The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ალექსანდრე (სანდრო) გრიგოლის ძე კავსაძე

ალექსანდრე (სანდრო) გრიგოლის ძე კავსაძე
Date of birth:1874
Date of death:12 June, 1939  (at 65 years)
Burial location:თბილისი, ვაკის სასაფლაო
Category:Singer, Educator

Biography

    სანდრო კავსაძე დაიბადა 1874 წელს გორის მაზრის სოფელ ხოვლეში.  კავსაძეები ციციშვილთა ნაყმევის, სოლომონ ჩარექაშვილის შთამომავლები ყოფილან.

    სანდრომ სოფლის ორკლასიანი სკოლა დაამთავრა და გორის სასულიერო სასწავლებელში ჩააბარა, რომელიც  წარჩინებით დაამთავრა. სიმღერა ბავშვობიდან მამამ უსწავლებია, ხოლო შემდეგ  გორის სასულიერო სასწავლებელში  სიმონ გოგლიჩიძესთან დაოსტატდა. ლოტბარმა სანდრო სასწავლებლის გუნდში თავის მოადგილედაც დანიშნა. ამავე გუნდში მღეროდა სოსო ჯუღაშვილიც.

    გორის სასულიერო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სანდრომ თბილისს მიაშურა და სასულიერო სემინარიაში განაგრძო სწავლა, საიდანაც მოწაფეთა ამბოხებაში მონაწილეობისათვის გარიცხეს. მან სემინარიაშიც ჩამოაყალიბა საბავშვო გუნდი, რომელსაც თვითვე ხელმძღვანელობდა.  ჯერ კიდევ  თბილისის სასულიერო სემინარიის სტუდენტი, იოსებ რატილისა და ლადო აღნიაშვილის მიერ ჩამოყალიბებული გუნდის სოლისტად მიიწვიეს.

    1893 წელს, 19 წლის სანდრომ, უკვე თბილისში ჩამოაყალიბა გუნდი, სადაც ვანო სარაჯიშვილი და მიხეილ კავსაძე მღეროდნენ. პარალელურად, ილია წინამძღვრიშვილს, ცნობილ პედაგოგსა და საზოგადო მოღვაწეს, ილია ჭავჭავაძის მეგობარს და წინამძღვრიანთკარის სასოფლო-სამეურნეო სკოლის დამაარსებელს, სანდრო კავსაძე სიმღერა-გალობის მასწავლებლად მიუწვევია. ილიას, თურმე, განსაკუთრებით მოსწონდა სანდროს შესრულებული "ურმული" და "ოროველა".

    1897 წელს  თბილისში, ვანო მჭედლიშვილთან ერთად, დააარსა ნიჭიერ მომღერალთა გუნდი, რომელშიც მღეროდნენ: ვანო სარაჯიშვილი, ვანო ჯანდიერი, შავლიაშვილი, ბერეჟიანი, ვასილ ხახიშვილი, ვასო ციმაკურიძე, მკურნალი და სხვები. სანდრო კავსაძემ,  თბილისში წარმატებით გამართული კონცერტების შემდეგ, საქართველოს და ამიერკავკასიის თითქმის ყველა დაბა-ქალაქში თავისი ლოტბარობით სამუსიკო შემოქმედების კონცერტები გამართა. გუნდმა  მონაწილეობა მიიღო ამიერკავკასიის სასოფლო-სამეურნეო გამოფენაზე. ამ კონცერტებში უმეტესობა სიმღერებისა თავად ლოტბარის, სანდრო კავსაძის მიერ იყო ნოტებზე გადაღებული და პირველად შესრულებული. ასრულებდა საქართველოს ყველა კუთხის საუკეთესო სიმღერებს.

    1897 წელს ფოთის ქალაქის თავმა, საზოგადო მოღვაწემ და პულიცისტმა ნიკო ნიკოლაძემ, სოფრომ მგალობლიშვილის რჩევით, სანდრო ფოთში გამოიძახა და მას სახელდახელოდ გუნდის შექმნა სთხოვა.

   1900-იან წლებში სანდრო სონია ციციშვილზე დაქორწინდა, მაგრამ მეუღლე ადრე გარდაეცვალა და მარტომ გაზარდა სამი შვილი: გიგუშა, დათაშკა და რიტა (მარგარიტა).

   1906 წელს თბილისის რკინიგზელთა სასწავლებელში მიიწვიეს რუსული გუნდის ლოტბარ-მასწავლებლად.

   1911 წელს სანდრო კავსაძემ თავისი გუნდი ძმისწულს, მოსკოვიდან ახლად დაბრუნებულ მიხეილ კავსაძეს გადასცა, თავად კი სამუშაოდ ჭიათურაში გადავიდა. ტყიბულისა და ჭიათურის მაღაროელთა გუნდების გარდა, სანდრო გუნდებს აყალიბებდა საჩხერეში, ზესტაფონსა და ქუთაისში,პარალელურად პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწეოდა.

    1917 წელს, ჭიათურაში ჩამოაყალიბა მომღერალ ქალ-ვაჟთა მრავალრიცხოვანი გუნდი, რომელიც 1925 წლიდან ჭიათურის სამთამადნო ცენტრალურ კლუბში გადავიდა „ცენტრალური გუნდის“ სახელწოდებით. საბჭოთა წყობილების დამყარების შემდეგ, ჭიათურის რაიონის მუშათა კლუბების ინსტრუქტორად და სამუსიკო ნაწილის გამგედ მუშაობდა, ხელმძღვანელობდა მომღერალთა გუნდებს, ასწავლიდა შვიდწლედებში, რითაც ბევრი ხალხური სიმღერა აღადგინა და სრულიად გაქრობისაგან დაიცვა, აღზარდა მრავალი ნიჭიერი მომღერალი, რომელთაგან ბევრი თვითმოქმედი გუნდის ხელმძღვანელობას შეუდგა.

    1930 წელს  ჭიათურაში მოღვაწეობის 35 წლისთავის იუბილე გადაუხადეს და საქართველოს მთავრობის დადგენილებით ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა.

    1935 წელს სანდრო იმერეთიდან თბილისში გადმოიყვანეს და დეკადისათვის აღმოსავლეთ საქართველოს ეთნოგრაფიული გუნდის შექმნა-მომზადება დაავალეს. მოადგილედ უმცროსი ვაჟი დათაშკა დაუნიშნეს. ქორეოგრაფიულ ნაწილს ილიკო სუხიშვილი უძღვებოდა. აღმოსავლეთ საქართველოს ეთნოგრაფიულმა  გუნდმა მონაწილეობა მიიღო 1937 წელს მოსკოვში გამართულ ქართული ხელოვნების დეკადაში, რითაც საყოველთაო მოწონება დაიმსახურა არა მხოლოდ მოსკოვში, არამედ სხვა ქალაქებშიც გამართული კონცერტებით. თბილისში დაბრუნებული სანდრო კავსაძის გუნდი მალე საგასტროლოდ ლენინგრადში მიიწვიეს. ამ პერიოდში გუნდმა ოცზე მეტი სიმღერა ჩაწერა.

    სანდრო კავსაძე, დეკადიდან თბილისში დაბრუნების შემდეგ, უკურნებელმა სენმა შეიპყრო. მას სრულიად დაეკარგა ხმა, შემდეგ თანდათან დაუძლურდა და 1939 წლის 12 ივნისს გარდაიცვალა. დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოს ქართველ მოღვაწეთა პანთეონში.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ჭიათურის განყოფილების ნამდვილი წევრი (1913-)

Awards and Honors

  • 1930 - ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • წითელი დროშის ორდენი
    ხალხური სიმღერების შეგროვებასა, დაცვასა და შესრულებაში თვალსაჩინო მიღწევებისა და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის

Bibliography


Share: