The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



კიტა გიორგის ძე აბაშიძე (თავადი)

კიტა გიორგის ძე აბაშიძე
Legal name:ივანე გიორგის ძე აბაშიძე
Date of birth:16 January, 1870
Date of death:17 December, 1917  (at 47 years)
Burial location:მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი
Category:Critic, Politician, Publicist

Biography

     კიტა (ივანე) აბაშიძე დაიბადა 1870 წელს შორაპნის მაზრის სოფელ ლესაში, გიორგი აბაშიძისა და სოფიო გურიელის ოჯახში.

      1879 წელს კიტა ქუთაისის გიმნაზიის პანსიონში შეიყვანეს. გიმნაზიაში სწავლის პირველივე წლებიდან კიტა აბაშიძე დიდ მიდრეკილებას იჩენდა ლიტერატურისადმი, ეუფლებოდა რუსულ, ფრანგულ, ლათინურ ენებს.  1889 წელს დაამთავრა გიმნაზია და  ლიტერატურისა და ენების შესასწავლად საფრანგეთში გაემგზავრა. პარიზში იგი ათი თვის განმავლობაში ცხოვრობდა და ამ პერიოდმა დიდი გავლენა მოახდინა არა მხოლოდ მის ესთეტიკაზე, არამედ მისი მოქალაქეობრივი შეგნების ჩამოყალიბებაზეც. მუშაობდა მუზეუმებში, სწავლობდა ფრანგულ ენასა და ლიტერატურას, უსმენდა ცნობილ მეცნიერებს სორბონასა და სხვა უმაღლეს სასწავლებლებში, ისმენდა ლექციებს ფილოსოფიასა და ხელოვნების თეორიაში.     

     1890 წელს კიტა აბაშიძე სწავლას აგრძელებს ოდესის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. იგი სტუდენტობის წლებშივე გამოდის ლიტერატურულ სარბიელზე და იწყებს ფრანგული ლიტერატურის შესახებ წერილების გამოქვეყნებას "კვალსა" და "ივერიაში". 1895 წელს კიტა აბაშიძე პირველი ხარისხის დიპლომით ამთავრებს უნივერსიტეტს და საქართველოში ბრუნდება.

     იმავე 1895 წლიდან კიტა აბაშიძე მუშაობას იწყებს თბილისის კონტროლის პალატაში, შემდეგ კი მომრიგებელ მოსამართლედ ჯერ რაჭის მაზრაში, ხოლო შემდეგ ჭიათურაში. 1896 წლიდან ილია ჭავჭავაძის მიწვევით იგი "ივერიის" რედაქციაში იწყებს მუშაობას.
    1898 წლიდან კიტა აბაშიძის, როგორც XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის კრიტიკოსის, შემოქმედებითი აღმავლობის პერიოდი იწყება. ამ წელს "მოამბის" ფურცლებზე ზედიზედ იბეჭდება მისი "ეტიუდები ქართული ლიტერატურიდან", ასევე კრიტიკული ეტიუდი ილია ჭავჭავაძის შემოქმედების შესახებ, უფრო მოგვიანებით, 1900 წელს  კი ეტიუდები ვახტანგ ორბელიანისა და გიორგი ერისთავის შემოქმედებაზე.
     კიტა აბაშიძე აქტიურად მოღვაწეობდა საზოგადოებრივ სარბიელზეც. 1898 წლიდან იყო "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი, ხოლო 1900 წლიდან ამ საზოგადოების გამგეობის წევრი. უშუალოდ მონაწილეობდა ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის საქმიანობაში, იყო "საქართველოს კულტურულ საზოგადოებათა კავშირის" ერთ-ერთი დამაარსებელი, ქუთაისის საზოგადოება "სინათლეს" თვმჯდომარე. პარალელურად იგი თანამშრომლობდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთში: "ცნობის ფურცელში", "სახალხო გაზეთსა" და "დროებაში".

        ვახტანგ ორბელიანის ქალიშვილის, მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანის, ოჯახში გაიცნო კიტამ თავისი მომავალი მეუღლე – თეკლე ნიკოლოზის ასული ჯამბაკურ–ორბელიანი. მათ ოთხი შვილი შეეძინათ. ამავე ოჯახის სიძე გახლდათ  ივანე ჯავახიშვილი, რომელმაც  ცოლად შეირთო თეკლეს უმცროსი და - ანასტასია. ამ პერიოდიდან იწყება კიტა აბაშიძისა და ივანე ჯავახიშვილის გულითადი მეგობრობა.
    1901 წლიდან კიტა აბაშიძე  ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა საბჭოს "საურთიერთო ნდობის ბანკის" თავმჯდომარე იყო, ხოლო შემდეგ  საბჭოს თავმჯდომარის, გიორგი ზდანოვიჩის, მოადგილე.

     1905 წლის რევოლუციის დღეებში კიტა აქტიურად მონაწილეობდა ჭიათურაში მთავრობის საწინააღმდეგო ყველა გამოსვლაში. იგი  დააპატიმრეს კიდეც და მხოლოდ გავლენიანი ნათესავების წყალობით მოხერხდა მისი განთავისუფლება. 1909 წელს კიტა მეორედ დააპატიმრეს, რისი მიზეზიც 1909 წლის 22 თებერვალს ქუთაისში  თავად–აზნაურთა შეკრებაზე მისი გამოსვლა გახდა, რომელზედაც დადგა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი. კიტა აბაშიძე დავით მიქელაძესთან და ნიკოლოზ თავდგირიძესთან ერთად ეკლესიის დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამოვიდა. ქუთაისის გუბერნატორის მითითებით, კიტა სასწრაფოდ დააპატიმრეს და შემდეგ კვლავ ნათესავების წყალობით გაათავისუფლეს.
      1911-1912 წლებში ქუთაისში გამოვიდა კიტა აბაშიძის ცნობილი ნაშრომი "ეტიუდები XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის შესახებ", რომელიც 1898 წელს "მოამბის" ფურცლებზე დაწყებული შრომის დაგვირგვინება იყო. ეს იყო  ძვირფასი შენაძენი ქართული ლიტერატურათმცოდნეობისთვის, რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა ქართული ლიტერატურულ-კრიტიკული აზროვნების ისტორიაში და განსაზღვრა ახალი ქართული ლიტერატურის ისტორიის, როგორც მეცნიერების, მთელი შემდგომი განვითარება.
     1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ კიტა აბაშიძე ამიერკავკასიის საგანგებო კომისარიატის წევრად და ამიერკავკასიის განათლების კომისრად დაინიშნა, მაგრამ ამ პოსტზე ძალზე მცირე ხანს მოღვაწეობდა. ის ხერხემლის ტუბერკულოზის დიაგნოზით ლოგინად ჩავარდა. გარდაცვალებამდე მან შეადგინა ანდერძი, რომლის თანახმადაც თავისი მდიდარი ბიბლიოთეკა "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას" და ჯერ კიდევ ფორმირების პროცესში მყოფ უნივერსიტეტს უანდერძა.

     კიტა აბაშიძე გარდაიცვალა 1917 წლის 17 დეკემბერს და დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. აქვეა დაკრძალული მისი მეუღლე თეკლე ნიკოლოზის ასული ჯამბაკურ-ორბელიანი.

      1924 წელს აჯანყებაში მონაწილეობისთვის დახვრიტეს კიტა აბაშიძის უფროსი ვაჟი გიორგი.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ჭიათურის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე (1910-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სარევიზიო კომისიის წევრი (1908-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ჭიათურის განყოფილების ნამდვილი წევრი (1910-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების გამგეობის წევრი (1900-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1898-1917)

Share: