The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ივანე გედევანის ძე გომართელი

ივანე გედევანის ძე გომართელი
Legal name:ივანე გედეონის ძე გომართელი
Other name:ანასინი  (Pseudonym)
ახელი  (Pseudonym)
ექიმი  (Pseudonym)
Date of birth:2 October, 1876
Date of death:19 April, 1938  (at 61 years)
Burial location:თბილისი, ვაკის სასაფლაო
Category:Founding member, Medical Doctor, Critic, Writer, Politician, Publicist

Biography

    ივანე გომართელი დაიბადა 1876 წელს საჩხერის რაიონის სოფელ გორისაში შეძლებული აზნაურის ოჯახში. მშობლებმა იგი თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში მიაბარეს, ხოლო შემდეგ თბილისის მეორე ქართულ გიმნაზიაში, რომელიც 1894 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა და სწავლის გასაგრძელებლად რუსეთში გაემგზავრა. 1895 წელს მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის სამკურნალო განყოფილებაზე ჩაირიცხა.

   1900 წელს, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაღრმავების მიზნით, მოსკოვის თერაპიულ კლინიკაში განაგრძო მუშაობა. ამის შემდეგ ივანე გომართელი გერმანიაში ჰანოვერისა და ბერლინის კლინიკების გასაცნობად გაემგზავრა, სადაც მან რამდენიმე წელი დაჰყო. ამის შემდეგ მედიცინის უახლესი მიღწევებით შეიარაღებული საქართველოში დაბრუნდა და ახალქალაქის მაზრის სოფელ ბარალეთში ქსენონის ექიმად დაიწყო მუშაობა.  სხვადასხვა დროს ექიმად მუშაობდა სოფელ დიდ ჯიხაიშში,  გორისაში, თბილისში და ქუთაისში ქალაქის სანიტარული ექიმის თანამდებობაზე. განსაკუთრებული საექიმო ნიჭისა და კომუნიკაციის უნარის გამო იგი ძალზე პოპულარული ექიმი იყო მთელ საქართველოში.

    ივანე გომართელი მრავალი პატრიოტული წამოწყების ინიციატორი იყო. მონაწილეობდა ქოლერის, შავი ჭირის, ბავშვთა ეპიდემიური დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაში. მან ზემო იმერეთში, სოფელ გორისაში საკუთარი სახსრებით ააგო ორსართულიანი საავადმყოფო, სადაც მოსახლეობას უფასოდ მკურნალობდა. 

    1901 წლიდან პერიოდულ პრესაში სისტემატურად აქვეყნებდა პუბლიცისტურ წერილებს, სამეცნიერო-პოპულარულ სტატიებს ისტორიის, ლიტერატურისა და მედიცინის საკითხებზე. გახლდათ ჟურნალ „კვალის“ თანამშრომელი და იყენებდა ფესვდონიმებს.

   1902 წლიდან ივანე გომართელი იყო "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" გამგეობის წევრი. აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, ლექციებს კითხულობდა ანატომიაში ლადო მესხიშვილის მიერ ქუთაისის თაეტრთან არსებულ კვალიფიკაციის ასამაღლებელ მსახიობთა ჯგუფთან. ქუთაისში მოღვაწეობის პერიოდში მას მუდმივი კავშირი ჰქონდა თბილისის ჟურნალ–გაზეთების რედაქციებთან, წერილებს აქვეყნებდა: "კვალში", ივერიაში", ჟურნალ "მოგზაურში" და სხვა. მის კალამს ეკუთვნის წიგნები: "გლეხის კარაბადინი", "საუბარი ჯანმრთელობის საკითხებზე", "შთაბეჭდილებანი საზღვარგარეთ მოგზაურობის შესახებ", აგრეთვე პიესები: "წამხდარი სისხლი", ქოხში", "დრამატული გამგეობის წევრი" და მრავალი სხვა სამედიცინო თუ მხატვრული ნაწარმოები.

      ივანე გომართელი საკმაოდ აქტიური პიროვნება გახლდათ პოლიტიკაშიც. 1897 წლიდან იგი იყო რტუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი და 1905 წელს თანაგუნდელებთან ეროვნულ საკითხში უთანხმოების გამო პარტიის რიგები დატოვა, თუმცა, მოგვიანებით კვლავ დაბრუნდა.

    1906 წელს რუსეთის პირველი სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატად იქნა არჩეული ქუთაისის გუბერნიიდან და სათათბიროს დაშლის შემდეგ, 1906 წლის 10 ივლისს ხელი მოაწერა „ვიბორგის მოწოდებას“, რის გამოც დააპატიმრეს და გაასამართლეს სხვა ხელმომწერებთან ერთად. შედარებით მოგვიანებით, ასევე პოლიტიკური მიზეზით, რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული და იჯდა მეტეხის ციხეში.

    ივანე გომართელი 1907 წლამდე ქუთაისში ცხოვრობდა, ხოლო შემდეგ, ადგილობრივი ხელისუფლების მოთხოვნით, დატოვა ქალაქი და საცხოვრებლად თბილისში გადავიდა, სადაც სამედიცინო პრაქტიკას აგრძელებდა.

    1917 წელს ივანე გომართელი საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად აირჩიეს, 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი და 1919 წლის 12 მარტიდან საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიიდან. იყო სარეკომენდაციო და საპროპაგანდო კომისიების წევრი და აგრეთვე სარედაქციო, ხელოვნების და სახალხო ჯანმრთელობის კომისიების თავმჯდომარე.

    1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ საქართველოში დარჩა, მთლიანად ჩამოშორდა პოლიტიკურ საქმიანობას და საექიმო პრაქტიკასა და პუბლიცისტურ საქმიანობას მიჰყო ხელი.

   ივანე გომართელმა თავისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის ბოლო წლები თბილისში გაატარა. იგი 1938 წლის 19 აპრილს მოულოდნელად გარდაიცვალა და დაკრძალულია თბილისში. არსებობს ვერსია, რომ მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

Member of Organizations

  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტი, წევრი (1918-)
  • საქართველოს ეროვნული საბჭო, წევრი (1917-)
  • საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტი, წევრი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი (1920-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1900-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სარევიზიო კომისიის წევრი (1908-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1918-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების გამგეობის წევრი (1902-)

Contacts Information

  • Home
    Address:თბილისი,პეროვსკაიას (გ. ახვლედიანის) ქუჩა N21

Share: