The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი

ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი
Other name:უგვარო   (Pseudonym)
ფ. პატრიშვილი  (Pseudonym)
Date of birth:20 January, 1872
Date of death:29 March, 1950  (at 78 years)
Burial location:თბილისი, ვაკის პანთეონი
Category:Economist, Medical Doctor, Critic, Explorer, Writer, Educator, Publicist, Public Figure

Biography

    ფილიპე გოგიჩაიშვილი დაიბადა 1872 წლის 20 იანვარს (ძვ. სტ.) ლანჩხუთში, მღვდლის ოჯახში. 1880-1887 წლებში სწავლობდა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში და სწავლა გააგრძელა თბილისის მეორე გიმნაზიაში, რომელიც 1894 წელს დაამთავრა. პარალელურად, 1892 წლიდან, სამეცნიერო პუბლიცისტურ მოღვაწეობას ეწეოდა და 1894-1896 წლებში იგი შავი ქვის მრეწველობაში ბუღალტერ-კორესპონდენტად მუშაობდა.

   1899 წელს ფილიპე გოგიჩაიშვილმა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი დაამთავრა და სამშობლოში დაბრუნების შემდეგ სოფელ დიდ ჯიხაიშსა და გორისაში ექიმად მუშაობდა. სიღარიბის მიუხედავად,მან საწადელს მაინც მიაღწია და 25 წლისა სასწავლებლად გერმანიაში წავიდა. ხელს უმართავდნენ პეტრე უმიკაშვილი და დავით სარაჯიშვილი. 1901 წელს დაამთავრა ლაიფციგის უნივერსიტეტის  ფილოსოფიის ფაკულტეტის ეკონომიურ მეცნიერებათა განყოფილება და დაიცვა სადოქტორო დისერტაცია „ხელოსნობა საქართველოში, რომელიც საქართველოს შინამრეწველობის საკითხებს ეხებოდა. „ეს წიგნი მეტად საინტერესოა ევროპის მეცნიერებისათვის. იგი აცნობს მათ სრულიად ახალ მხარეს, და იმ მხრივ, რომელიც ხელშეუხებელია ევროპის მეცნიერებისაგან“ - წერდა 1901 წელს გაზეთი „კვალი“.

    1902 წლიდან ფილიპე გოგიჩაიშვილი გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ნამდვილი წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების საქმიანობაში. იგი იყო „მესამე დასის“ წევრი, ხოლო შემდეგ მეშევიკ-ავტონომისტი.

    ფილიპე გოგიჩაიშვილი თანამშრომლობდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში. წერდა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამწერლო, ხელოვნების და სხვა საკითხების შესახებ. მეცნიერული და ეროვნულ-საზოგადოებრივი თვალსაზრისით იხილავდა და ააშკარავებდა თანამემამულეთა ყოველ ავსა და კარგს. საქართველოს დაწინაურების მთავარ ძალად მიაჩნდა ეროვნული აღორძინება-გამრავლება,  ნივთიერი გაძლიერება, ვაჭრობა-მრეწველობის აყვავება და ხალხის განათლება. 1905-1906 წლებში რედაქტორობდა გაზეთ „ივერიას“.

    1906 წელს ფილიპე გოგიჩაიშვილი პირველი სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი იყო ქუთაისის გუბერნიიდან და კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოების სტატისტიკურ ბიუროს ხელმძღვანელობდა. 1907 წელს სამუშაოდ თბილისში გადავიდა, ხოლო 1910 წელს დააპატიმრეს და ერთი წელი მეტეხის ციხეში გაატარა.

    1914-1916 წლებში ფილიპე გოგიჩაიშვილი ერობის კავშირის ამიერკავკასიის კომიტეტში მუშაობდა, ხოლო 1917-1918 წლებში რკინიგზის კახეთის გამგეობის თავმჯდომარე იყო.

    ფილიპე გოგჩაიშვილი გახლდათ თბილისის უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი და 1918 წლიდან პროფესორი. კითხულობდა ისტორიას, საფინანსო მეცნიერებასა და სტატისტიკას. 10 წლის განმავლობაში მუშაობდა მარქს-ენგელსის ნაწარმოებთა ქართულ გამოცემაზე და აგრეთვე, ქართულ ენაზე მოამზადა სმიტ-რიკარდოს თხზულებები.

    1918-1920 წლებში ფილიპე გოგიჩაიშვილი პირველი რესპუბლიკის სახელმწიფო კონტროლიორი იყო და 1945 წლიდან, სიცოცხლის ბოლომდე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტში მუშაობდა. გოგიჩაიშვილის მეცნიერული ნაშრომები ძირითადად საქართველოსა და ამიერკავკასიის სოციალურ-ეკონომიური ცხოვრების საკითხებს ეხებოდა. მან გარდა პოლიტიკური ეკონომიკის კლასიკოსთა ნაშრომებისა, ქართულად თარგმნა „ფილოსოფიის სიღატაკე“, „პოლიტიკური ეკონომიის კრიტიკისათვის“ და „კომუნისტური ეკონომიის მანიფესტი“.

     ფილიპე გოგიჩაიშვილს დიდი წვლილი მიუძღვის ქართულ ფოლკლორისტიკაშიც. მან პეტრე უმიკაშვილისგან ანდერძით მიიღო ქართული ფოლკლორის ნიმუშთა უმდიდრესი კოლექცია, რომელიც 1937 წელს გამოსცა კიდეც სათაურით - „ხალხური სიტყვიერება“. აღსანიშნავია მისი პიესები: „ქოხში“, „წამხდარი სისხლი“, რომანი-ქრონიკა „სამი დროება“ და აგრეთვე კრიტიკული წერილები რაფიელ ერისთავის, მ. გურულის, დავით კლდიაშვილისა და სხვათა შესახებ.

    ფილიპე გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა 1950 წლის 30 მარტს და დაკრძალეს ვაკის სასაფლაოზე, ხოლო 2002 წლის 13 სექტემბერს მისი ნეშტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პანთეონში გადაასვენეს. 2008 წელს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ, ეკონომიკის დარგში, მისი სახელობის პრემია დააწესა.

Member of Organizations

  • თბილისის საქალაქო სათათბირო, ხელმძღვანელი (1903-1913)
  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ერთ-ერთი დამაარსებელი
  • კახეთის რკინიგზის გამგეობა, თავმჯდომარე (1917-1918)
  • სრულად რუსეთის საერობო კავშირი ამიერკავკასიაში, რწმუნებული (1914-1916)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1902-)

Awards and Honors

  • 1945 - საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე
  • 1935 - ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი

Bibliography


Share: