The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი

იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი
დაბადების თარიღი:27 ოქტომბერი, 1840
გარდაცვ. თარიღი:1 ივნისი, 1912  (71 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონი
კატეგორია:მწერალი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

   იაკობ გოგებაშვილი დაიბადა 1840 წლის 28 ოქტომბერს (ძვ. სტ. 15 ოქტომბერს) სოფ. ვარიანში, ღარიბი მღვდლის ოჯახში. სწავლობდა ჯერ გორის, შემდეგ თბილისის სასულიერო სასწავლებელში. 1855 წელს შევიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1861 წელს კი — კიევის სასულიერო აკადემიაში. პარალელურად უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო დისციპლინებში ისმენდა ლექციებს, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, იძულებული გახდა 1863 წელს სამშობლოში დაბრუნებულიყო. 1864 წელს გოგებაშვილი თბილისის სასულიერო სასწავლებლის მასწავლებლად, ხოლო1868 წელს მის ინსპექტორად დაინიშნა. ამავე დროს, იგი აქტიურად ჩაება ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, რომელსაც ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი მეთაურობდნენ. გოგებაშვილის პროგრესულმა პედაგოგიურმა მოღვაწეობამ სინოდისა და მეფის ხელისუფალთა უკმაყოფილება გამოიწვია და 1874 წელს, იგი, როგორც პოლიტიკურად არასაიმედო, მოხსნეს თანამდებობიდან.

   1879 წლიდან იყო "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" დაარსების ერთ–ერთი ინიციატორი და ნამდვილი წევრი. დამფუძნებელ წევრობაზე უარი განაცხადა, რადგან ის მთავრობისგან შერისხული იყო და შიშობდა, პრობლემები არ შექმნოდა საზოგადოებას წესდების დამტკიცების დროს.

   1879–1901 წლებში იყო გამგეობის წევრი, 1890 წლიდან საპატიო წევრი. მისი დაჟინებული მოთხოვნით წესდებაში შეიტანეს მესამე მუხლად ცნობილი პარაგრაფი, რომლის მიხედვითაც ამ საზოგადოების სკოლებში დაწყებითი განათლება იქნებოდა ქართულ ენაზე.

   1888 წლიდან საზოგადოებას გამოსაცემად დაუთმო "დედა ენა", "ბუნების კარი" და "რუსსკოე სლოვო". იყო საზოგადოების სკოლების მეთვალყურე და ხელმძღვანელი, მოთავე ქშწკგ საზოგადოების მიერ ნიკოლოზ ბარათაშვილის  ნეშტის განჯიდან თბილისში გადმოსვენებისა.

   მისი ავტორობით საზოგადოებამ დაბეჭდა 103 წიგნი, აქედან "დედა ენა" – 48 გამოცემა, "ბუნების კარი" – 11 გამოცემა.

   იაკობ გოგებაშვილი გარდაიცვალა 1912 წლის 14 ივნისს თბილისში.

   მთელი თავისი ქონება პირადი ბიბლიოთეკისა და ლიტერატურული მემკვიდრეობის ჩათვლით "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებას" უანდერძა. სიცოცხლეშივე შეიძინა ნაკვეთი დიდუბის პანთეონში მეგობრის, ნიკო ღოღობერიძის საფლავის გვერდით. წინააღმდეგი იყო მისი სხვაგან, მათ შორის მთაწმინდაზე, დაკრძალვისა. საზოგადოებამ ანდერძის თანახმად დიდუბის პანთეონში დაკრძალა.

   1940 წელს დიდუბიდან მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში გადაასვენეს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1879-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების გამგეობის წევრი (1879-1901)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების საპატიო წევრი (1890-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: