The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



გრიგოლ დავითის ძე გურიელი

გრიგოლ დავითის ძე გურიელი
დაბადების თარიღი:1818
გარდაცვ. თარიღი:30 ნოემბერი, 1891  (73 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ოზურგეთის წმინდა მარინეს ეკლესიის გალავანი
კატეგორია:გამომცემელი, მეცენატი, საზოგადო მოღვაწე, სამხედრო პირი, ქველმოქმედი

ბიოგრაფია

    გრიგოლ გურიელი დაიბადა ოზურგეთში, გიორგი V გურიელის შვილის დავითის ოჯახში, რომელიც გურიის სამთავროს რუსეთთან შეერთების შემდეგ სტამბოლში წავიდა და იქ დარჩა. მამის ემიგრაციის შემდეგ პატარა გრიგოლი კინტრიშის ხეობაში იზრდებოდა ახლო ნათესავ ჯაშის ოჯახში, ხოლო 1818 წლიდან ოზურგეთში დააბრუნეს.

    გრიგოლმა წერა-კითხვა ოჯახში შეისწავლა და დაწყებითი განათლებაც ოჯახში მიიღო.  თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიის შემდეგ სამხედრო სამსახურში შევიდა. ყირიმის ომში, პორუჩიკის წოდებით, ქობულეთის მიმართულებით იბრძოდა და გურიის მოხალისეთა რაზმს მეთაურობდა.

    1874 წელს გრიგოლ გურიელის წინადადებით ექსპედიცია მოეწყო აჭარაში, შავშეთსა და სხვა რეგიონებში. ექსპედიციას თავად ხელმძღვანელობდა და თან ახლდა რუსეთის მთავარი შტაბის პოდპოლკოვნიკი გიორგი ყაზბეგი, რომელიც შერიფ-ბეგ ხიმშიაშვილს ესტუმრა და ომის დროს თანადგომაზე შეითანხმა.

    1877-1878 წლებში, რუსეთ-ოსმალეთის ომის პერიოდში გრიგოლ გურიელი ფართო სამხედრო და დიპლომატიურ მოღვაწეობას ეწეოდა. 1878 წელს იგი ბათუმის ოკრუგის უფროსად დაინიშნა. ამ პერიოდში გურიელი ყველანაირად  ცდილობდა ხელი შეეშალა მუჰაჯირობისთვის, უშუალოდ ხვდებოდა მოსახლეობას და არწმუნებდა სამშობლოში საცხოვრებლად დარჩენილიყვნენ.  ადგილობრივი მაჰმადიანი მოსახლეობა დიდ  პატივს სცემდა და აფასებდა მის საქმიანობას. იგი იბრძოდა ქართველი მოხელეების დასაწინაურებლად. გრიგოლ გურიელმა საადგილმამულო ურთიერთობის შესასწავლად და გადასაჭრელად შექმნა კომისია, რომელსაც ევალებოდა  ქართული საგვარეულოების, მათი ზნე-ჩვეულებებისა და სხვა ტრადიციების გამოკვლევა. მან ხალხის დიდი სიყვარული დაიმსახურა და ხელისუფლებაც თითქოს დიდად აფასებდა მის ღვაწლს, რადგან დიდი როლი შეასრულა აჭარის, იმერხევისა და შავშეთის მშვიდობიანად შემოერთებაში. ამის მიუხედავად,  ბათუმის ადმინისტრაციას ჩამოაშორეს, გენერლის წოდება მიანიჭეს და პენსია დაუნიშნეს.

    1873 წელს გურიელის  ინიციატივითა და ხელშეწყობით გაიხსნა ოზურგეთის ქალთა საეპარქიო სასწავლებელი, რომლის საპატიო მზრუნველი თავად იყო. ჰქონდა მდიდარი ბიბლიოთეკა. მოიძია ქრისტიანული ლიტერატურის, ქართული სამართლისა და სხვა ძეგლები.

    გრიგოლ გურიელი იყო ცნობილი მეცენატი. აშენებდა სკოლებს და ამარაგებდა წიგნებით,  ეხმარებოდა ოზურგეთის მაზრის  სასულიერო და სამაზრო სასწავლებლებს, განსაკუთრებით ჩიბათის სკოლას. გურიელი საკუთარი სახსრებით სასწავლებლად გზავნიდა ქართველ მაჰმადიან ახალგაზრდებს, ხელს უწყობდა პროვინციებში სტამბების დაარსებას, თავისი ხარჯით ბეჭდავდა წიგნებს, აგროვებდა ქართული ხალხური ზეპირსიტყვიერების მასალებს. გარდა ამისა, თანამშრომლობდა მოსკოვის არქეოლოგიურ საზოგადოებასთან, ჩაატარა რამდენიმე გათხრა და შედეგები გამოაქვეყნა საზოგადოების შრომებში.  

   1873 წელს გურიელი მხარში ედგა დიმიტრი ბაქრაძეს, რომელიც არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მიზნებით გურიაში მოგზაურობდა. ოზურგეთში გურიელის სახლი  კულტურული ცენტრის ფუნქციას ასრულებდა, სადაც იმართებოდა ლიტერატურული საღამოები და სცენის მოყვარულთა საქველმოქმედო წარმოდგენები. ოზურგეთში გააშენა ბაღი, უცხოეთიდან გამოიწერა ვაზის ჯიშები, იღწვოდა აბრეშუმის ჭიის გასავრცელებლად, რამდენჯერმე მოიწვია უცხოელი სპეციალისტები გურიაში ნავთობის საძიებლად. 

   1886 წლიდან გრიგოლ გურიელი გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" საპატიო წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების საქმიანობაში.

   1886 წელს გურიელის ხარჯით ილია ჭყონიამ ვახტანგ VI მიერ სპარსულიდან თარგმნილი „ქილილა და დამანა“ გამოსცა, რომლის მთელი ტირაჟი მან  წერა-კითხვის საზოგადოებას შესწირა. საზოგადოებას აგრეთვე შესწირა ძველებური ფულების კოლექცია, არქეოლოგიური განძი, ხელნაწერი „ცხოვრება სვიმონ მესვეტესი“ და ნაბეჭდი ხუცური ლოცვანი.  გრიგოლ გურიელის ხარჯითვე დაიბეჭდა: „სიბრძნე სოლომონ მეფისა“, „წიგნი ეკლესიასტე მეფე სოლომონ ბრძენისა“ და  „ქართველ მაჰმადიანთა ლოცვები“. 

   გრიგოლ გურიელს სოფელ ორაგვეში ჰქონდა უნიკალური ბიბლიოთეკა, არქეოლოგიური და ხელნაწერთა კოლექცია. 1887-1888 წლებში მის ბიბლიოთეკაში მდივნად მუშაობდა ეგნატე ნინოშვილი. 1894 წელს გურიელმა გამოაქვეყნა წერილი - „ცნობები გურიის ძველ ნანგრევთა და სიძველეთა შესახებ“.  ოზურგეთის სტამბაში დააბეჭდინა ქართული ლოცვები, რომლებიც შემდეგ ზაქარია ჭიჭინაძემ გაავრცელა.

    გრიგოლ გურიელი ცნობილი იყო დემოკრატიული შეხედულებებით. მოხელეთა შორის მოუსყიდველი და ხალხის გულშემატკივარი გურიელი ქართველ მუსლიმთა შორის დიდი გავლენით სარგებლობდა, რითაც აჭარა-ქობულეთის დედა-სამშობლოსთან შემოერთების საქმეში დიდი როლი ითამაშა.

    გრიგოლ გურიელს შთამომავლობა არ დარჩენია. გარდაიცვალა 1891 წელს და საკუთარი ანდერძის თანახმად დაკრძალულია ოზურგეთის წმინდა მარინეს ეკლესიის გალავანში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების წევრი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების საპატიო წევრი (1886-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: