The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ილია სვიმონის ძე აგლაძე

ილია სვიმონის ძე აგლაძე
ოფიციალური სახელი:ილია სვიმონის ძე აღლაძე
დაბადების თარიღი:20 ივნისი, 1872
გარდაცვ. თარიღი:15 ივლისი, 1948  (76 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი
კატეგორია:გამომცემელი, მთარგმნელი, მკვლევარი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

     ილია აგლაძე დაიბდა 1872 წელს თბილისში. სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, მაგრამ ვერ დაამთავრა,  რადგან როგორც პოლიტიკურად არასაიმედო პიროვნება "მგლის ბილეთით" გარიცხეს.

   1894 წლიდან ილია აგლაძე ქართულ პრესასთან თანამშრომლობდა, სადაც იბეჭდებოდა მისი თარგმანები, ფელეტონები და პუბლიცისტური წერილები. ილია ჭავჭავაძის ხელმძღვანელობით 1902 წლამდე "ივერიაში" მოღვაწეობდა, ხოლო შემდეგ "ცნობის ფურცელსა" და სხვადასხვა გაზეთებში.

   1906 წლიდან ილია აგლაძე "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრი გახლდათ და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების მუშაობაში. ამავე დროს იგი იყო ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის აქტიური წევრი, ხელოვანთა კავშირში საბჭოს წევრი და მოღვაწეობდა სახალხო თეატრში.

    1908-1910 წლებში აგლაძე "დროების" და მისი სურათებიანი დამატების რედაქტორი იყო. თვითმპყრობელობის წინააღმდეგ მიმართული სტატიებისათვის მას მეფის მთავრობა დევნიდა და 1910 წელს დააპატიმრეს კიდეც. აგლაძეს ბაქოში გადასახლება მიუსაჯეს, სადაც მან 1917 წლამდე დაჰყო. ბაქოში გადასახლების პერიოდში იგი აქტიურად მონაწილეობდა ბაქოს ქართულ ახალმოშენეთა კულტურულ-საგანმანათლებლო საქმეებში, ხელმძღვანელობდა დრამატულ წრეს, ქართულ გაზეთებში აქვეყნებდა წერილებს და თურქეთის ჯარების მიერ ბაქოს აღების დროს ქართველებს დიდი სამსახური გაუწია. 

     საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ილია აგლაძე გაზეთების "კომუნისტისა" და "ლიტერატურული საქართველოს", აგრეთვე ჟურნალ  "მნათობის" რედაქციებში თანამშრომლობდა.

     ილია აგლაძე ნიადაგ ზრუნავდა ქართული ლიტერატურის მომავალზე. მისი მზრუნველობით აიდგეს ფეხი მწერლობაში სანდრო შანშიაშვილმა, გერონტი ქიქოძემ, სიკო ფაშალიშვილმა, მარიამ გარიყულმა და სხვებმა.

   ილია აგლაძე ფართო დიაპოზანის მოღვაწე იყო. მისი ენერგია ყველა კულტურულ-საზოგადოებრივ საქმიანობას ჰყოფნიდა. მთელი ცხოვრების მანძილზე იგი პარალელურად ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას. მან გააცნო ქართველ მკითხველა პუშკინის, ტურგენევის, ჩეხოვის, გორკის მთელი რიგი ნაწარმოებები. აღსანიშნავია მის მიერ ბრწყინვალედ თარგმნილი ლევ ტოლსტოის "ომი და მშვიდობა". 

     ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ილია აგლაძე თავდადებულად ემსახურა მშობლიური კულტურისა და მწერლობის განვითარების საქმეს.

    ილია აგლაძე გარდაიცვალა 1948 წლის 15 ივლისს წაღვერში და დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მწერალთა კავშირის საბჭო, წევრი (1920-1923)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1920-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ბაქოს განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრი (1916-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1906-1908)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ბაქოს განყოფილების ნამდვილი წევრი (1915-)
  • ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობა, წევრი

გააზიარე: