The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



გრიგოლ ტიმოთეს ძე გიორგაძე

გრიგოლ ტიმოთეს ძე გიორგაძე
დაბადების თარიღი:20 ნოემბერი, 1879
გარდაცვ. თარიღი:17 ოქტომბერი, 1937  (57 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:უცნობია (დახვრეტილი)
კატეგორია:ადვოკატი, დამფუძნებელი წევრი, იურისტი, პოლიტიკოსი, რეპრესირებული

ბიოგრაფია

    გრიგოლ გიორგაძე დაიბადა 1879 წლის 20 ნოემბერს (ძვ. სტ.) ქუთაისის მაზრის სოფელ უხუთში „შთამომავლობითი მოქალაქის“ ოჯახში. დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სემინარია და სწავლის გასაგრძელებლად ხარკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაირიცხა, საიდანაც გადავიდა იურიევის (ტარტუს) უნივერსიტეტში. სწავლის დასრულების შემდეგ დაბრუნდა ქუთაისში და მუშაობდა ადვოკატად. გახლდათ რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის წევრი.

    1909 წლიდან გრიგოლ გიორგაძე გამოსცემდა ყოველკვირეულ გაზეთს „ფონი“.  რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული  სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრობის გამო. 1914 წელს, როგორც პოლიტიკურად არასაიმედოს, ქუთაისის გუბერნიიდან გადასახლება გადაუწყვიტეს.

     1917 წელს ნაფიცი ვექილის ხარისხი მიენიჭა. ამ ხარისხის მიღებაზე მეფის რუსეთის დროს მას უარი უთხრეს.

     1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ იყო ქუთაისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს თავმჯდომარე და ქუთაისის გუბერნიის კომისარი. 1917 წლის ნოემბრიდან არჩეული იქნა  საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად, ხოლო 1918 წლის თებერვლიდან იყო ამიერკავკასიის სეიმის წევრი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ გრიგოლ გიორგაძე გახლდათ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი და 1918-1919 წლებში მუშაობდა სამხედრო მინისტრის თანამდებობაზე.

    1919 წლის 12 მარტიდან არჩეული იქნა საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით.  გახლდათ იურიდიული კომისიის თავმჯდომარე, შემდგომ თავმჯდომარის ამხანაგი,  საბიუჯეტო-საფინანსო, სამხედრო, ტექნიკური და საპროპაგანდო კომისიების წევრი. პარალელურად მუშაობდა საქართველოს ცენტრალურ კოოპერაციულ კავშირში („ცეკავშირი“).

    1921 წლის იანვარში საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სხვა 11 წევრთან ერთად ჩამოაყალიბა ოპოზიციური ჯგუფი „სხივი“, რომელიც აკრიტიკებდა პარტიას იდეური პრინციპების დარღვევის, სახელმწიფო მმართველობის წარუმატებელი კურსისა და პარტიაში შიდა დემოკრატიის შესუსტების გამო. 1921 წლის იანვარში საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის თბილისის ორგანიზაციების კონფერენციაზე „სხივის“ ჯგუფს უმრავლესობამ მოსთხოვა, დაეცვა პარტიული დისციპლინა და შეეწყვიტა საკუთარი პარტიის ღია კრიტიკა გაზეთ „ახალი სხივის“ ფურცლებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი გაირიცხებოდნენ პარტიიდან. საპასუხოდ „სხიველთა“ ჯგუფმა 1921 წლის 11 თებერვლის დამფუძნებელი კრების სხდომაზე საჯაროდ განაცხადეს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის დატოვების შესახებ  და დამოუკიდებელი სოციალ-დემოკრატიული  ცალკე ოპოზიციური ფრაქციის შექმნის შესახებ დამფუძნებელ კრებაში.

    1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირებისას დაინიშნა მთავრობის საგანგებო რწმუნებულად ბათუმში, ხოლო  ოკუპაციის შემდეგ  საქართველოში დარჩა. რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული და ბოლოს, 1922 წლის ზაფხულის ბოლოს ავადმყოფობის გამო გაათავისუფლეს.

    1924 წლის აგვისტოს  აჯანყების დროს გრიგოლ გიორგაძე კვლავ დააპატიმრეს ავადმყოფობის გამო ციხის საავადმყოფოში მოათავსეს, რის გამოც დახვრეტას გადაურჩა. შემდგომ წლებში გრიგოლ გიორგაძე ცხოვრობდა და მუშაობდა თბილისში საქართველოს სსრ სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოს „პრომსტროიტრესტის“ იურისკონსულტად. მოამზადა მნიშვნელოვანი ნაშრომები საქართველოში სოციალისტური მოძრაობისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესების ისტორიის შესახებ.

    1937-38 წლების დიდი საბჭოთა ტერორის დროს, 1937 წლის 5 თებერვალს გრიგოლ გიორგაძე  ალმა-ათაში დააპატიმრეს . შინსახკომის ალმა-ათის სამმართველოსთან არსებულმა განსაკუთრებულმა სამეულმა (ე.წ. „ტროიკა“) გრიგოლ გიორგაძეს 1937 წლის 17 ოქტომბერს დახვრეტა მიუსაჯა.

    რეაბილიტრებულია საქართველოს სსრ უზენაესი სასამართლოს მიერ 1960 წლის 22 ივნისს და ყაზახეთის სსრ უზენაესი სასამართლოს მიერ 1971 წლის 28 სექტემბერს.

წყარო: SOVLAB

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, წევრი
  • ამიერკავკასიის სეიმი, წევრი (1918-)
  • რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, ქუთაისის ორგანიზაციის წევრი
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტი, წევრი (1918-)
  • საქართველოს ეროვნული საბჭო, წევრი (1917-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი (1913-)
  • ქუთაისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭო, თავმჯდომარე (1917-)

გააზიარე: