The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



გიორგი ილიას ძე მაჭავარიანი (დეკანოზი)

გიორგი ილიას ძე მაჭავარიანი
Date of birth:1872
Date of death:1944  (at 72 years)
Category:Educator, Religious leader

Biography

   დეკანოზი გიორგი მაჭავარიანი დაიბადა 1872 წელს სიღნაღის მაზრის სოფელ მელაანში მღვდლის ოჯახში.

   1884-1888 წლებში იგი თბილისის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა. 1888 წელს, ოცდაორი წლის ყმაწვილმა, ახლადგახსნილ ზედაზნის მონასტერს მიაშურა, სადაც ერთ წელზე მეტი დაჰყო. იმჟამად მონასტრის აღდგენა მიმდინარეობდა და ახალგაზრდა და ჯანღონით სავსე გიორგის მისვლით დიდად გაიხარა სავანის წინამძღვარმა, მღვდელ-მონაზონმა ათანასემ (ზურაბაშვილი). მამა ათანასეც წარმოშობით სიღნაღის მაზრიდან იყო და განსაკუთრებული სითბოთი  ეპყრობოდა ყმაწვილს. მისი დახმარებით გიორგიმ საფუძვლიანად შეისწავლა წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი და მიიღო უფლება მედავითნე ყოფილიყო.

   1889 წელს გიორგი მოხისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა, 1890 წელს ზემო ავჭალის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის მედავითნედ გადაიყვანეს, 1891 წელს ჩალაუბნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაადგინეს, 1897 წლიდან მელაანის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის მედავითნეა, ხოლო 1900 წელს ბიყარის წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაადგინეს.

    1901 წელს გიორგი ისევ მელაანის სამრევლოში დააბრუნეს, ხოლო 1906 წელს თბილისში, ვერის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესიის წიგნის მკითხველად დაადგინეს.  

   1907 წელს გიორგი მაჭავარიანი ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში განამწესეს. ამავე წელს ამტნისხევის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გააგზავნეს და 1908 წელს ალავერდელმა ეპისკოპოსმა დავითმა (კაჭახიძე) დიაკვნად აკურთხა, ხოლო ამავე წელს მღვდლად დაასხა ხელი და ჯიმითის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. მასვე დაევალა ჯიმითის ძველი ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრობაც. 1908 წელს ჯიმითის ორკლასიან სამრევლო-საეკლესიო სკოლაში საღვთო სჯულის პედაგოგად დაიწყო მუშაობა. 1914 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა. 

    1921 წლის გასაბჭოების შემდეგ სამღვდელოება დიდი განსაცდელის წინაშე დადგა. უღვთო ხელისუფლებისგან დევნილი მოძღვრები აუტანელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. მათ ოჯახის სარჩენად სახსრები აღარ ჰქონდათ. მამა გიორგიც მათ სიაში იყო, ვისაც ყველაფერი უნდა ეღონა, რათა ოჯახი ლუკმა-პურის გარეშე არ დარჩენილიყო და მშივრები არ დახოცილიყვნენ. მამა გიორგი რამდენჯერმე ჩავიდა თბილისში და საეკლესიო მმართველობას ქალაქის ნებისმიერ ტაძარში მისი დანიშვნა სთხოვა. პასუხის მოლოდინში კუკიის წმინდა ნინოს სახელობის სასაფლაოზე საეკლესიო წესებს ასრულებდა, რასაც ადგილობრივ სამღვდელოებასთან დაპირისპირება მოჰყვა. მოძღვარს საკათალიკოსო სინოდში უჩივლეს და მკაცრი გაფრთხილება მიეცა, თუ იგი არ შეწყვეტდა უკანონო ქმედებებს, საერთოდ აეკრძალებოდა მღვდელმსახურება. მღვდელი გიორგი იძულებული გახდა თავის სამრევლოს დაბრუნებოდა და იქ განაგრძო მოღვაწეობა.

     1925 წლის მიწურულს, ბოდბის ეპარქიის აღწერის დროს, იგი სოფელ ჯიმითის ორივე ეკლესიის წინამძღვრად მოიხსენიება. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა მამა გიორგის დაშინება. ვერ ააღებინეს ხელი ღვთისმსახურებაზე. არ გაჭრა არც მუქარამ და არც დაშინების სხვა ხერხებმა. ამის შემდეგ ისინი პირდაპირ იერიშზე გადავიდა და მოძღვარი საკუთარი სახლიდან გამოაძევეს. გაჭირვებაში და გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი მოძღვარი რამდენიმე წელიწადი ეძებდა სამართალს. თუმცა არავინ უსმენდა. ბოლოს როგორც იქნა, საქართველოს ცაკის თავჯდომარეს, ფილიპე მახარაძეს მიაწვდინა ხმა. წერილი მისწერა, სადაც ოჯაცისთვის შემწეობას სთხოვდა. თავის მხრივ, ფილიპე მახარაძემ კახეთის მაზრის აღმასკომის თავჯდომარეს, გრიგოლ ხელაშვილს მისწერა, სადაც დაავალა საქმეში გარკვევა და დახმარების აღმოჩენა, მაგრამ ფილიპე მახარაძის სიტყვები მხოლოდ ფურცელზე დარჩა და თავი არავინ არ შეიწუხა მის შესრულებაზე.

   მე-20 საუკუნის 30-იან წლების დასაწყისში მღვდელი გიორგი იძულებული გახდა თბილისში გადმოსულიყო და დახმარება კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატესათვის (ცინცაძე) ეთხოვა. უწმინდესმა კალისტრატემ გაითვალისწინა მამა გიორგის გაჭირვებული მდგომარეობა და იგი ჩუღურეთის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურად დანიშნა. გარდა ამისა, მამა გიორგის დაევალა საეკლესიო წესების შესრულება ვერის ახალ სასაფლაოზე, სადაც ის უნდა დახმარებოდა თბილისის ყოვლადწმინდა სამებისა და სოლოლაკის მაცხოვრის ამაღლების ტაძრების მღვდელმსახურებს. 

   1937 წლის აღდგომას დეკანოზის წოდება მიენიჭა.

   1939 წელს ჩუღურეთის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია დაიხურა და დეკანოზი გიორგი კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში გადაიყვანეს.

   1940 წელს დეკანოზი გიორგი დააპატიმრეს და ბრალად დასდეს ხელისუფლების საწინააღმდეგო აგიტაცია-პროპაგანდა. დეკანოზ გიორგის 6 წლით გადასახლება მიუსაჯეს. 

   1945 წელს კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სახალხო კომისარიატიდან მიიღო ცნობები 1937-1941 წლებში რეპრესირებული სამღვდლოების შესახებ. გადასახლებულთა სიაში დეკანოზ გიორგი ილიას ძე მაჭავარიანის შესახებ ეწერა, რომ იგი გარდაიცვალა საპატიმროში.

    დეკანოზ გიორგის ჰყავდა მეუღლე მარიამ ევგენის ასული ლოლაშვილი და შვილები: ნინო, ქეთევანი, ნიკოლოზი, ანა, თამარი და ალექსანდრე.   

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1915-)

Bibliography


Share: