The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



მემედ ბეგ აბაშიძე (სანჯაყ-ბეგ აბაშიძე)

მემედ ბეგ აბაშიძე
ოფიციალური სახელი:მემედ იბრაჰიმის ძე აბაშიძე
სხვა სახელი:სამკვიდრებელს მოკლებული  (ფსევდონიმი)
სახ. საქმეში  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:18 იანვარი, 1873
გარდაცვ. თარიღი:17 სექტემბერი, 1937  (64 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დახვრეტილია
კატეგორია:მთარგმნელი, მწერალი, პოლიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

    მემედ აბაშიძე დაიბადა 1873 წლის 1 თებერვალს ქალაქ ბათუმში, რომელიც იმჟამად ტრაპიზონის ვილაეთს წარმოადგენდა. იგი გახლდათ სანჯაყ-ბეგ აბაშიძეთა შთამომავალი.  მამა - იბრაიმ ბეგ აბაშიძე მედრესეში სწავლადამთავრებული მდიდარი მემამულე იყო. მემედ აბაშიძის  ბაბუა ატარებდა ბეჭედს, რომელზეც ამ გვარის სამი წარმომადგენლის სახელი იყო ამოტვიფრული, მათ შორის დიდი ოჯახის ფუძემდებლის კახაბერ ერისთავ-გურიელისა, რომელიც XV საუკუნეში იმერეთიდან გადმოსულა და 1463-1520 წლებში აჭარას განაგებდა.

      მემედ აბაშიძე „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ბათუმის ქართულ სკოლაში მოსე ნათაძის ხელმძღვანელობით სწავლობდა. შემდეგ სწავლა ტრაპიზონში გააგრძელა, მაგრამ არ დაუმთავრებია და უმთავრესად თავისი მწიგნობარი მამის ხელმძღვანელობით განვითარდა არაბულ­-თურქულ ენებში, მოიპოვა ჰაფიზის (ყურანის ზეპირად მცოდნე) წოდება.  მემედ  აბაშიძე და მისი წინაპრები იმ ქართველთაგანნი არიან, რომლებიც მე-­17 საუკუნის ოსმალეთის ბატონობამ დაიმორჩილა და მამა­პაპური სჯული გამოუცვალა. მართალია, სარწმუნოებით გამაჰმადიანდნენ, მაგრამ ენა მაინც მშობლიური ქართული შეინარჩუნეს. მემედ აბაშიძემ სიყრმიდანვე მიზნად დაისახა სამუსლიმანო და საქრისტიანო საქართველოს გაერთიანება, რათა მშობლიურ მიმართულებას ამცდარ ისტორიას ეროვნულ-­სახელმწიფოებრივი მსვლელობა მისცემოდა. ამ აზრის განსახორციელებლად ქადაგებდა სიტყვით, წერდა, გარს იკრებდა ქართველ მუსლიმანთა მოწინავე პირებს, რისთვისაც რუსეთის მთავრობისაგან სასტიკად იდევნებოდა და რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული და გადასახლებული. 1917 წლის რევოლუციის შემდეგ, როცა ბათუმის ოლქს უცხო ერნი ებატონებოდნენ, მან თავისი ამხანაგებით უფრო გააცხოველა მუშაობა, შეადგინა სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტი, რომელსაც თავად თავმჯდომარეობდა.

    1919 წლის 31 აგვისტოს მემედ აბაშიძემ შეკრიბა მეჯლისი - ერის წარმომადგენელთა საბჭო, რომელმაც ღვთისა და ქვეყნის წინაშე აღიარა, რომ სამუსლიმანო საქართველო საქრისტიანო საქართველოს განუკვეთელი ნაწილია და დაადგინა  საქრისტიანო საქართველოსთან მისი შეერთება, რაც საგანგებო მოწოდებით მთელ ქვეყანას აცნობა. ამის შედეგი იყო, რომ ბევრი დავიდარაბის შემდეგ ბათუმის ოლქი საქართველოს დაუბრუნდა. 1920 წლის 7 ივლისს, როცა მემედ აბაშიძის მეთაურობით მეჯლისი საქართველოს ჯარს ბათუმში შეუძღვა, ინგლისმა და საფრანგეთმა საკუთარი დროშები ჩამოხსნეს და საქართველოსი აღმართეს.

     მემედ აბაშიძის თაოსნობითა და იდეური ხელმძღვანელობით ბათუმში გამოდიოდა გაზეთი „სამუსლიმანო საქართველო“, რომელიც ქადაგებდა სამუსლიმანო-­საქრისტიანო საქართველოს გაერთიანებას. მისი მესვეურობით მეჯლისი შეუდრეკლად იბრძოდა სრულიად საქართველოს მთლიანობისა და სამუსლიმანო საქართველოს ავტონომიისათვის. მან შეიმუშავა ავტონომიის ძირითადი კანონები (კონსტიტუცია), რომელიც მეჯლისის საზოგადო ყრილობამ მოიწონა. 1921 წელს საქართველოში ბოლშევიკების შემოსვლის შემდეგ საქართველოს რევოლუციურმა კომიტეტმა ცნო ძველი მეჯლისი და მასთან დაამტკიცა სამუსლიმანო საქართველოს ავტონომია. მეჯლისის წევრებმა აღთქმა დადეს საქართველოს დემოკრატიული და სამუსლიმანო საქართველოს ავტონომიის კონსტიტუციის ერთგულებაზე.

     მემედ  აბაშიძემ მწერლობა 1903 წლიდან დაიწყო ვალერიან გუნიასა და პეტრე სურგულაძის ხელმძღვანელობით. ორიგინალური ნაწერები უფრო პუბლიცისტურ­-პოლემიკური ხასიათისა იყო, მისი  წერილები გაფანტული იყო ჟურნალ­გაზეთებში: „სახალხო ფურცელი“, „სახალხო საქმე“, „საქართველო“, „იმერეთი“, „ბაიღშის გაზეთი“, „ნიშადური“ და სხვა პერიოდულ გამოცემებში. მის კალამს ეკუთვნის თარგმანებიც, უფრო დრამატული ნაწარმოებები. ქართულად თარგმა ომარ ხაიამისა და ნამიქ ქემალის ნაწარმოებები. თურქულიდან თარგმნა: ზაგალლი ჩოჯუას “ბავშვი”, ოსმალო მწერალი ქალის  უფიიდა ფერიდის „ფარმანები“, სოფეტ ნეზპიას “არც შეკითხვა, არც განმარტება”,  მირზა ჯელალის “მიცვალებულნი”, ქემალ ბეგის პიესები: “სამშობლო“ და “გიულ­ნეჰალ”, ოსმალო მწერალი ქალის  მუზიიდე საბრის „მუ ნე ვერ“. მემედ აბაშიძეს დაწყებული ჰქონდა "ვეფხისტყაოსანის" თურქულ ენაზე თარგმნა, მაგრამ სამწუხაროდ არ დასცალდა.

     მემედ აბაშიძე მონაწილეობდა ბათუმის ყველა საზოგადოებრივ საქმეში. მისი მრწამსი იყო ქართველი ერის მთლიანობის აღდგენა და მისი ოჯახის გამთელება ისტორიული საზღვრებით. იგი  იყო საქველმოქმედო  საზოგადოების თავმჯდომარე, საქართველოს ეროვნული საბჭოსა და პარლამენტის წევრი.

    1921 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ მემედ აბაშიძე დააპატიმრა და ტფილისში გადმოიყვანა, საიდანაც კ. ცინცაძის განკარგულებით მალევე გათავისუფლდა. ბათუმში წასვლის ნება დართეს, მაგრამ 1923 წლის 24 იანვარს ხელმეორედ დააპატიმრეს და ბაქოში გადაასახლეს. 1927 წელს ბათუმში დაბრუნების ნება მისცეს. სტალინურმა რეპრესიებმა საბოლოოდ იმსხვერპლა მემედ აბაშიძე, მაგრამ მას უკვე შესრულებული ჰქონდა უდიდესი მისია დედა სამშობლოს წინაშე.

    1937 წელს მემედ აბაშიძე დააპატიმრეს და იმავე წლის 17 სექტემბერს სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გამსვლელი სესიის გადაწყვეტილებით სასჯელის უმაღლესი ზომა, დახვრეტა მიესაჯა. განაჩენი სხდომის დღესვე იქნა სისრულეში მოყვანილი, ხოლო ნათესავებს ეცნობათ, რომ 1941 წლის 16 მარტს გარდაიცვალა.

    რეაბილიტირებულია სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის 1958 წლის 22 ივნისის განჩინებით. საქმე შეწყვეტილია დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1917-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1900-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: