების გამოქვეყნება დაიწყო და იგი უმთავრესად ყურადღებას აქცევდა ისეთ საკითხებს, რომლების გადაჭრაც მეტად საჭიროდ მიაჩნდა.

    1915 წლიდან უმეტესად სასკოლო აღმშენებლობის საქმეს მიაქცია ყურადღება.

    1917 წელს ქუთაისის გუბერნიის მასწავლებელთა ყრილობამ ჭუმბურიძე ქუთაისის რაიონის სახალხო სკოლების ინსპექტორად აირჩია, 1918 წელს თბილისში გადაიყვანეს რესპუბლიკის დაწყებითი სკოლების მთავარ გამგედ, რომლის დროსაც სერიოზულად მოკიდა ხელი სკოლების რეორგანიზაციას,  შენობათა საკითხის მოწესრიგებას, მასწავლებელთა მომზადებას, სასწავლო გეგმების შედგენა-განხორციელებას და სახელმძღვანელოების შექმნა-დამზადებას. დიდი მუშაობა ჩაატარა პრაქტიკულ-მეთოდური ხელმძღვანელობის კუთხით.

    საბჭოთა წყობილების დამყარების შემდეგ ჭუმბურიძე შრომის სკოლების განყოფილების გამგედ დაინიშნა და სოციალური აღზრდა-განათლების,  წერა-კითხვის სწავლების მეთოდებისა და ქართული ენისა და მართლწერის მდგომარეობის შესახებ საკითხები დაამუშავა. ამ საკითხებს მან რამდენიმე მეთოდური წერილიც მიუძღვნა.

    გიორგი ჭუმბურიძის გარდაცვალების თარიღი უცნობია.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1918-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ჭიათურის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე (1909-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ჭიათურის განყოფილების ნამდვილი წევრი (1909-)

Share: