The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



პავლე აბრამის ძე ბერიშვილი

პავლე აბრამის ძე ბერიშვილი
Date of birth:1891
Date of death:17 September, 1937  (at 46 years)
Burial location:უცნობია (დახვრეტილი)
Category:Founding member, Politician, Repressed

Biography

    პავლე ბერიშვილი დაიბადა 1891 წელს რაჭის მაზრის სოფელ მოედანში (ამჟამად ქალაქ ონის მოედნის უბანი) გლეხის ოჯახში. პირველდაწყებითი განათლება ონის სამოქალაქო სასწავლებელი (ე.წ. „მიხეილის სასწავლებელი“) მიიღო. 13 წლისა ბიძამ - სპირიდონ მაისურაძემ საცხოვრებლად ქალაქ ბაქოში წაიყვანა, სადაც ტექნიკურ სასწავლებელში ლითონის დამუშავებასა და ხარატობას სწავლობდა. სწორედ ამ პერიოდიდან ჩაება სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციების მუშაობაში და 1905 წლიდან იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის „მენშევიკების ფრაქციის“ წევრი გახდა. პავლე ბერიშვილი დაპატიმრებული იყო ბაქოში, თუმცა არასრულწლოვნობის გამო მალევე გაათავისუფლეს. ბაქოში მუშაობისას დაახლოებული იყო ადგილობრივ „ბოლშევიკურ“ ორგანიზაციასთან და ცნობილი იყო, როგორც იოსებ ჯუღაშვილის (სტალინის) სანდო თანაშემწე. პავლე ბერიშვილი ბაქოდან პეტერბურგში გაემგზავრა, სადაც ერთ-ერთ ქარხანაში მუშაობდა.

    1914 წელს, პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ, მოხალისედ წავიდა ფრონტზე, სადაც აგრძელებდა პარტიულ მუშაობას ჯარისკაცთა შორის.

    1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ ამიერკავკასიის და შემდგომ საქართველოს პროფკავშირების საბჭოში მუშაობდაიყო ჭიათურის მაღაროს მუშათა სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

    1919 წლის 12 მარტიდან არჩეული იქნა საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. მუშაობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შრომის სამინისტროში.

    1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირებისას მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში წითელი არმიის წინააღმდეგ. ქვეყნის ოკუპირების შემდეგ საქართველოში დარჩა და წინააღმდეგობის მოძრაობაში  იყო ჩაბმული.

    1922 წელს პავლე ბერიშვილი საქართველოს სსრ საგანგებო კომისიამ (ჩეკა) ქალაქ ქუთაისში  დააპატიმრა. ჩეკას პრეზიდიუმის დადგენილებით, იგი 1923 წლის 31 იანვარს 67 პოლიტპატიმართან ერთად გადაასახლეს, რომლებიც  რსფსრ-ს სხვადასხვა საკონცენტრაციო ბანაკებში იყვნენ გადანაწილებული. თავად ბერიშვილი სასჯელს ტურუხანსკში იხდიდა.

     1926 წელს, ვადის ამოწურვის შემდეგ, კვლავ 3 წლით გადაასახლეს შუა აზიაში, სადაც მეუღლემ მცირეწლოვან შვილთან ერთად ჩააკითხა. გადასახლების ადგილას მუშაობდა ბამბის საპენტ ქარხანაში და კეთილსინდისიერი შრომისთვის ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. საქართველოში დაბრუნების შემდეგ კვლავ ჩაერთო წინააღმდეგობის მოძრაობაში და როგორც საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის არალეგალური ცენტრალური კომიტეტის წევრი, სამუშაოდ ჭიათურაში გაიგზავნა. იქ მუშაობდა ქალაქის კომუნალურ განყოფილებაში და თან ხელმძღვანელობდა არალეგალურ ორგანიზაციებს.

    1929 წლის მაისში საქართველოს სსრ სახელმწიფო პოლიტიკურმა სამმართველომ პავლე ბერიშვილი  მცხეთაში  სამუშაო მივლინებისას დააპატიმრა და ამავე წელს სამი წლის ვადით სუზდალის პოლიტიზოლატორში გააგზავნესციხიდან განთავისუფლების შემდეგ ქალაქ ენისეისკში ცხოვრობდა, სადაც 1933 წლის 22 თებერვალს კვლავ დააპატიმრეს და ამავე წლის 29 ოქტომბერს სსრკ გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკურ სამმართველოს კოლეგიასთან არსებული განსაკუთრებული სათათბიროს დადგენილებით წინასწარი პატიმრობის ვადა საკმარისად ჩათვალეს და გაათავისუფლეს. 1935 წელს პავლე ბერიშვილი საქართველოში დაბრუნდა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მუშაობდა ონში, ჯეჯორის ჰესის მშენებლობაზე, ხოლო შემდეგ - გონაში, მოლიბდენმშენში, საამქროს ოსტატად.

   1937-1938 წლების დიდი საბჭოთა ტერორის დროს 1937 წლის 1 მაისს პავლე ბერიშვილი ანტისაბჭოთა აგიტაციის ბრალდებით დააპატიმრეს. ძიების მასალების თანახმად, იგი მოლიბდენმშენში „სტახანოვური მოძრაობის“ დანერგვას ეწინააღმდეგებოდა, უკმაყოფილებას გამოთქვამდა სამუშაო პირობებისა და დისციპლინის მოშლის გამო, სამუშაოზე ყოფილი „მენშევიკები“ შემოიკრიბა და კვლავაც ძველ შეხედულებებს ინარჩუნებდ. ძიებას განუცხადა, რომ „მენშევიკი იყო და მუდამ იქნებოდა“.

     1937 წლის 17 სექტემბერს საქართველოს სსრ შინსახკომთან არსებულმა განსაკუთრებულმა სამეულმა (ე.წ. „ტროიკა“) პავლე ბერიშვილს  დახვრეტა მიუსაჯა და განაჩენი იმავე ღამეს იქნა სისრულეში მოყვანილი.

     1989 წლის 17 ნოემბერს რეაბილიტირებული იქნა კრასნოიარსკის სამხარეო პროკურატურის მიერ.

Member of Organizations

  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)
  • საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, წევრი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1921-)
  • ჭიათურის მაღაროს მუშათა სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაცია, ხელმძღვანელი (1917-)

Share: