The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ივლიანე ალფეზის ძე აბესაძე

ივლიანე ალფეზის ძე აბესაძე
დაბადების თარიღი:1861
გარდაცვ. თარიღი:27 დეკემბერი, 1931  (70 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქუთაისი, საფიჩხიის სასაფლაო
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

   ივლიანე აბესაძე დაიბადა 1861 წელს იმერეთში მედავითნის ოჯახში. პირველდაწყებითი განათლების მიღების შემდეგ მამამ ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარა, რომელიც 1880 წელს დაამთავრა და სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში.

    1886 წელს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა ივლიანე დიაკვნად აკურთხა, ცოტა ხანში კი მღვდლად დაასხა ხელი და ზოვრეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა.

    1887 წელს მეუფე გაბრიელმა შორაპნის მაზრის ჩხარის ოლქის მთავარხუცესად დაადგინა. 1889 წელს საგვერდულით დააჯილდოვეს, 1892 წლის ივნისში სკუფია, ხოლო 1896 წელს კამილავკა ეწყალობა.

    1898 წელს მთავარხუცესი ივლიანე ქუთაისის საფიჩხიის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს. 1906 წლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე მამა ივლიანეს დეკანოზის წოდება მიენიჭა.

    1917–1918 წლებში დეკანოზი ივლიანე ქუთაისის ეკლესიების მთავარხუცესი გახლდათ. იგი, როგორც იმერეთის ეპარქიის დელეგატი ესწრებოდა I, II და IV საეკლესიო კრებებს.

    კომუნისტური რეჟიმის უმძიმეს პერიოდში, როდესაც მრავალმა სასულიერო პირმა ანაფორა გაიხადა და ეკლესიაში მსახურება მიატოვა, მამა ივლიანე ძველებური შემართებითა და უფლის სიყვარულით განაგრძობდა თავისი მოვალეობის შესრულებას, ანუგეშებდა საფიჩხიის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძრის მრევლს და ერთგულად ემსახურებოდა დედა ეკლესიას. XX საუკუნის 20–იან წლებში ღვაწლმოსილი  დეკანოზი  ენქერით დაჯილდოვდა.

    შემორჩენილია დეკანოზ ივლიანეს წარმოთქმული რამდენიმე ქადაგება. ერთ–ერთი ასეთი ქადაგება მან 1915 წლის 2 აგვისტოს, ვაჟა–ფშაველას დაკრძალვის დღეს, ქუთაისის საკათედრო ტაძარში აღსრულებულ პანაშვიდზე წარმოთქვა.

   დეკანოზი ივლიანე გარდაიცვალა 1931 წლის 27 დეკემბერს და დაკრძალულია საფიჩხიის სასაფლაოზე.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1904-1907)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი (1913-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1916 - წმინდა ვლადიმერის IV ხარისხის ორდენი
  • 1910 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი
  • 1901 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი
  • 1900 - სამკერდე ოქროს ჯვარი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: