The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



გაბრიელ (გაბო) იოსების ძე გოკიელი

გაბრიელ (გაბო) იოსების ძე გოკიელი
დაბადების თარიღი:6 ნოემბერი, 1868
გარდაცვ. თარიღი:18 თებერვალი, 1938  (69 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

   გაბრიელ გოკიელი დაიბადა 1868 წელს ქალაქ ახალციხეში, განთქმული ოქრომჭედლის იოსებ გოკიელის ოჯახში.

    პირველდაწყებითი განათლება ქუთაისის ვაჟთა გიმნაზიაში მიიღო, რომელიც 1893 წელს წარჩინებით დაამთავრა. მას ბავშვობიდანვე ჰქონდა ექიმის პროფესიისადმი მისწრაფება. სწავლის გასაგრძელებლად ხარკოვში გაემგზავრა და ჩაირიცხა უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. ხარკოვის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 1898 წლიდან ერთი წელი მოსკოვის უნივერსიტეტის შინაგან სნეულებათა კლინიკაში პროფესორ ოსტროუმოვთან ორდინატორად მუშაობდა. 1899 წელს ცოდნის სრულყოფის მიზნით  საზღვარგარეთ გაემგზავრა და ორი წლის განმავლობაში პარიზის საუკეთესო კლინიკებში მუშაობდა.

   1901 წელს გოკიელი სამშობლოში დაბრუნდა და დასახლდა ქუთაისში, სადაც მთელი ცხოვრება გაატარა. იგი შინაგან სნეულებათა ექიმი იყო, მაგრამ აგრეთვე წარმატებით მკურნალობდა კანისა და ვენერიული სენით, ყელ–ყურ–ცხვირისა და თვალის სნეულებით დაავადებულ ავადმყოფებს, პოპულარობით სარგებლობდა როგორც ბავშვთა ექიმი და არცთუ იშვიათად ქირურგიული მანიპულაციებიც უწარმოებია. ასეთი ფართო სფერო იმ პერიოდის ქუთაისში ექიმთა კადრების სიმცირით იყო გამოწვეული.

   1902 წლიდან გაბრიელ გოკიელი აქტიურად მონაწილეობს ქალაქის თვითმმართველობაში, იყო ქალაქის საბჭოს ხმოსანი.  მისი ინიციატიცით დაარსდა ქუთაისის სასოფლო-სამეურნეო სკოლა. იგი ერთ–ერთი პირველი გამოვიდა ინიციატივით, რათა ქუთაისში აეგოთ წყალსადენი და სათანადო სიმაღლეზე მდგარიყო სააფთიაქო მომსახურების საქმე. მისი თაოსნობითა და ნაწილობრივ მისივე სახსრებით სიმონ ხეჩინაშვილთან ერთად ქუთაისის  აგრონომიულ ტექნიკუმთან აშენდა ამბულატორია და 250 საწოლიანი საავადმყოფო, სადაც უსასყიდლოდ ემსახურებოდნენ ტექნიკუმის მოსწავლეებსა და პედაგოგებს.

   გაბრიელ გოკიელი იყო საქართველოში ფიზიოთერაპიული მეთოდებით მკურნალობის ერთ–ერთი პიონერი, აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა ქუთაისის ექიმთა საზოგადოების მუშაობაში, რამდენჯერმე  იყო სრულიად რუსეთის ექიმთა ყრილობების მონაწილე, აქვეყნებდა სამეცნიერო–პოპულარულ წერილებს. იგი იყო კავკასიაში ტუბერკულოზთან მებრძოლი საზოგადოების წევრი. მან გადაწყვიტა ამ სენით დაავადებულთა დახმარება და ვინაიდან ამ ავადმყოფობის მკურნალობის საუკეთესო საშუალებად კურორტი აბასთუმანი ითვლებოდა, გადაწყვიტა აქ გაეხსნათ პირველი სანატორიუმი. ტუბერკულოზის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების შესასწავლად მან რამდენიმე თვე მოსკოვისა და პეტერბურგის საავადმყოფოებში იმუშავა და ჩამოსვლისთანავე აბასთუმანში 25 ოთახიანი სანატორიუმი გახსნა,სადაც ავადმყოფებს უფასოდ ემსახურებოდა.

   1913 წლიდან გოკიელი იყო "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ქუთაისის განყოფილების წევრი. მისი საზოგადო მოღვაწეობის ერთ–ერთი მთავარი სარბიელი იყო ქუთაისის თეატრი, რომელსაც იგი გარდაცვალებამდე  სრულიად უსასყიდლოდ მკურნალობდა. გაბრიელი არა მარტო მსახიობებს, არამედ მათი ოჯახის წევრებსაც უანგაროდ ემსახურებოდა.

   გაბრიელ გოკიელი გარდაიცვალა 1938 წელს, დაკრძალულია ქალაქ თბილისში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • კავკასიაში ტუბერკულოზთან მებრძოლი საზოგადოება, საზოგადოების წევრი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი (1913-)
  • ქუთაისის საექიმო საზოგადოება, საზოგადოების დამაარსებელი

გააზიარე: