The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ნიკოლოზ იაკობის ძე ავალიშვილი

ნიკოლოზ იაკობის ძე ავალიშვილი
სხვა სახელი:დავიწყებული  (ფსევდონიმი)
თავისუფალი მეთვალყურე  (ფსევდონიმი)
ივრელი გლეხი  (ფსევდონიმი)
მოამბე  (ფსევდონიმი)
ნარანი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:4 ივლისი, 1844
გარდაცვ. თარიღი:17 სექტემბერი, 1929  (85 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი, ვერის სასაფლაო
კატეგორია:მთარგმნელი, მსახიობი, მწერალი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, რეჟისორი

ბიოგრაფია

    ნიკო ავალიშვილი დაიბადა 1844 წელს გარეკახეთის სოფელ საგარეჯოში  აზნაურ იაკობ ავალიშვილის ოჯახში. იაკობი გახლდათ მღვდელი, მწიგნობარი და კალიგრაფი. მან ბრწყინვალედ გადაწერა "ვეფხისტყაოსანი", "დიდმოურავიანი", "ყარამანიანი" და სხვ. მოღვაწეობდა ქალაქ ერევანში და 1849 წელს იქვე გარდაიცვალა მალარიით. საგარეჯოში მცხოვრები იაკობის დაქვრივებული მეუღლე, თავის ორ ქალიშვილთან და 6 წლის ნიკოსთან ერთად, საცხოვრებლად თბილისში გადავიდა, უფროს ვაჟთან - დავით ავალიშვილთან. დავითმა თავის მცირეწლოვან და-ძმას ღირსეული პატრონობა გაუწია, ხოლო ნიკოს ხელი შეუწყო, რათა სათანადო განათლება მიეღო.
     ნიკო ავალიშვილი 8 წლის ასაკში მიაბარეს თბილისის სასულიერო სასწავლებელში და ვინაიდან რუსულ ენას კარგად ფლობდა პირდაპირ მეორე კლასში ჩაირიცხა. მან წარმატებით დაძლია სასწავლო პროგრამა და სასწავლებელი დადგენილ ვადაზე ადრე დაასრულა, რის შემდეგაც თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩაირიცხა.

    1862 წელს იგი სწავლის გასაგრძელებლად გაემგზავრა მოსკოვში, სადაც ჩააბარა უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე. მოსკოვში მყოფი ნიკო რვა თვის განმავლობაში ცხოვრობდა ფრანგის ოჯახში, სადაც საფუძვლიანად შეისწავლა ფრანგული წერა-კითხვა. ის დიდ დროს უთმობდა ევროპული ლიტერატურის კითხვას და მათ ქართულ ენაზე თარგმნიდა.

       ნიკო ავალიშვილი რუსეთში ყოფნისას დაუმეგობრდა "თერგდალეულებს", განსაკუთრებით კი აკაკი წერეთელს. მან გადაწყვიტა, მოსკოვში დაეფუძნებინა სტამბა, რომელშიც ქართული წიგნები დაიბეჭდებოდა. იმავდროულად, სტამბაში დასაქმდებოდნენ ქართველი სტუდენტები, რომლებიც ამით საარსებო სახსარს მოიპოვებდნენ, მაგრამ ამ მამულიშვილურ წამოწყების განხორციელება ვერ მოხერხდა და 1866 წელს ნიკო იძულებული გახდა თბილისში დაბრუნებულიყო.

    1869-1872 წლებში ნიკო ავალიშვილი რედაქტორობდა ჟურნალ "მნათობს", თანამშრომლობდა ჟურნალში "დროება", მისი თხზულებები იბეჭდებოდა "ცისკარსა" და "ივერიაში". 

     1879 წლიდან ნიკო ავალიშვილი იყო "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრი. პარალელურად მესვეურობდა განახლებულ ქართულ თეატრს, რომლის აღორძინებაშიც უდიდესი წვლილი შეიტანა. 1893 წელს ავალიშვილი აირჩიეს ქართული დრამატული საზოგადოების ერთ-ერთ დამფუძნებელ წევრად, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა.  
     ნიკო ავალიშვილმა ქართულ ენაზე თარგმნა მსოფლიო ლიტერატურის შედევრები: სერვანტესის "დონ კიხოტი", პიერ ბომარშეს "ფიგაროს ქორწინება", ფრიდრიხ შილერის "ფიესკოს შეთქმულება გენუაში", "ვილჰელმ ტელი", "ყაჩაღები", "მგზავრი", ჰენრიკ სენკევიჩის "ვიდრე ჰხვალ" და სხვა. მანვე თარგმნა ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინის დრამა "ღალატი".

   ნიკო ავალიშვილი მნიშვნელოვან დროს უთმობდა მშობლიური კუთხის - გარეკახეთის აღორძინებაზე ზრუნვას. დიდი წვლილი შეიტანა თბილისიდან სიღნაღისკენ მიმავალი გზის შეკეთებაში, ხოლო 1877 წელს საგარეჯოში გახსნა კოოპერატივი "ივრის დამზოგველი ამხანაგობა", რომლის კომიტეტსაც თავადვე თავმჯდომარეობდა. მან გამოიგონა ხორბლის სალეწი მანქანა - კევრი და ახალი ნიმუშის კალო, რასაც იმდროინდელ ქართულ პრესაში ფართო გამოხმაურება მოჰყვა. ზაქარია ჭიჭინაძის მოგონებიდან: "79 წლის მოხუცი სოფელში ცხოვრობს მიწის მუშად გადაქცეული, თუმცა სამწერლო ასპარეზსაც თავს არ ანებებს. 60 წელიწადი მწერლობა და 26 წელიწადი თეატრის სამსახური..... ნეტა როდისღა ცხოვრობდა თავისი სიამოვნებით.... არც როდის!!!".

    ნიკო ავალიშვილი გარდაიცვალა 1929 წლის 17 სექტემბერს 85 წლის ასაკში და დაკრძალულია ვერის სასაფლაოზე.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1879-1898)
  • ქართული დრამატული საზოგადოება, საზოგადოების დამფუძნებელი წევრი

ბიბლიოგრაფია

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სახლი
    მისამართი:თბილისი

გააზიარე: