The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ელო დიმიტრის ასული ნაზარიშვილი

ელო დიმიტრის ასული ნაზარიშვილი
Legal name:ელენე დიმიტრის ასული ნაზაროვა
Date of birth:26 August, 1888
Date of death:1974  (at 85 years)
Burial location:„მწვანე ყვავილას“ პანთეონი, ქუთაისი
Category:Educator

Biography

    ელენე (ელო) ნაზარიშვილი დაიბადა ქალაქ ბათუმში 1888 წელს, გამოჩენილი ექიმისა და საზოგადო მოღვაწის დიმიტრი ნაზარიშვილის ოჯახში. მე–20 საუკუნის დასაწყისში ნაზარიშვილების ოჯახი თავისებურ სალონს წარმოადგენდა, სადაც ხშირად იმართებოდა სჯა–ბაასი ქართული კულტურის განვითარების საჭირბოროტო საკითხებზე. ბავშვობიდანვე ამ გარემოში იზრდებოდა ელო ნაზარიშვილი.

     ქუთაისის წმინდა ნინოს სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ელენემ კლასიკურ გიმნაზიაში ჩააბარა გამოცდები, რომლის დამთავრების შემდეგ ოჯახის მასწავლებლის წოდება მიენიჭა. უმაღლესი განათლების მისაღებად მშობლებმა ელენე ბელგიაში, ქალაქ ლიეჟში გააგზავნეს, სადაც იგი პოლიტექნიკურ ინსტიტუტში შესასვლელად ემზადებოდა, მაგრამ მან პეტერბურგში დაბრუნება არჩია, სადაც ქალთა უმაღლეს პოლიტექნიკურ კურსებზე ჩააბარა. პარალელურად პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა და ფრანგულ ენაზე კერძო გაკვეთილებსაც ატარებდა. ამის შემდეგ ელენემ სწავლა გააგრძელა პეტერბურგის ლოხვიაცია–სკალონის უცხო ენების კურსების ფრანგულ განყოფილებაზე და იმავე წელს ბეხტერევის ფსიქო–ნევროლოგიურ ინსტიტუტში თავისუფალ მსმენელად შევიდა.

    პეტერბურგიდან დაბრუნებული ელენე ნაზარიშვილი ჭიათურის საქალაქო სკოლაში მასწავლებლად იქნა მიწვეული, ხოლო 1914 წელს უმაღლესი დაწყებითი სკოლის მასწავლებლის წოდების მისაღებად თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტში გააგზავნეს. ქუთაისში დაბრუნებულმა ელენემ "ცისფერყანწელთა" ჯგუფთან დაამყარა ურთიერთობა. ფრანგული ენის მცოდნე ელენე დიდ დახმარებას უწევდა მათ ფრანგი ავტორების თარგმნაში. საყოველთაოდ ცნობილია, რომ "ცისფერყანწელებმა" ქუთაისში გამოცემული სტეფანე მალარმეს ლექსების კრებული სწორედ ელენე ნაზარიშვილს მიუძღვნეს.

     ელენე ნაზარიშვილი წლების მანძილზე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ქუთაისის სკოლებსა და ტექნიკუმებში, თანამშრომლობდა ქუთაისის ისტორიულ–ეთნოგრაფიულ მუზეუმთან და ეხმარებოდა მუზეუმის თანამშრომლებს საზოგადო მოღვაწეთა პირადი არქივების შესწავლა–დამუშავებაში. ელენემ პირადად იმუშავა და დიდი სიყვარულით გაუკეთა მეცნიერული აღწერა გიორგი ზდანოვიჩის პირად არქივს.

     ნაზარიშვილების ოჯახი ყოველთვის იზიდავდა ქუთაისის ნიჭიერ ახალგაზრდობას. ეს ტრადიცია ელენეს სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე არ შეწყვეტილა.

    ელენე ნაზარიშვილი გარდაიცვალა 1974 წელს ქუთაისში და დაკრძალულია "მწვანეყვავილას" პანთეონში.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი (1916-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება , საზოგადოების ჭიათურის განყოფილების ნამდვილი წევრი (1913-)

Awards and Honors

  • 1963 - საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი

Bibliography


Share: