The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



მათე ნიკოლოზის ძე გორდეზიანი (დეკანოზი)

მათე ნიკოლოზის ძე გორდეზიანი
დაბადების თარიღი:30 ივნისი, 1867
გარდაცვ. თარიღი:24 იანვარი, 1940  (72 წლის ასაკში)
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

    მათე გორდეზიანი დაიბადა 1867 წელს მღვდლის ოჯახში. პირველდაწყებითი განათლება ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მიიღო და 1884 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა სწავლა, რომელიც 1890 წელს პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა.

    1891 წლის 20 იანვარს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) მათე დიაკვნად აკურთხა, ხოლო ამავე წლის 27 იანვარს მღვდლად დაასხა ხელი და კვაცხუთის წმ. გიორგის ტაძარში დანიშნა. 1891 წლის 4 თებერვალს სადმელის ოლქის მთავარხუცესის მოვალეობის შემსრულებლად აირჩიეს და 1892 წლის 7 მაისს დაამტკიცეს ამ პოსტზე.

    1895 წლის 11 თებრვლიდან მამა მათე იმერეთის ეპარქიალური სასწავლებლის რაჭის მაზრის განყოფილების სასწავლო კომიტეტის წევრად აირჩიეს. 1895 წლის 24 იანვარს იგი საგვერდულით დააჯილდოვეს, 1897 წლის 3 ივნისს სკუფია უბოძეს, ხოლო 1900 წლის 6 მაისს კამილავკა ეწყალობა.

    1904 წლის 15 მაისს მამა მათე სამკერდე ოქროს ჯვარით და 1905 წლის 6 მაისს წმ. ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.

    1905 წლის 21 სექტემბერს მამა მათე ონის წმ. გიორგის ეკლესიაში გადაიყვანეს და ონის ოლქის მთავარხუცესად დაადგინეს. 1910 წლის 15 მაისს დეკანოზის წოდება მიენიჭა.

    1911 წლიდან დეკანოზი მათე გორდეზიანი რაჭის მიხაილოვის სახელობის სასწავლებელში საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა და მოგვიანებით ჭელიშის მონასტრის მთავარხუცესად აირჩიეს. 

    1912 წლის ივლისი-აგვისტოში რაჭა-ლეჩხუმში იმოგზაურა ყველასთვის საყვარელმა და დიდებულმა მგოსანმა აკაკი წერეთელმა, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა დიდი სიყვარულით შეეგებება. 1912 წლის 27 ივლისს ონის ეკლესიაში პოეტს ჯვრით მიეგება და სიტყვით მიმართა დეკანოზი მათე გორდეზიანი.

    1913 წლიდან დეკანოზი მათე  ონის სახალხო უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა და 1914 წლის 15 მაისს წმ. ანას II ხარისხის ორდენი ეწყალობა.

    დეკანოზი მათე მონაწილეობას ღებულობდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის I და III საეკლესიო კრებაზე.

    1917 წელს ჩატარებული პირველი საეკლესიო კრების შემდეგ, დეკანოზი მათე ახლადშექმნილი ნიკორწმინდის ეპარქიის, ონის ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს და იგი ამ პოსტზე ჩანს 1922 წელსაც.

    1922 წლის ივნისში კომუნისტების მიერ ეკლესიებში არსებული ქონების საყოველთაო აღწერის დროს დეკანოზი მათე ასევე იხსენიება სოფლების: ქორთის მთავარანგელოზთა და გომის წმ. გიორგის ტაძრების წინამძღვრადაც. 

    დეკანოზი მათე გარდაიცვალა 1940 წლის 24 იანვარს თბილისში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ონის განყოფილების გამგეობის ხაზინადარი (1914-1914)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ონის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე (1914-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ონის განყოფილების ნამდვილი წევრი (1914-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1914 - წმ. ანას II ხარისხის ორდენი
  • 1905 - წმ. ანას III ხარისხის ორდენი

გააზიარე: