The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



მიხეილ გიორგის ძე გოგლიძე

მიხეილ გიორგის ძე გოგლიძე
დაბადების თარიღი:6 დეკემბერი, 1872  (151 წლის)
კატეგორია:მუშა, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

    მიხეილ გოგლიძე დაიბადა 1872 წელს გორის მაზრის სოფელ ერგნეთში, ღარიბი გლეხის ოჯახში.  ადრეული ასაკიდან დაობლებული, 14 წლიდან მოჯამაგირედ მუშაობდა, ხოლო შემდეგ მამიდაშვილმა დავით გაგლოევმა თბილისში წამოიყვანა და სახელოსნო სკოლაში მიაბარა, რომლის დამთავრების შემდეგ, 1898 წლიდან, თბილისის რკინიგზის მთავარ სახელოსნოში ზეინკლად მუშაობდა. სწორედ ამ პერიოდიდან ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში. თბილისის რუქსის ქარხანაში ახალგაზრდა მუშებთან ერთად სოციალ-დემოკრატიული წრე ჩამოაყალიბა და ყველა რევოლუციურ გამოსვლაში იღებდა მონაწილეობას.

    1901 წელს მიხეილ გოგლიძე დააპატიმრეს, მისი ბინა გაჩხრიკეს და ციხეში ჩასვეს, მაგრამ სამი თვის შემდეგ პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ გაათავისუფლეს. გამომდინარე იქიდან, რომ სამუშაოდ არსად არ მიიღეს, ჭიათურაში გაიპარა და გ. ზდანევიჩის დახმარებით ჭიათურის ელექტროსადგურის გამგედ დაიწყო მუშაობა. აქაც სოციალ-დემოკრატთა წრე ჩამოაყალიბა, რომლის ხელმძღვანელობითა ჭიათურაში დიდი გაფიცვა მოაწყვეს. სხვა ხელმძღვანელებთან ერთად მიხეილიც დააპატიმრეს, მაგრამ ისევ ზდანევიჩის დახმარებით გაათავისუფლეს და თბილისში დაბრუნდა.

    მიხეილ გოგლიძემ თბილისში „ქართველთა წიგნების გამომცემელ ამხანაგობაში“ დაიწყო მუშაობა, სადაც სპეციალური სახარატო ჩარხი ააწყო, რომელზეც ყუმბარებს ამზადებდნენ. ამავე სტამბაში ბეჭდავდა, აწყობდა და ინახავდა პროკლამაციებს, რომლებიც 1908 წელს საკუთარი ხარჯითა და  სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალური კომიტეტის დახმარებით პარიზში წაიღო. პროკლამაციები დამზადებული იყო ქართულ, რუსულ და თურქულ ენებზე, რომლებიც გოგლიძემ ილია ჭავჭავაძის თხზულებათა ყდაში ჩაალაგა და საზღვარზე ისე გაიტანა.

   1909 წლის დეკემბერში, პარიზიდან დაბრუნებისთანავე, მიხეილ გოგლიძე ჟანდარმებმა კვლავ გაჩხრიკეს, არალეგალური ლიტერატურა უპოვნეს და დააპატიმრეს, ხოლო ერთი წლის პატიმრობის შემდეგ ხუთი წლით კავკასიის საზღვრებიდან გააძევეს. სასჯელი მოიხადა დონის როსტოვში.

   მიხეილ გოგლიძეს ახლო კავშირი და პარტიული ურთიერთობა ჰქონდა ნოე ჟორდანიასა და ფილიპე მახარაძესთან. იგი ცნობილი იყო, როგორც საიმედო, პარტიულ დავალებათა უპირობო შემსრულებელი და დევნილ რევოლუციონერთა თავის ოჯახში შემფარებელი.

   მიხეილ გოგლიძის გარდაცვალების თარიღი უცნობია.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1917-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1900-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: