The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



სიმონ ბიჭიას ძე ჯაფარიძე

სიმონ ბიჭიას ძე ჯაფარიძე
Date of birth:25 May, 1896
Date of death:27 July, 1929  (at 33 years)
Burial location:თბილისი, ვერის სასაფლაო
Category:Geologist, Public Figure, Athlete

Biography

    სიმონ ჯაფარიძე დაიბადა 1896 წელს ჭიათურის რაიონის სოფელ ხრეითში ღარიბი გლეხის ოჯახში.

   1922-1929 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკურ ფაკულტეტზე, შემდეგ კი საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტზე.

   1924 წელს, სიმონ ჯაფარიძე რაჭა-ლეჩხუმ-ოსეთის, ხოლო 1925 წელს გიორგი ნიკოლაძის მიერ იალბუზზე მოწყობილ ექსპედიციაში მონაწილეობდა, რომელიც იყო პირველი საბჭოთა ასვლა. 1926-1928 წლებში იგი კავკასიონზე ყველა მნიშვნელოვანი ასვლის სულისჩამდგმელი და ორგანიზატორი იყო. ამ პერიოდში გამოჩნდა მისი, როგორც უებრო მთამსვლელისა და ორგანიზატორის ტალანტი, მისი უშუალო ხელმძღვანელობით საფუძველი ჩაეყარა კავკასიონის მაღალმთიანეთის მეცნიერულ შესწავლას.  მსახურობდა საქართველოს სამთო ქიმ-ტრესტში. მონაწილეობდა  საქართველოს გეოგრაფიულ საზოგადოებასთან არსებული მთასველ-მგზავროსნული განყოფილების დაარსებაში, იყო მისი ერთ-ერთი სულისჩამდგმელი, გამგეობის წევრი და ყველა ექსპედიციის აქტიური მონაწილე. ექსპედიციების დროს ასრულებდა საქართველოს გეოფიზიკური ობსერვატორიის სამეცნიერო დავალებებს.

   1927 წელს სიმონ ჯაფარიძე თავის დასთან, ალექსანდრასთან, მოხევე გამყოლებთან გახა წიკლაურთან და იაგორ კაზალიკაშვილთან ერთად, სრულიად ახალი გზით - გერგეტის მყინვარის გავლით ავიდა მყინვარწვერზე და იქ დადგა ჯიხური, რომელშიც, ამინდზე დაკვირვებისთვის, თვითმწერი მეტეოროლოგიური ხელსაწყოები იქნა განთავსებული. ერთი კვირის შემდეგ იგი კვლავ ავიდა მყინვარწვერზე ავტომატური ჩანაწერის მოსახსნელად. იმდროისათვის ეს იყო ასეთ სიმაღლეზე მსოფლიოში პირველი ავტომატური ჩანაწერი და ამ  ფაქტს დიდი საერთაშორისო გამოხმაურება ჰქონდა. კვლევის შედეგები ინგლისის გეოგრაფიული საზოგადოების ჟურნალში დაიბეჭდა და მწვერვალიდან მოხსნილი დიაგრამა პარიზში, მსოფლიო მიღწევათა გამოფენაზე გაიგზავნა. 

   1928 წელს  სიმონ ჯაფარიძის ხელმძღვანელობით მყინვარწვერზე მოეწყო პირველი რადიო და კინოექსპედიცია, რომლის შემადგენლობაში 41 ადამიანი (მათ შორის 7 ქალი) მონაწილეობდა. პირველად მთამსვლელობის ისტორიაში, მწვერვალზე ორი კინოაპარატი ამუშავდა და რეჟისორ ნიკოლოზ ლებედევის ხელმძღვანელობით გადაიღეს ფილმი „კავკასიის კარიბჭე“. იმავე 1928 წელს კახეთში, ლოპოტის ხეობაში სიმონმა მიაკვლია და აღმოაჩინა მანამდე სრულიად უცნობი თეთრი მარმარილოს საბადო, რომელიც თითქმის 60 წლის განმავლობაში მსოფლიოს 57 ქვეყანაში გაჰქონდათ და დიდი მოწონებით სარგებლობდა. 

   1929 წელს სიმონ ჯაფარიძე მონაწილეობდა გიორგი ნიკოლაძის ექსპედიციაში, რომლის მიზანი თეთნულდზე ასვლა იყო, მაგრამ სამწუხაროდ, ასვლის მცდელობა ტრაგიკულად დამთავრდა. განსაცდელში ჩავარდნილი თანამგზავრის, პიმენ დვალის გადასარჩენად მან ყველაფერი იღონა, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ შეძლო და თავადაც თან გადაჰყვა. ქართველ მთამსვლელთაგან კავკასიონზე ეს იყო პირველი მსხვერპლი.

    1944 წელს კავკასიონზე ავიდა ქართველ ალპინისტთა ჯგუფი ალექსანდრე ჯაფარიძის ხელმძღვანელობით და სიმონ ჯაფარიძის ხსოვნის უკვდავსაყოფად მწვერვალს მისი სახელი მიენიჭა. ასევე მისი სახელი მიენიჭა  ყაზბეგის მაღალმთიან მეტეოროლოგიურ სადგურს. 1983 წელს სოფელ ხრეითში, მამაპაპეულ სახლში გაიხსნა მთამსვლელ ჯაფარიძეთა მემორიალური სახლ-მუზეუმი.

   1929 წელს, სვანი მონადირეების ძალისხმევით, მსოფლიო მასშტაბის სახელოვანი ალპინისტისა და თავისი საყვარელი საქმის უდიდესი ენთუზიასტის, სიმონ ჯაფარიძის ცხედარი უფსკრულიდან ამოიყვანეს, თბილისში გადმოასვენეს და 15 სექტემბერს, ვერის ახალ სასაფლაოზე დაკრძალეს. დაკრძალულია თავისი და-ძმის გვერდით.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი (1921-)

Bibliography


Share: