The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ილია სოლომონის ძე ალხაზიშვილი

ილია სოლომონის ძე ალხაზიშვილი
ოფიციალური სახელი:ილია სოლომონის ძე ალხაზაშვილი
სხვა სახელი:ი. ალხ.  (ფსევდონიმი)
ი.ა.  (ფსევდონიმი)
ილიკო  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:16 ნოემბერი, 1853
გარდაცვ. თარიღი:27 იანვარი, 1921  (67 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი, ძველი ვერის სასაფლაო (დღევანდელი ვერის ბაღი)
კატეგორია:მეცნიერი, მკვლევარი, პედაგოგი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

    ილია ალხაზიშვილი დაიბადა 1853 წელს გურჯაანის რაიონის სოფელი ზიარში. 1891 წელს დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი, სამშობლოში დაბრუნდა და 1918 წლამდე პროვიზორად მუშაობდა ახალქალაქში.

    ალხაზიშვილის თხზულებები 1875  წლიდან იბეჭდებოდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში. იგი ავტორია მრავალი  ეთნოგრაფიულ-ფოლკლორული, ისტორიული და სამედიცინო ნაშრომისა: "ბუნება და ცხოვრება", "მტკვარი, ჭოროხი, რიონი", "სამკურნალო მცენარენი საქართველოში", "ვარძიის მონასტერი" და სხვა. მას დიდი წვლილი მიუძღვის ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგიის შემუშავებაშიც: "საანატომიო და საფიზიოლოგიო ტერმინები", "ქართული ენა და სამეცნიერო ტერმინოლოგია", "ბუნების ლექსიკონი".

    1886 წლიდან ილია ალხაზიშვილი იყო "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი და საზოგადოების ახალქალაქის ორგანიზაციის დამხმარე წევრი. მისი თაოსნობით რამდენიმე სოფელში გაიხსნა სკოლა და ბიბლიოთეკა-სამკითხველო, ხოლო ახალქალაქში - ქართული გიმნაზია.

     მე–19 საუკუნის მე–2 ნახევარში სამცხე-ჯავახეთის ქართველი ინტელიგენცია აღტაცებით შეხვდა საქართველოს ისტორიული ტერიტორიების დაბრუნებას და ენერგიულად შეუერთდა დაბრუნებული მხარის შესწავლისა და მასზე მზრუნველობის საქმეს. ისინი სამცხე-ჯავახეთის მაგალითზე კარგად ერკვეოდნენ ოსმალეთის ბატონობისაგან განთავისუფლებული ქართველობის მდგომარეობის თავისებურებებში. მათ შორის გამოირჩეოდნენ კათოლიკე მღვდელი ივანე გვარამაძე, აფთიაქარი ილია ალხაზიშვილი, პუბლიცისტი სოლომონ ასლანიშვილი (ბავრელი) და სხვანი. ისინი გაზეთების – "დროებისა" და "ივერიის" ფურცლებზე ხშირად აქვეყნებდნენ სტატიებს თუ წერილებს ტაო-კლარჯეთის, იგივე ისტორიული სამცხე-საათაბაგოს კულტურის, ისტორიის, ომით დაზარალებული მოსახლეობის სირთულეების შესახებ, დროულად ეხმაურებოდნენ მათ ეროვნულ თუ რელიგიურ პრობლემებს.

     ილია ალხაზიშვილი გარდაიცვალა 1921 წელს 67 წლის ასაკში და დაკრძალულია თბილისში, ვერის ძველ სასაფლაოზე (დღევანდელი ვერის ბაღი).

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების დამხმარე წევრი ახალქალაქში (1886-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1886-1902)

ბიბლიოგრაფია

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სახლი
    მისამართი:ახალქალაქი

გააზიარე: