The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



იოსებ (სოსო) თევდორეს ძე ჟორდანია

იოსებ (სოსო) თევდორეს ძე ჟორდანია
Date of birth:15 May, 1895
Date of death:20 August, 1962  (at 67 years)
Burial location:თბილისი, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი
Category:Medical Doctor, Scientist, Public Figure, Military Person

Biography

   იოსებ ჟორდანია დაიბადა 1895 წლის 15 მაისს გორში ცნობილი ისტორიკოსისა და საზოგადო მოღვაწის თედო ჟორდანიას ოჯახში.

   გორის კლასიკური გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლა პეტროგრადის სამხედრო-სამედიცინო აკადემიაში გააგრძელა, რომელიც 1923 წელს დაამთავრა. მოგვიანებით მეანობა-გინეკოლოგიის შესწავლა დაიწყო და კლინიკური ორდინატორი გახდა. ახალგაზრდა ქართველმა ექიმმა მალე მიაღწია წარმატებას.

   1939 წლიდან იოსებ ჟორდანია სამხედრო-სამედიცინო აკადემიის მეანობა-გინეკოლოგიის კათედრას ხელმძღვანელობდა.

   1942 წელს ჟორდანია, პოლკოვნიკის რანგში, საბჭოთა კავშირის არმიის მთავარ გინეკოლოგად დაინიშნა. ეს იყო ისტორიაში ერთადერთი გინეკოლოგიური სამსახური არმიაში, სადაც 8000 ქალი ირიცხებოდა.

   1944 წლიდან ჟორდანია მოსკოვის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის სამეანო-გინეკოლოგიური კათედრის გამგედ დაინიშნა, ხოლო 1950 წლიდან მოსკოვისა და საბჭოთა კავშირის მთავარ გინეკოლოგად.

   1958 წელს იოსებ ჟორდანია თბილისში დაბრუნდა და იმავე წელს სათავეში ჩაუდგა მისივე თაოსნობით დაარსებულ ქალის ფიზიოლოგიურ და პათოლოგიურ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს, რომელიც თავისი პროფილით ევროპაში პირველი იყო. ამ ინსტიტუტს იოსებ ჟორდანია სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა. მან საფუძველი ჩაუყარა უნაყოფობის კვლევის თეორიულ-პრაქტიკულ იდეებს, დასახა უშვილობასთან ბრძოლის გეგმა, რომლის მიზანიც იყო საქართველოში მოსახლეობის გამრავლების პრობლემის გადაწყვეტა. ამ ასპექტში გამოიკვეთა მამაკაცის უშვილობის პრობლემა. ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში სწორედ იოსებ ჟორდანიამ ჩაუყარა საფუძველი ანდროლოგიის დარგს.

   იოსებ ჟორდანია მუდამ ნოვატორული იდეებით გამოირჩეოდა, აზროვნებით იგი წინ უსწრებდა მსოფლიო მედიცინას. ამას ჯერ კიდევ 1961 წელს ერთ-ერთ ჟურნალში გამოქვეყნებული მისი ინტერვიუ მოწმობს: “ძველი მიდის, ახალი რჩება. ეს ბუნებრივი კანონზომიერებაა, მაგრამ როცა შეიძლება, ჩვენი სიცოცხლე იყოს უფრო ხანგრძლივი და მდიდარი, რატომ არ შევუწყოთ ხელი ბუნებას? თუ მას ადამიანი ისე გაუჩენია, რომ 150 წელიწადი მაინც იცოცხლოს, უნდა მეთქვა –  იცხოვროს ჯან-ღონით სავსემ, იშრომოს, დრო გაატაროს… ეს, რა თქმა უნდა, მომავლის საქმეა და იქნებ არც ისე შორეული მომავლის, ჯერ კი სიბერესთან საბრძოლველად მეცნიერება სინჯავს, ეძიებს ახალ გზებს, წყვეტს დიდ და პატარა პრობლემებს… რაც შეეხება ჩვენს ინსტიტუტს, ის უმთავრესად ქალებს ემსახურება. უშვილობასთან, უშვილო ქორწინებასთან ბრძოლა, ქალის ახალგაზრდობის გახანგრძლივება და მოხუცებულობით გამოწვეული ცვლილებების შეჩერება – აი, რა საკითხებზე მუშაობენ ჩვენი მეცნიერი თანამშრომლები კლინიკურ და ექსპერიმენტულ ნაწილში.”

   იოსებ ჟორდანია დაიღუპა 1962 წლის 20 აგვისტოს რიო-დე-ჟანეიროში, თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად და დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

   1968 წელს, მის მიერ დაარსებულ ადამიანის გენერაციული ფუნქციის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს იოსებ ჟორდანიას სახელი მიენიჭა.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ხაშურის განყოფილების ნამდვილი წევრი (1916-)

Awards and Honors

  • 1962 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • ლენინის ორდენი

Bibliography

  • "მამულიშვილთა სავანე" : ზაურ ბაბუნაშვილი, თეიმურაზ ნოზაძე. - თბილისი, სერვანტესის საზოგადოება, გამომცემლობა "ირმისა", 1994. - გვ. 304

Share: