The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ვლადიმერ (ლადო) სარდიონის ძე ალექსი-მესხიშვილი

ვლადიმერ (ლადო) სარდიონის ძე ალექსი-მესხიშვილი
Date of birth:28 February, 1857
Date of death:24 November, 1920  (at 63 years)
Burial location:თბილისი, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი
Category:Actor/Actress, Filmmaker, Public Figure

Biography

   ლადო ალექსი-მესხიშვილი დაიბადა 1857 წლის 28 თებერვალს თბილისში, ექიმ სარდიონ მესხიშვილის ოჯახში.

   საქართველოს ეროვნული კულტურის ისტორიაში ალექსი-მესხიშვილების გვარს განსაკუთრებული ადგილი უკავია. მათი საგვარეულო ისტორია ანჩისხატის ეკლესიასთან არის დაკავშირებული. განსაკუთრებით აღსანიშნავია ამავე ეკლესიის დეკანოზის ალექსი მესხიშვილის დამსახურება, როგორც მეცნიერისა „მწერალი ხუცურისა და მხედრულისა“. იგი მე-18 საუკუნის ქართული ნუსხური ხელნაწერი წიგნის ერთ-ერთ საუკეთესო ოსტატად ითვლებოდა. მას ისეთი აღიარებისთვის მიუღწევია, რომ ერეკლე II თანხმობით მისი სახელი შთამომავლობას გვარად გაუხდია.

   ლადო ალექსი-მესხიშვილი თავდაპირველად სწავლობდა თბილისში „კანონიჩის ფრანგულ პანსიონში“, ხოლო შემდეგ ლეზენდორფის გერმანულ პანსიონში. მშობლების გარდაცვალების შემდეგ იგი ერთი პერიოდი კიევის კადეტთა კორპუსის მსმენელიც იყო. ორი წლის შემდეგ მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე ჩაირიცხა, მაგრამ ავადმყოფობის გამო სწავლა ვერ დაამთავრა და სამშობლოში დაბრუნდა, სადაც მასწავლებლობას მიჰყო ხელი. თავდაპირველად, თელავის ქალთა სასწავლებელში მუშაობდა, სადაც სამი წელი იმსახურა და პარალელურად რუს სცენისმოყვარულთა სპექტაკლებში მონაწილეობდა.

   ქართულ სცენაზე ლადო მესხიშვილის ნათლობა 1881 წლის 10 ოქტომბერს შედგა. ითამაშა მანსფელდის პიესაში „შეშლილია“. რამდენიმე თვის შემდეგ, 1882 წელს, ქართული თეატრის სცენაზე პირველად დაიდგა დავით ერისთავის „სამშობლო“, რომელშიც ლადომ ლევან ხიმშიაშვილის როლი შეასრულა, რითაც მან სამუდამოდ უკვდავყო თავისი სახელი ქართული თეატრის ისტორიაში.

   1887-1890 წლებში ლადო მესხიშვილი რუსულ სცენაზე გამოდიოდა. 1890–1896 წლებში ხელმძღვანელობდა თბილისის, ხოლო 1897–1906 წლებში ქუთაისის დრამატულ დასებს.

   ლადო მესხიშვილი შემოქმედებით მუშაობასთან ერთად საზოგადოებრივ საქმიანობაშიც იყო ჩართული. 1892 წლიდან იგი გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ნამდვილი წევრი. იგი მხარს უჭერდა სახალხო ბრძოლას. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი როლი რუსეთის 1905-1907 წლების რევოლუციის პერიოდში. ლადო, როგორც ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ტრიბუნი, ქუთაისის ინტელიგენციასა და მოსწავლე-ახალგაზრდობას ცარიზმის დამხობისა და საქართველოს განთავისუფლების ბრძოლისთვის მოუწოდებდა. ლადო მესხიშვილი ალიხანოვ-ავარსკის დამსჯელი რაზმის წინააღმდეგ თავადაც იბრძოდა ბარიკადებზე. ამავე თემებს ეხმაურებოდა მისი დადგმებიც: ვინჩენცო მონტის „გაიუს გრაკქუსი“ და გერჰარტ ჰაუპტმანის „ფეიქრები“, რომლებშიც ალექსი-მესხიშვილი თავადვე ასრულებდა მთავარ როლებს.

    1906–1910 და 1915–1920 წლებში ლადო ალექსი-მესხიშვილი კვლავ რუსულ სცენაზე მოღვაწეობდა. ერთხანს მოსკოვის სამხატვრო თეატრის მსახიობიც იყო. მართალია, მისი დებიუტი კინოში გვიან დაიწყო, მაგრამ მოკლე ხანში შესძლო ოცდაათ ფილმში მონაწილეობის მიღება. მიუხედავად იმ დიდი პოპულარობისა, რაც მას რუსეთში ჰქონდა, ლადოს ძირითად ნატვრას  მაინც მშობლიური ხელოვნების განვითარება წარმოადგენდა. იგი  40 წლის მანძილზე უანგაროდ ემსახურა ქართულ კულტურას, დადგა 100-ზე მეტი სპექტაკლი და ამდენივე როლი განასახიერა სცენაზე. იგი გახლდათ ფართოდ განათლებული უნიჭიერესი ხელოვანი.

    ლადო ალექსი-მესხიშვილი გარდაიცვალა თბილისში, 1920 წლის 24 დეკემბერს და დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

    1930 წელს, მსახიობს, გარდაცვალებიდან 10 წლის თვზე საქართველოს სახალხო არტისტის წოდება, ხოლო 1940 წელს ქუთაისის დრამატულ თეატრს მისი სახელი მიენიჭა.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1892-1900)

Awards and Honors

  • 1930 - რესპუბლიკის სახალხო არტისტი

Bibliography


Share: