The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ივანე მიხეილის ძე გომელაური

ივანე მიხეილის ძე გომელაური
Date of birth:10 September, 1867
Date of death:8 November, 1951  (at 84 years)
Category:Writer, Educator, Public Figure

Biography

    ივანე გომელაური დაიბადა 1867 წელს სიღნაღის მაზრის სოფელ მირზაანში. თავდაპირველად დაწყებითი განათლების მისაღებად მშობლებმა ზემო მაჩხაანში გაგზავნეს, მაგრამ მალევე მირზაანის ახალგახსნილ პირველდაწყებით სასწავლებელში გადაიყვანეს. 1879 წელს ივანე სიღნაღის საქალაქო სასწავლებელში ჩაირიცხა, ხოლო 1886 წლიდან თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტში აგრძელებს სწავლას, რომელიც 1890 წელს დაამთავრა.

    1890 წლის სექტემბრიდან ივანე ოზურგეთის საქალაქო სკოლის მასწავლებლის თანაშემწედ დაინიშნა და ახალგაზრდული ენერგიით შეუდგა პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1896 წელს გომელაური ზუგდიდის საქალაქო სკოლის შტატის მასწავლებლად დაინიშნა, ხოლო 1898 წლის დასაწყისში თბილისის ქართულ გიმნაზიაში მიიწვიეს აღმზრდელ–მასწავლებლად. იგი ჩვეული ენერგიით შეუდგა თავის საყვარელ საქმეს და მალევე მოიპოვა მოსწავლეთა პატივისცემა და სიყვარული. ამ პერიოდში ივანე ფართო საზოგადოებრივ–კულტურულ მუშაობას ეწეოდა: უსასყიდლოდ ასწავლიდა მუშათა საკვირაო სკოლაში, მართავდა საჯარო ლექციებს, მონაწილეობას ღებულობდა ე.წ. ავჭალის აუდიტორიის წარმოდგენებში, სასკოლო დისციპლინებს ასწავლიდა რკინიგზის მუშებს.

   1898–1899 წლებში ივანე გომელაური ძველი სენაკის ქართულ სკოლაში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1899 წლიდან იგი თბილისში გადმოდის და ქართველ კათოლიკეთა ორკლასიან სკოლაში იწყებს მუშაობას.

   1900 წელს ივანე გომელაურმა და არსენ მამულაიშვილმა (ლალიონი) დააარსეს კერძო სასწავლებელი. 1902 წლიდან იგი სოფელ წინამძღვრიანთკარის სასოფლო–სამეურნეო სკოლაში მასწავლებლად გაიგზავნა, ხოლო 1904 წლიდან ბაქოს საზღვაო სკოლაში მოღვაწეობდა.

   1905 წლის წლის შემოდგომიდან ივანე გომელაური ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა ექვსკლასიან სასწავლებელში ქართული ენის მასწავლებლად დაინიშნა. ჭიათურაში მოღვაწეობის პერიოდში ივანე აქტიურ მონაწილეობას იღებდა "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ფილიალის, დრამატულ საზოგადოების და სახალხო უნივერსიტეტის მუშაობაში.

 1917 წელს მასწავლებელთა ყრილობამ ივანე გომელაური თბილისის გუბერნიის სახალხო სკოლების ინსპექტორად აირჩია. მან დაწვრილებით შეისწავლა სკოლების უნუგეშო მდგომარეობა და თავის წერილში "ჩვენი სახალხო სკოლა" გამოააშკარავა სახალხო განათლების დაცემის ნათელი სურათი. ეს რასაკვირველია მიუღებელი აღმოჩნდა მაშინდელი ხელმძღვანელობისთვის და ჩატარებული "რეორგანიზაციის" შედეგად დამსახურებული პედაგოგი სრულიად უადგილოდ დატოვეს.

   1920 წელს გომელაურმა თბილისის მე–7 ქალთა გიმნაზიაში ქართული ენის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა, სადაც პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა 1926 წლამდე.

   ივანე გომელაური პედაგოგობასთან ერთად ნაყოფიერ ლიტერატურულ–პედაგოგიურ მუშაობას ეწეოდა ქართულ პრესაში. მისი სტატიების უმრავლესობა ახალგაზრდობის სწავლა–აღზრდის მნიშვნელოვან საკითხებს ეხებოდა.

    1906 წელს გომელაურმა შეადგინა და გამოსცა ცნობილი სახელმძღვანელო "სკოლებში შესასწავლი ქართველი მწერლები", რომელსაც იმთავითვე მაღალი შეფასება მისცეს ნიკო ლომოურმა და ლუარსაბ ბოცვაძემ. მისი თანაავტორობით შედგენილი და გამოცემული იქნა აგრეთვე "სამოუჩიტელ გრუზინსკოგო იაზიკა", "ქრესტომათია არაქართველთათვის", "ტალღები" და სხვა. ივანე ქართულ ენაზე თარგმნიდა პედაგოგიურ–ლიტერატურულ თხზულებებს და წერდა საბავშვო მოთხრობებსაც.

    1944 წელს სახალხო განათლების დარგში თვალსაჩინო დამსახურებისთვის ივანე გომელაურს საქართველოს სსრ სკოლის დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა.

    ივანე გომელაური გარდაიცვალა 1951 წლის 8 ნოემბერს.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ჭიათურის განყოფილების გამგეობის წევრი (1913-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ჭიათურის განყოფილების თავმჯდომარის ამხანაგი (1909-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ჭიათურის განყოფილების ნამდვილი წევრი (1909-1916)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი (1920-)

Awards and Honors

  • დამსახურებული მასწავლებელი

Bibliography


Share: