The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ივანე გედევანის ძე გომართელი

ივანე გედევანის ძე გომართელი
დაბადების თარიღი:2 ოქტომბერი, 1876
გარდაცვ. თარიღი:20 აპრილი, 1938  (61 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი
კატეგორია:ექიმი, კრიტიკოსი, მწერალი, პოლიტიკოსი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

     ივანე გომართელი დაიბადა 1876 წელს საჩხერის რაიონის სოფელ გორისაში. მშობლებმა იგი თბილისის ქართულ გიმნაზიაში მიაბარეს, რომელიც 1894 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა და სწავლის გასაგრძელებლად რუსეთში გაემგზავრა. 1895 წელს მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის სამკურნალო განყოფილებაზე ჩაირიცხა.

   1900 წელს, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაღრმავების მიზნით, მოსკოვის თერაპიულ კლინიკაში განაგრძო მუშაობა. ამის შემდეგ ივანე გომართელი გერმანიაში ჰანოვერისა და ბერლინის კლინიკების გასაცნობად გაემგზავრა, სადაც მან რამდენიმე წელი დაჰყო.

   1906 წელს მედიცინის უახლესი მიღწევებით შეიარაღებული საქართველოში დაბრუნდა და ახალქალაქის მაზრის სოფელ ბარალეთში ქსენონის ექიმად დაიწყო მუშაობა.  სხვადასხვა დროს ექიმად მუშაობდა სოფელ დიდ ჯიხაიშში,  გორისაში, თბილისში, ქუთაისში ქალაქის სანიტარული ექიმის თანამდებობაზე და სხვა.

    ივანე გომართელი მრავალი პატრიოტული წამოწყების ინიციატორი იყო. მონაწილეობდა ქოლერის, შავი ჭირის, ბავშვთა ეპიდემიური დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაში. მან ზემო იმერეთში, სოფელ გორისაში საკუთარი სახსრებით ააგო ორსართულიანი საავადმყოფო, სადაც მოსახლეობას უფასოდ მკურნალობდა. 

    1901 წლიდან პერიოდულ პრესაში სისტემატურად აქვეყნებდა სტატიებს სამედიცინო საკითხებზე. იყო “მესამე დასის” წევრი, მენშევიკ-ავტონომისტი, “ალიონელი”, 1906  წლის რუსეთის პირველი სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი, ხოლო დემოკრატიული რესპუბლიკის წლებში საქართველოს ეროვნული საბჭოს, პარლამენტისა და დამფუძნებელი კრების წევრი. 

    1902 წლიდან ივანე გომართელი იყო "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" გამგეობის წევრი. აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, ლექციებს კითხულობდა ანატომიაში ლადო მესხიშვილის მიერ ქუთაისის თაეტრთან არსებულ კვალიფიკაციის ასამაღლებელ მსახიობთა ჯგუფთან. ქუთაისში მოღვაწეობის პერიოდში მას მუდმივი კავშირი ჰქონდა თბილისის ჟურნალ–გაზეთების რედაქციებთან, წერილებს აქვეყნებდა: "კვალში", ივერიაში", ჟურნალ "მოგზაურში" და სხვა. მის კალამს ეკუთვნის წიგნები: "გლეხის კარაბადინი", "საუბარი ჯანმრთელობის საკითხებზე", "შთაბეჭდილებანი საზღვარგარეთ მოგზაურობის შესახებ", აგრეთვე პიესები: "წამხდარი სისხლი", ქოხში", "დრამატული გამგეობის წევრი" და მრავალი სხვა სამედიცინო თუ მხატვრული ნაწარმოები.

   ივანე გომართელმა თავისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის ბოლო წლები თბილისში გაატარა. იგი გარდაიცვალა 1938 წელს და დაკრძალულია თბილისში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი (1920-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1918-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სარევიზიო კომისიის წევრი (1908-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1900-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების გამგეობის წევრი (1902-)

გააზიარე: