The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



გრიგოლ (გრიშა) დავითის ძე აბაშიძე

გრიგოლ (გრიშა) დავითის ძე აბაშიძე
სხვა სახელი:გ. თირელი  (ფსევდონიმი)
მენავე  (ფსევდონიმი)
შროშანი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:1866
გარდაცვ. თარიღი:9 მარტი, 1903  (37 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მოსკოვი, ვოლკოვის სასაფლაო
კატეგორია:მთარგმნელი, მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

    გრიგოლ აბაშიძე დაიბადა 1866 წელს შორაპნის მაზრის სოფელ დილიკაურში, თავადიშვილის ოჯახში. მამამისი განათლებული და მწერლობის მოყვარული კაცი ყოფილა, მაგრამ ხელმოკლე. გრიგოლმა წერა-კითხვა ოჯახში შეისწავლა და სწავლა ქუთაისის გიმნაზიაში გააგრძელა, სადაც ნიკო მართან და გიორგი ლასხიშვილთან ერთად ხელნაწერი ჟურნალი ჰქონდა, სადაც თავისი პირველი ლექსიც გამოაქვეყნა.

    გრიგოლ აბაშიძემ შვიდი კლასის დამთავრების შემდეგ, სიღარიბის გამო, გიმნაზიას თავი მიანება, სავექილო გამოცდა ჩააბარა და კერძო სავექილო პრაქტიკას მიჰყო ხელი, თუმცა ეს ხელობა მისთვის შემოსავლის წყარო არ ყოფილა, უფრო დაჩაგრულთ და შეურაცხყოფილთ იცავდა.

    გრიგოლ აბაშიძემ ლექსების წერა 15 წლის ასაკში დაიწყო და მისი პირველი ლექსი 1882 წლითაა დათარიღებული. იგი თავის ლექსებს აქვეყნებდა ჟურნალ „თეატრში“, ხოლო 1893-1896 წლებში ილია ჭავჭავაძემ „ივერიაში“ მუდმივ თანამშრომლად მიიწვია, სადაც ორი წლის მანძილზე მრავალი ორიგინალური და ნათარგმნი ლექსი, პოლიტიკურ-საზოგადოებრივი შინაარსის წერილი თუ რეცენზია გამოაქვეყნა. აგრეთვე თანამშრომლობდა „მოამბეში“, „ჯეჯილსა“ და სხვა პერიოდულ გამოცემებში.  მისი რამდენიმე ლექსი რუსულად გადათარგმნა სოფია ამირეჯიბმა (დოლგორუკოვა-არღუთინსკაია), რომელიც 1909 წელს მოსკოვში დაბეჭდილ „Сборник стихов грузинских поэтов“-ში შევიდა. იგი „ივერიაში“ მოთხრობებსაც აქვეყნებდა: „რა გრძნობაა?“, „”ელენე“ და სხვა.

    გრიგოლ აბაშიძე საუცხოო დეკლამატორი ყოფილა და ხშირად მონაწილეობდა სალიტერატურო საღამოებში. ცნობილი იყო, როგორც მჭერმეტყველოქროპირი და დიდი მეხსიერების უნარით დაჯილდოებული, რაც მას დეკლამაციისას ხელს უწყობდა. მაგალითად, ერთხელ, ერთ ოჯახში, დამსწრეთა თხოვნით აკაკიმ თავისი ახალი ლექსი წაიკითხა. ყველამ ტაში დაუკრა. იქვე მყოფ გრიგოლ  აბაშიძეს ნაღვლიანად უთქვამს: უბედური კაცი ვარ, ძლივს ერთი რიგიანი ლექსი დავწერე და ეგეც პატივცემულ აკაკის მიუთვისებიაო. ყველა გაოცდა. აი, თუ არა გჯერათ, რომ ეგ ჩემი ლექსია, დიდი ხნის წინათ დაწერილიო და იქვე ზეპირად უთქვამს აკაკის ლექსი. გაოცება კიდევ უფრო გაიზარდა, აკაკის კინაღამ დამბლა დაეცა, ეს მე წუხელის დავწერეო. გრიგოლ აბაშიძეს იქვე ღიმილით განუმარტავს: დამშვიდდით, ბატონებო, ეს ლექსი მართლაც საყვარელი აკაკისაა, წეღან ეგ რომ კითხულობდა, დავიზეპირეო.

    გრიგოლ აბაშიძე აქტიურად მონაწილეობდა ქართულ­ეროვნულ გამოსვლებში. 1895 წელს, რაფიელ  ერისთავის იუბილეზე, ეროვნულ­სააგიტაციო ლექსით დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია. 1900-იან წლებში, ილიაობას, ილია ჭავჭავაძის დღეობაზე ეროვნული დროშით და ეროვნულ ტანისამოსში გამოწყობილ ქართველთა ცხენოსანი რაზმის თანხლებით მისულა და საქართველოს ინტელიგენციის სახელით ილიასთვის  ალისფერი დროშა გადაუცია.

    გრიგოლ აბაშიძე, დაუდგრომელი ცხოვრებისა და ხელმოკლეობის გამო სულიერად დასნეულებული, 1902 წელს, ქუთაისის საზოგადოებამ პეტერბურგის მწერალთა თავშესაფარში მოათავსა, სადაც 1903 წლის 9 მარტს გარდაიცვალა ("ცნობის ფურცელი", 1903, 12 მარტი, N 2094) და იქვე  ვოლკოვის სასაფლაოზე დაიკრძალა.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1895-1927)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: