The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



იაკინთე გორგაძე

იაკინთე გორგაძე
ოფიციალური სახელი:იოაკიმ იოსების ძე გორგაძე
დაბადების თარიღი:1870
გარდაცვ. თარიღი:24 ივნისი, 1936  (66 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ბორჯომი, სამოქალაქო სასაფლაო
კატეგორია:პედაგოგი, სასულიერო პირი

ბიოგრაფია

    იაკინთე გორგაძე დაიბადა 1870 წელს ქუთაისის მაზრის სოფელ ბაბში სასულიერო პირის ოჯახში. მამა იოსებ გორგაძე ბაბის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი იყო. იაკინთემ პირველდაწყებითი განათლება ოჯახში  მიიღო და შემდეგ სწავლა განაგრძო ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში. 1886 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩაირიცხა, რომელიც 1892 წელს პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა. იმავე წელს, საქართველოს ეგზარქოსმა პალადიმ, ეგზარქოსების ჯვართამაღლების კარის ეკლესიაში სტიქრით შემოსა.

    სემინარიის დასრულების შემდეგ იაკინთე დაქორწინდა და სამი შვილი შეეძინა. 1892 წელს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელ ქიქოძემ დიაკვნად აკურთხა, ხოლო იმავე წელს მღვდლად დაასხა ხელი და ხევისჯვრის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინა. 1893 წელს მარელისის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს.

    1895 წელს მამა იაკინთე შორაპნის მაზრის იმერეთის საეპარქიო სამოსწავლო საბჭოს განყოფილების წევრად აირჩიეს, ხოლო მომდევნო წლიდან ამავე მაზრაში არსებული სამრევლო–საეკლესიო სკოლების მეთვალყურედ დაინიშნა.

    1898 წლიდან მამა იაკინთე თბილისში გადმოდის საცხოვრებლად და სასულიერო სემინარიაში მასწავლებლად იწყებს მუშაობას. 1899 წელს კუკიის მესამე სამოქალაქო სასწავლებელში ქართული ენის მასწავლებლად გადაიყვანეს და ანჩისხატის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურად დაადგინეს. 1900 წელს თბილისის გუბერნიის ციხეების ეკლესიების მოძღვრად განამწესეს, ამავე წლის 12 მაისს ბორჯომის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძრის წინამძღვრად გადაიყვანეს და გორის მაზრის მე–10 ოლქის მთავარხუცესად დანიშნეს. 1900 წელს სკუფიით დაჯილდოვდა, ხოლო 1904 წლის აღდგომას კამილავკა უბოძეს.

    ბორჯომში მამა იაკინთე აქტიურ მოღვაწეობას განაგრძობდა სასწავლო დარგში. იგი აირჩიეს ბორჯომის სახელოსნო სასწავლებლის სამზრუნველოს წევრად.

    1909–1919 წლებში მამა იაკინთე იყო "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ბორჯომის განყოფილების ნამდვილი წევრი, გამგეობის წევრი და სამკითხველოს გამგეობის თავმჯდომარე.

    1910 წელს მამა იაკინთეს სამკერდე ოქროს ჯვარი ეწყალობა, ხოლო 1915 წელს წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

    1916 წელს ბორჯომის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში საქართველოს ეგზარქოსმა პლატონმა ეკლესიაში ერთგული სამსახურისთვის მამა იაკინთეს დეკანოზის წოდება მიანიჭა.

     1919 წელს ბორჯომში უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებელი გაიხსნა, სადაც მამა იაკინთე დროებით გამგედ და მასწავლებლად დანიშნეს. იგი, აწყურის ეპარქიის დელეგატის სტატუსით, მონაწილეობდა 1920 წლის 27 ივნისს გამართულ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მე–2 საეკლესიო კრებაზე.

    საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ეკლესიის მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა. დაიხურა ეკლესიები და მოძღვრებს აეკრძალათ სკოლებში მასწავლებლობა. 1922–1923 წლებში ბორჯომში ეკლესია დაიკეტა და მამა იაკინთე სამსახურის გარეშე დარჩა. ყოველმხრივ შევიწროებული მღვდელი იძულებული გახდა ანაფორა გაეხადა და ერში გაეგრძელებინა მოღვაწეობა.

     სიცოცხლის უკანასკნელი წლები მამა იაკინთემ ბორჯომში, მშობლიურ სახლში გაატარა. იგი 1936 წლის 24 ივნისს გარდაიცვალა და დასაფლავებულია ბორჯომის სამოქალაქო სასაფლაოზე.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ბორჯომის სამკითხველოს გამგე
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობის წევრი (1910-1910)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე (1917-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი (1914-1916)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ბორჯომის განყოფილების წევრი (1909-1912)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1915 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი
  • 1910 - სამკერდე ოქროს ჯვარი

ბიბლიოგრაფია

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სახლი
    მისამართი:ბორჯომი

გააზიარე: