The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ვალერიან ლევანის ძე გუნია

ვალერიან ლევანის ძე გუნია
სხვა სახელი:ვ-ო  (ფსევდონიმი)
ვალიკო-ია  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:9 იანვარი, 1862
გარდაცვ. თარიღი:31 ივლისი, 1938  (76 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი
კატეგორია:გამომცემელი, დრამატურგი, კრიტიკოსი, მსახიობი, პუბლიცისტი, რეჟისორი

ბიოგრაფია

    ვალერიან გუნია დაიბადა 1862 წლის 9 იანვარს სენაკის  მაზრის სოფელ ეკიში, ლევან გუნიასა და ანასტასია ქაიხოსროს ასული ჩიჩუას ოჯახში. მამა ქალაქ ფოთის თვითმართველობაში მსახურობდა, ხოლო დედა იმ დროისათვის ფრიად განათლებული და მწიგნობარი ქალი ყოფილა. პატარა ვალერიანს კერძო მასწავლებლების ხელმძღვანელობით რუსული და გერმანული ენები შეუსწავლია, ხოლო 1876 წელს თბილისის რეალურ სასწავლებელში მიაბარეს, სადაც მისი თანაკლასელები იყვნენ ოსკარ შმერლინგი და გიგო გაბაშვილი. ამ პერიოდში იგი თავადაც ყოფილა ხატვით გატაცებული.

    ვალერიან გუნია სწავლის პერიოდში ინტენსიურად ეცნობოდა პოლიტიკურ ლიტერატურას და და ჩაბმული იყო იმდროინდელ არალეგალურ მოძრაობაში. ამ საქმიანობის გამო იგი სასწავლებლიდან გარიცხეს. 1981 წელს  გულია მოსკოვში გაემგზავრა , სადაც პეტროვო-რაზუმოვსკის სასოფლო-სამეურნეო აკადემიაში თავისუფალ მსმენელად მოეწყო. მოსკოვში ცხოვრების პერიოდში ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინის მეშვეობით იგი მოსკოვის მცირე თეატრს დაუახლოვდა,  სასცენო ხელოვნებით დაინტერესდა და თეატრალური საქმიანობის შესწავლას შუდგა, მაგრამ 1882 წელს იმპერატორ ალექსანდრე III კორონაციასთან დაკავშირებით, როგორც პოლიტიკურად არასაიმედო პიროვნება, სამშობლოში დააბრუნეს და აქედან იწყება  მისი თეატრალური კარიერა.

   1883 წელს ვალერიან გუნია, ვასო აბაშიძის ხელმძღვანელობით, პირველად გამოვიდა სცენაზე და ბანვილის პიესა „მეფე და პოეტში“ გრენგუარის როლი შეასრულა, სადაც მეფის როლს ალექსანდრე ყაზბეგი ასრულებდა. მისი დებიუტი წარმატებული აღმოჩნდა და ქართული თეატრის დასში ჩარიცხეს.

   1886 წელს ვალერიან გუნიამ, ილია ჭავჭავაძის ხელმძღვანელობით, გაზეთ „ივერიაში“ დაიწყო მუშაობა, სადაც  რეცენზიებს ბეჭდავდა. სხვადასხვა პერიოდში იგი რედაქტორობდა გაზეთ „თეატრს“ და გამოსცემდა: „საქართველოს კალენდარს“, „ცნობის ფურცელს“ და  ჟურნალ „ნიშადურს“. იგი იყო თეატრის თვალსაჩინო ისტორიკოსი და თეორიტიკოსი, სისტემატურად აქვეყნებდა კრიტიკულ წერილებს, ნარკვევებსა და თეორიულ სტატიებს.

    1895 წელს ვალერიან გუნია ქარვასლის მმართველად დაინიშნა. მას დიდი წვლილი მიუძღვის ქართველ პროფესიონალ მსახიობთა აღზრდაში. 1900-იანი წლებიდან ე.წ. გამოსაცდელ წარმოდგენებს მართავდა სცენაზე მოღვაწეობის მსურველი ახალგაზრდებისათვის. მისი ხელმძღვანელობით იქმნებოდა უმუშევარ მსახიობთა ამხანაგობები (მოგზაურთა დასი) და საგასტროლო სპექტაკლები იმართებოდა საქართველოს დაბა-ქალაქებსა და სოფლებში.

    1882-1908 წლებში ვალერიან გუნია მუშაობდა თბილისის, 1909-1911 წლებში ქუთაისის, 1922-1923 წლებში ბათუმის თეატრებში, ხოლო 1926-1927 წლებში ბაქოს ქართულ თეატრს ხელმძღვანელობდა. სათეატრო სარბიელზე იგი მრავალფეროვან საქმიანობას ეწეოდა. იყო წამყვანი მსახიობი, რეჟისორი, დრამატურგი და ამავე დროს თარგმნიდა პიესებს. იგი გამოირჩეოდა დიდი სცენური მომხიბვლელობით, შთამბეჭდავი გარეგნობით, შესანიშნავი ხმით, ძლერი ტემპერამენტით.  ვალერიან გუნიას  შესრულებული აქვს 200-მდე როლი და მისი რეჟისორობით  წარმოდგენილი იყო 200-ზე მეტი სპექტაკლი.  გუნიას დიდი ღვაწლი მიუძღვის თეატრის რეპერტუარის გაფართოებაში. მან დაწერა, ქართულად გადმოაკეთა და თარგმნა 100-ზე მეტი სხვადასხვა ჟანრის დრამატული ნაწარმოები.  მისი დრამატული ნაწარმოებები წლების მანძილზე ავსებდა და ამდიდრებდა რევოლუციამდელი პერიოდის ქართული თეატრის რეპერტუარს. მას ეკუთვნის ზაქარია ფალიაშვილის „დაისის“ და დიმიტრი  არაყიშვილის „დინარას“ ლიბრეტოები. პერიოდულ პრესაში გამოქვეყნებული აქვს მრავალი რეცენზია ქართულ და რუსულ სპექტაკლებზე, სტატიები და წერილები მსახიობის შემოქმედებისა და სათეატრო საქმიანობის შესახებ. ცალკე წიგნად არის გამოცემული მისი მონოგრაფიული ნაშრომები: „ქართული თეატრი 1879-1889 “, „ნატო გაბუნია-ცაგარელისა“ და „მაკო საფაროვა-აბაშიძისა“. გარდა თეატრისა, ვალერიან გუნია  ქართული კინოს სათავეებთანაც იდგა. შესრულებული აქვს როლები ფილმებში:“კავკასიის დაპყრობა“,  „არსენა ჯორჯიაშვილი“, „სურამის ციხე“, „ხანუმა“, „ამოკი“, „მთის კანონი“ და სხვა.

    ვალერიან  გუნიას საზოგადოებრივი ავტორიტეტი იმდენად დიდი იყო, რომ იგი აირჩიეს ილია ჭავჭავაძის დამკრძალავი კომისიის თავჯდომარედ  და ხელმძღვანელობდა საგურამოდან ილიას გადმოსვენებას.  თავად ვალერიანი ჩოხაში გამოწყობილი და ცხენზე ამხედრებული მიუძღოდა პროცესიას.

   1917 წელს  თბილისში, ბაქოსა და სხვა ქალაქებში, ქართული დრამატული საზოგადოების თაოსნობით,  ვალერიან გუნიას სასცენო მოღვაწეობის 35 წლის იუბილე აღინიშნა.

    1921 წელს საქართველოში ჩამოყალიბდა ხელოვნების მუშაკთა კავშირი, რომლის გამგეობის პირველი თავჯდომარე გახლდათ ვალერიან  გუნია და წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ამ კავშირს.

   1931 წელს ვალერიან  გუნიას  საქართველოს დამსახურებული არტისტის, ხოლო 1934 წელს საქართველოს სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა.

    ვალერიან გუნია, 1938 წლის 31 აგვისტოს, თბილისში გარდაიცვალა და დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

    1963 წელს ფოთის სახელმწიფო დრამატულ თეატრს ვალერიან გუნიას სახელი მიენიჭა.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ხელოვნების მუშაკთა კავშირი, გამგეობის პირველი თავმჯდომარე
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი (1917-1921)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1886-1911)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1933 - საქართველოს სსრ სახალხო არტისტი
  • 1931 - საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი

ბიბლიოგრაფია

  • "სცენის ოსტატები" : ალექსანდრე ბურთიკაშვილი. - თბილისი, საქართველოს თეატრალური საზოგადოება, გამომცემლობა "ხელოვნება", 1951. - გვ. 87

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სახლი
    მისამართი:თბილისი

გააზიარე: