The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ილია გიორგის ძე ბადრიძე

ილია გიორგის ძე ბადრიძე
Other name:ილიკო  (Acronym)
Date of birth:1878
Date of death:19 August, 1937  (at 59 years)
Burial location:უცნობია (დახვრეტილი)
Category:Founding member, Politician, Repressed

Biography

     ილია ბადრიძე დაიბადა 1878 წელს თელავში გლეხის ოჯახში. პირველდაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო14 წლის ასაკში ჩამოვიდა თბილისში და დაიწყო მუშაობა. 1896 წლიდან სოციალ-დემოკრატიული წრეების მუშაობაში ჩაერთო.

    1901 წელს ზაქრო ჩოდრიშვილმა პროკლამაციები გადასცა და „იარმუშკაში“ („სალდათის ბაზარი“, ამჟამინდელი ორბელიანის მოედანი) მოწყობილ პირველ ღია საპირველმაისო დემონსტრაციაზე გავრცელება  დაავალა, მაგრამ მისვლა დააგვიანეს და რადგანაც დემონსტრაცია პოლიციამ და ჯარმა დაარბია, მასობრივი ჩხრეკა-დაპატიმრების გამო დავალების შესრულება ვერ შეძლეს. 1903 წელს ილიკო ბადრიძეს გადასცეს ორი დროშა, რომელიც გოლოვინის პროსპექტზე დაგეგმილ საპირველმასიო დემონსტრაციაზე უნდა გამოეტანათ. დავალება შეასრულეს, თუმცა ოპერასთან კვლავ პოლიციასთან შეტაკება მოუხდათ და დემონსტრაცია დაშალეს.

     ილია ბადრიძე 1902 წელს რსდმპ ტფილისის კომიტეტის წევრად აირჩიეს და მონაწილეობდა არალეგალური სტამბების ორგანიზებაში, მისი სახლი იყო არალეგალური ლიტერატურის მთავარი გამანაწილებელი პუნქტი. აქტიურად მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციურ მოძრაობაში, იყო ტერორისტული რაზმის მეთაური და სამხედრო შტაბის წევრი. "ოხრანკის" სათვალთვალო ჟურნალებში გატარებული იყო „Сборщик“-ის მეტსახელით.

    1905 წელს ავჭალაში ბომბების დამამზადებელი სახელოსნოს მოწყობის შემდეგ კომიტეტმა ბომბების საწყობისათვის ბინის მოძებნა დაავალა. მართლაც, არაქელ ოქუაშვილის დახმარებით ერთ-ერთი ბინის სარდაფში ბომბების შესანახი საწყობი მოაწყვეს.

    1905 წლის 11 სექტემბერს (ძვ. სტ.) ილიკო ბადრიძემ ბომბები, პატრუქები, არალეგალური ლიტერატურა და შრიფტი მეგობარს გაატანა, რომელიც სკრასთან, რკინიგზაზე დააპატიმრეს და რომელმაც ბადრიძეზე მიუთითა. მეორე დღესვე პოლიციამ გაჩხრიკა ბინა, სადაც ბომბები ეგულებოდათ, მაგრამ ბადრიძე ვერ დააპატიმრეს. ჟანდარმებმა ჩხრეკისას ყურადღებას არ მიაქციეს სამზარეულოს, სადაც ბომბები და არალეგალური სტამბა იყო, ხოლო მეორე დღეს საიმედო ადგილზე გადამალეს. ამ პერიოდიდან იწყება ილიკო ბადრიძის არალეგალურად ცხოვრება. თავდაპირველად 1905-1906 წლებში იმყოფებოდა თელავში, შემდეგ კი ყალბი საბუთებით გადასახლდა ბაქოში, სადაც „ბალახანაში“ მუშათა კოოპერატივის გამგედ მუშაობდა.

    1911 წლის 7 სექტემბერს (ძვ. სტ.)ბაქოში ალექსანდრე ბილანოვის პასპორტით დააპატიმრეს და ოთხი თვე იჯდა ბაქოს ციხეში, მაგრამ შემდეგ იძულებული გახდა ნამდვილი ვინაობა გაემჟღავნებინა და თბილისში განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებლის რემაშევიჩის განკარგულებაში გადააგზავნეს. იჯდა მეტეხის ციხეში. 1913 წელს ტფილისის სასამართლო პალატამ ციმბირში სამუდამო გადასახლება მიუსაჯა. გადასახლებაში ცხოვრობდა ენისეის გუბერნიის,  სოფელ ნიკოლაევკაში.

    1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა და გახლდათ ტფილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს წევრი. იმავე წელს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად აირჩიეს.

    1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტს. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. პარალელურად მუშაობდა პროფკავშირებში.

    1919 წლის 12 მარტიდან აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. იყო შრომის და საპროპაგანდო კომისიების წევრი.

   1921 წლიდან ილია ბადრიძე გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი.

    1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ საქართველოში დარჩა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო თანდათან ჩამოშორდა აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას, დაბრუნდა მშობლიურ კახეთში თავის კარ-მიდამოში და ხელი მიჰყო მეურნეობას.

     1921 წლის ნოემბერში, საქართველოს სსრ საგანგებო კომისიამ (ჩეკა) მოწინააღმდეგე პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრების ოპერაციის ფარგლებში  ილიკო ბადრიძეზე ძებნა გამოაცხადა. 1921 წლის 4 დეკემბერს, საქართველოს სსრ საგზაო-სატრანსპორტო ჩეკას ორდერით სადგურ გორში დააპატიმრეს და თბილისში საქჩეკას კომენდატურაში გადაიყვანეს. დაკითხვისას განმარტა, რომ წინანდალში, ცოლის მამულში სასოფლო სამუშაოების დასრულების შემდეგ გადაწყვიტა თბილისში თავისი ხელობით - ხარაზად ემუშავა, მოწყობილობის შესაძენად ბათუმში მიდიოდა და მატარებელში მგზავრების სიმრავლის გამო საბარგო ვაგონში ჩაჯდა.

    ილია ბადრიძეს ჩეკამ ბრალად „მენშევიკების“ ლიდერობა და კონტრრევოლუციური ორგანიზაციის წევრობა წაუყენა.

1921 წლის 30 დეკემბერს, მძიმე ავადმყოფობის გამო, მიხეილის საავადმყოფოში დაცვის ქვეშ გადაიყვანეს. საქჩეკას პრეზიდუმის სხდომაზე ილია ბადრიძეს 3 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.

    1922 წლის 27 აპრილს ილია ბადრიძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს დამფუძნებელი კრების დეპუტატ ვასო ცაბაძის თავდებობითა და საქჩეკას თავმჯდომარის, კოტე ცინცაძის განკარგულებით. მეორედ 1924 წლის ანტისაბჭოთა აჯანყების დროს დააპატიმრეს და სავარაუდოდ, საქართველოს სსრ ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმის ამნისტიით გათავისუფლდაშემდგომ წლებში ცხოვრობდა და მუშაობდა თბილისში, იყო „პოლიტკატორღელთა“ საზოგადოების წევრი და ამავე საზოგადოების მელნის საამქროს გამგედ მუშაობდა.

    1937-1938 წლების დიდი საბჭოთა ტერორის დროს, საქართველოს სსრ შინსახკომმა ძალისმიერი მეთოდებით, ზეწოლის გზით მოახერხა მიეღო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ყოფილი ლიდერებისაგან, მათ შორის დამფუძნებელი კრების დეპუტატებისაგან, აღიარებითი ჩვენებები, რომელთა თანახმადაც საქართველოში არსებობდა კონტრრევოლუციური „მენშევიკური ცენტრი“, რომლის მიზანიც შეიარაღებული გადატრიალება და უცხოეთიდან სამხედრო ინტერვენციით საბჭოთა სახელმწიფოს დამხობა იყო. საქართველოს სსრ შინსახკომმა ილია ბადრიძე ამ ორგანიზაციაში მუშაობისა და ანტისაბჭოთა პროპაგანდის ბრალდებით კიდევ ერთხელ დააპატიმრა.

   1937 წლის 19 აგვისტოს საქართველოს სსრ შინსახკომთან არსებულმა განსაკუთრებულმა სამეულმა (ე. წ. „ტროიკა“) ილიკო ბადრიძეს დახვრეტა მიუსაჯა. განაჩენი იმავე ღამეს იქნა სისრულეში მოყვანილი.

Member of Organizations

  • რსდმპ ტფილისის კომიტეტი, წევრი (1902-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტი, წევრი (1918-)
  • საქართველოს ეროვნული საბჭო, წევრი (1917-)
  • საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, წევრი (1896-)
  • სოციალ-დემოკრატიული პარტიის კომიტეტის წევრი (1901-)
  • ტფილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭო, წევრი (1917-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი (1921-)

Contacts Information

  • Home
    Address:თბილისი, პეტრე დიდის ქუჩა №18

Share: