Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
მელანია ლუარსაბის ასული გველესიანი![]()
Biographyმელანია გველესიანი 1875 წელს ქუთაისში, ხელმოკლე ოჯახში დაიბადა. ბავშვობიდანვე სწავლისადმი დიდი მონდომებით გამოირჩეოდა. ქუთაისის წმინდა ნინოს ქალთა გიმნაზია წარმატებით (ოქროს მედლით) დაამთავრა, მაგრამ ოჯახის ფინანსური ხელმოკლეობიდან გამომდინარე სწავლის გაგრძელებაზე ოცნებაც კი წარმოუდგენელი იყო და სრულიად ახალგაზრდამ, ცნობილი პედაგოგის, იოსებ ოცხელის მიერ გახსნილ მოსამზადებელ სკოლაში პედაგოგად დაიწყო მუშაობა. XIX საუკუნის დამლევს და XX საუკუნის დასაწყისში, საქართველოში უკვე საკმაოდ იყვნენ ქართველი ქალები, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩაბმულები საზოგადოებრივ საქმიანობაში. მათ თვითმპრყობელურ მეფის რუსეთის მიერ, მცირე ეროვნებათა მიმართ წარმოებულ ეროვნული ჩაგვრის მძიმე პირობებში, უდავოდ ბევრი რამ გააკეთეს თავისი ხალხის საკეთილდღეოდ. მელანიას ასეთ ქალთა შორის, თავისი მოღვაწეობით, თვალსაჩინო ადგილი უჭირავს. რამდენიმე წლის განმავლობაში მან დიდი ჯაფა გასწია ქუთაისში ორგანიზებულ საკვირაო მუშათა სკოლაში, სადაც უფასოდ ამეცადინებდა მუშებსა და ხელოსნებს. ამავე დროს, მოწინავე ქალთა ჯგუფთან ერთად, იგი გახლდათ ე.წ."შაურიანი თეატრის" შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი და მისი წარმატებისათვის დაუღალავი მზრუნველი. ეს თეატრი, რომლის მუშაობაში ყველა უსასყიდლოდ იღებდა მონაწილეობას, მიზნად ისახავდა, შექმნილიყო მშრომელთა მასებისათვის ხელმისაწვდომი კულტურული გასართობი. სახელი „შაურიანი“ მას იმიტომ დაერქვა, რომ წარმოდგენის ბილეთი შაური ღირდა. მელანიამ თავისი ბედი და ცხოვრება დაუკავშირა ცნობილ საზოგადო მოღვაწესა და ჟურნალისტს გრიგოლ გველესიანს, რის შემდეგაც უფრო მეტად ჩაება საზოგადოებრივ მუშაობაში და მისი ოჯახი ქუთაისის მოწინავე ინტელიგენციის საკრებულოდ გადაიქცა, სადაც მრავალ კულტურულ წამოწყებას ჩაეყარა საფუძველი. აქ იკრიბებოდნენ მწერლები, მსახიობები, მასწავლებლები, ექიმები. თვით მხცოვანი პოეტი აკაკი წერეთელი ამ ოჯახს ხშირად სტუმრობდა. მელანია არა მხოლოდ დიასახლისი, არამედ მოწინავე იდეებით სავსე, ყოველგვარი კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის მხურვალე მონაწილე იყო. მელანია გველესიანი გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ქუთაისის განყოფილების საპატიო წევრი, სადაც იგი თითქმის ათი წლის განმავლობაში მოღვაწეობდა, როგორც გამგეობის წევრი და თავისი უანგარო შრომით განსაკუთრებული ამაგი დასდო ამ საზოგადოებას, რომელსაც ცარიზმის თვითმპყრობელურ-რუსიფიკატორული პოლიტიკის პირობებში, უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ქართული წიგნისა და სწავლა-განათლების გავრცელების საქმეში. მელანია გველესიანი ენერგიულად მუშაობდა ქართული წიგნების გამოცემისა და სკოლებისა და ბიბლიოთეკების დაარსებისთვის. მის მიერ შეკრებილი სახსრებით, რომელსაც წარმოდგენების, სეირნობებისა და სხვა ღონისძიებების მოწყობით აგროვებდა, დაარსდა იმ დროისათვის საუკეთესო მანქანა-დანადგარებით შეიარაღებული სტამბა, რის შედეგადაც საზოგადოებას შეექმნა პოლიგრაფიული ბაზა და საგამომცემლო საქმიანობის გაფართოების შესაძლებლობა. ქართულ ენაზე სახელმძღვანელოების ბეჭდვით საზოგადოებამ ნიადაგი შეამზადა შემდეგში ჩვენი სკოლის ნაციონალიზაციისათვის. 1915-1917 წლებში მელანია გველესიანი მუშაობდა ისტორიულ-ეთნოგრაფიულ საზოგადოებაში და მონაწილეობდა ისტორიის მუზეუმის შექმნაში. 1919 წელს ოჯახი თბილისში გადავიდა და მან ჩვეული ენერგიით განაგრძო მუშაობა „დედათა და ბავშვთა დაცვის საზოგადოებაში“, სადაც ხელმძღვანელობდა უპატრონო ბავშვთა სახლის, საბავშვო ბაღისა და კლუბის ბავშვთა სწავლების საქმის ორგანიზაციას. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ რამდენიმე წლის განმავლობაში მელანია საბავშვო სახლებისა და ბაგების კეთილმოწყობის ხელისშემწყობ ქალთა ჯგუფში მუშაობდა. მელანის გველესიანისა გარდაიცვალა 1946 წელს თბილისში და დაკრძალულია მეუღლის გვერდით, დიდუბის ქართველ მოღვაწეთა პანთეონში. Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |