The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



სალომე დავითის ასული მიურატი

სალომე დავითის ასული მიურატი
ოფიციალური სახელი:სალომე დავითის ასული დადიანი
დაბადების თარიღი:1848
გარდაცვ. თარიღი:10 ივლისი, 1913  (65 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:პარიზი
კატეგორია:სამეფო ოჯახის წევრი

ბიოგრაფია

    სალომე დადიანი დაიბადა 1848 წელს ზუგდიდში, სამეგრელოს მთავრის დავით დადიანისა და ეკატერინე ჭავჭავაძის ოჯახში. 

   1868 წელს, 21 წლის ასაკში სალომე დადიანი პარიზში ცოლად გაჰყვა ნაპოლეონ I-ის მარშლისა და სიძის, ნიაპოლის ყოფილი მეფის იოაჰიმ მიურატის შვილიშვილს, იმპერატორ ნაპოლეონ III–ის ფლიგელადიუტანტს, პრინც აშილ შარლ ნაპოლეონ მიურატს. ჯვრისწერას ტუირლის სასახლის კარის ეკლესიაში ნაპოლეონ III და დედოფალი ეჟენი დე მონტიჟო ესწრებოდნენ ამ დროს პარიზში ეკატერინე ჭავჭავაძეც იმყოფებოდა. ახალშეუღლებულ წყვილს საფრანგეთის იმპერატორმა პარიზში მონსოს ბაღის მახლობლად მდებარე პერეირასის სასახლე უყიდა და ერთი მილიონი ფრანკი აჩუქა. ახალდაქორწინებულებმა მდიდრული საჩუქრები რუსეთის ხელმწიფისგანაც მიიღეს.

     1873 წელს ნაპოლეონ III–ის გარდაცვალების შემდეგ დადიან–მიურატის ოჯახი სამეგრელოში დასახლდა, სადაც აშილმა სოფელ სალხინოსა და ჭკადუაშში დასვლეთ საქართველოს ერთ–ერთი პირველი მსხვილი რაციონალურ–კაპიტალური ტიპის სანიმუშო მეურნეობა მოაწყო. აშილი სამეწარმეო საქმიანობაში ჩაერთო, მათ შორის ღვინის წარმოებაშიც. მან სამეგრელოში ვაზის რამდენიმე ფრანგული ჯიში შემოიტანა და, ამავდროულად, სამეგრელოს ადგილობრივი სახელგანთქმული ჯიშის, ოჯალეშის, სისტემატური კულტივირებაც დაიწყო, რომელიც იმ დროს კომერციული მიზნით აღარ იწარმოებოდა და გადაშენების გზაზე იდგა. აშილი შესანიშნავ ღვინოებს ამზადებდა და ევროპაშიც წარმატებით გაჰქონდა. მეგრელები, რომელთაც ბატონყმობის უღელი ჯერ კიდევ კარგად ახსოვდათ, გაოცებულნი იყვნენ იმით, რომ აშილ მიურატი, სამეფო ოჯახის წარმომადგენელი, მოსამსახურეებსა და გლეხებთან გვერდიგვერდ ესოდენ დიდი ენთუზიაზმით შრომობდა. მათ აგრეთვე აცვიფრებდათ ის, თუ როგორ თანაუგრძნობდა აშილ მიურატი სამეგრელოში მცხოვრებ უბრალო ხალხს და როგორ იღვწოდა იგი სკოლების, გზებისა და კლინიკების აშენებისათვის.  აღსანიშნავია, რომ მისი მეურნეობა ძირითადად დაქირავებულ მუშახელს ემყარებოდა და ვალდებულ გლეხთა შრომა ნაკლებად გამოიყენებოდა. 

      სალომესა და აშილს ჰყავდათ სამი შვილი – ლუსიენი, ნაპოლეონი და ანტუანეტა.

    1895 წელს აშილ მიურატი გარდაიცვალა. მისი მრავალი თანამემამულე ჩამოვიდა საფრანგეთიდან, რათა აშილს გამოსთხოვებოდა. დაკრძალვის ცერემონიალს უამრავი მეგრელიც დაესწრო. იგი სოფელ ჭკადუაშის კათოლიკური ეკლესიის ბაღში დაკრძალეს. ჭკადუაშში მის ოჯახს საზაფხულო რეზიდენცია ჰქონდა. მრავალი წლის მანძილზე ხალხი პატივს მიაგებდა მის ხსოვნას და ასუფთავებდა მისი საფლავის ქვას.  1975 წელს ქალაქის ხელისუფლებამ მისი ხსოვნის უკვდავსაყოფად მემორიალური დაფა აღმართა. 

      ქმრის გარდაცვალების შემდეგ სალომე ღირსეულად განაგრძობდა ოჯახის მოვლა-პატრონობას. იგი თავის ძმის ნიკო მინგრელსკისაგან ყოველწლიურად 30 ათას მანეთს დახმარებას ღებულობდა. 1903 წლიდან, ძმის გარდაცვალების შემდეგ, სალომე მეტად კრიტიკულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. XX საუკუნის 10-იან წლებში სალხინოს მეურნეობას სათავეში უკვე სალომეს ვაჟი ედგა.

    1913 წელს სალომემ თავისი ქონება თავის ქალიშვილს ანტუანეტა კატერინას (ბებე) დაუმტკიცა და თვითონ საფრანგეთში სამკურნალოდ გაემგზავრა. პარიზში სალომე არც ისე მდიდრულად ცხოვრობდა. იგი 1913 წლის 10 ივლისს მძიმე ავადმყოფობით  გარდაიცვალა და დაკრძალულია პარიზში. ამ ამბავმა უხმაუროდ ჩაიარა... არც ნეკროლოგი, არც სამძიმარი, ქართულ პრესას არც ერთი სიტყვით არ გამოუხატავს წუხილი. 

     სალომეს ვაჟის - ლუსიენის შვილიშვილი, ალენ მარი იოაჰიმ ნაპოლეონ მიურატი, რომელიც 1943 წელს დაიბადა, მეუღლესთან — ვერონიკა დე ტრემეკურსა და შვილებთან ერთად საქართველოში დაბრუნდა და აქ დასახლდა. მიურატები ამ დროიდან ზუგდიდში, დადიანების საგვარეულო მამულში, ცხოვრობდნენ და ჩართულნი იყვნენ ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

    ალან მიურატი: "საქართველოში კარგი ღვინის დამზადება შეუძლიათ. მთავარია ტექნოლოგია. ძველად, როცა მამა და დიდი ბაბუა საქართველოში ცხოვრობდნენ, კარგ ღვინოს აყენებდნენ. მათ სპეციალისტები საფრანგეთიდან ჩამოჰყავდათ. აქ ძალიან ბევრი კარგი ღვინოა და შეიძლება ითქვას, რომ ამ შემთხვევაში მთავარი როლი ტექნოლოგიას ეკისრება."

 

 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, დამხმარებელი წევრი ზუგდიდში (1886-)

გააზიარე: