The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



მამია დავითის ძე გურიელი

მამია დავითის ძე გურიელი
Other name:ვარდანიძე-გურიელი  (Pseudonym)
მ. ფაზელი  (Pseudonym)
Date of birth:16 January, 1836
Date of death:25 July, 1891  (at 55 years)
Burial location:ქუთაისი, არქიელის მთაზე წმინდა გიორგის ტაძრის ეზო
Category:Interpreter, Poet, Military Person

Biography

    მამია გურიელი დაიბადა 1836 წელს სოფელ ლესაში,  შეძლებული ფეოდალის ოჯახში.  ბებიის სურვილის თანახმად ბავშვს გურულებისთვის უჩვეულო ქართულ-სომხური სახელი მამიკონე დაარქვეს, რომელიც შემდეგ მამიად გადაკეთდა.  მამა, დავით გურიელი ვახტანგ III გურიელის შვილი და გურიელების საგვარეულოს მემკვიდრე გახლდათ და რომ არა 1840 წელს გურიის სამთავროს გაუქმება, მამიას მამა დავითი გურიის მთავარი უნდა გამხდარიყო. დედა, ეკატერინე კი ნიკო დადიანის  ასული გახლდათ. მისი მშობლების ოჯახში ხშირი იყო სტუმრობა, ლხინი, ჯირითი, შაირობა და სხვა. მამია იცნობდა გლეხთა ყოფა-ცხოვრებასაც რადგან მას ზრდიდნენ ძიძა გლეხი ჯორბენაძის ცოლი და კახელი ქალი ჯანვერდი.

    მამიამ  წერა-კითხვა ოჯახში  კარის მღვდელი იოსებ გიგინეიშვილთან ისწავლა. 7 წლის ასაკში დაიწყო შაირების თხზვა და მონაწილეობდა ოჯახში გამართულ შაირობებში. 11 წლის ასაკში ოზურგეთში რუსული წერა-კითხვა შეისწავლა  რუსი სამხედრო პირის, პოლკოვნიკი არსენიევის ოჯახში. ამ დროს იგი უკვე ლექსებს წერდა. 1851 წელს ჩააბარა ქუთაისის გიმნაზიაში, რომელიც 1853 წელს წარჩინებით დაამთავრა. 1851 წელს  დავით გურიელი მალთაყვაში კავკასიის მეფისნაცვალ ვორონცოვს მასპინძლობდა, რომელსაც მამიას სამხედრო სამსახურში გაშვებას შეჰპირდა და ასეც მოიქცა. 1853 წლიდან მამია სამხედრო სამსახურს შეუდგა.  იმავე წელს ყირიმის ომი დაიწყო და  გურიელი უნტერ-ოფიცრად  გრენადერთა პოლკში იქნა გამწესებული.  მამიამ მონაწილეობა მიიღო ბაშკადიკლარის და კიურუკ-დარას ბრძოლებში. 1855 წლიდან მამია გურიელის რაზმი დაბანაკებული იყო ყარსის ციხესთან, მაგრამ ყარსის აღებას ვერ მოესწრო, რადგანაც იგი დაიჭრა და სამი თვე საავადმყოფოში გაატარა.

    1856 წელს დავით გურიელი გარდაიცვალა და ამ პერიოდიდან მამიამ სამხედრო სამსახურზე გული აიყარა და აქედან მოყოლებული უფრო მეტ დროს  შვებულებაში სახლში ატარებდა. 1861 წელს მან შეწყვიტა სამხედრო სამსახური და ცხოვრობდა ხან გურიაში, ხან ქუთაისში, მეტწილად კი თბილისში. მამია ლიტერატურული და სალონური შეკრებების ხშირი სტუმარი იყო. იგი გახლდათ პოპულარული პოეტი და დეკლამატორი. 1868 წელს ცოლად შეირთო მარიამ მელიქიშვილი და ეყოლათ ერთადერთი შვილი კახაბერი. მათი ცოლ-ქმრობა დიდხანს არ გაგრძელებულა.

   1875 წელს მამია სამხედრო სამსახურს დაუბრუნდა და იგი  შევიდა ცხენოსანთა პოლკში, რომელიც ქუთაისში იდგა.  მონაწილეობა მიიღო რუსეთ-ოსმალეთის ომში და ქუთაისის პოლკს კაპიტნის ჩინით დაუბრუნდა, რომელშიც 1884 წლამდე მსახურობდა. ამ წელს მისი პოლკი გადაკეთდა დივიზიონად და მამია გადაყვანილ იქნა არმიის კავალერიის თადარიგში. ამით სამუდამოდ დასრულდა მისი სამხედრო მოღვაწეობა.

    მამია გურიელმა ლექსების წერა სიყმაწვილეში დაიწყო. მისი პირველი ლექსია "ფარვანა" 1860 წელს  ჟურნალ "ცისკარში" გამოქვეყნდა. მის პოეზიაში მოუწყობელი საზოგადოებრივი და პირადი ცხოვრებით, მარტოობითა და სიღარიბით გამოწვეული სულიერი განცდები და მელანქოლია აისახა. ამის დასტურია მისი ლექსები "ფანტაზია" და "ოცნება". იგივე საფუძველი უდევს ბოჰემურ განწყობილებას, ღვინისა და ქალის ტრფიალში თავდავიწყების თემას - "რა კარგია ყმაწვილობა" და "რათ მინდა?".
       მამია გურიელის პოეზიის ერთ-ერთი ძირითადი მოტივი პატრიოტიზმია. ამ თემას ეხმაურება ლექსები "პოეტი და ჩვენება", "ჩემი ალავერდი" და  „კარჩხალის მთები“. ჰუმანიზმითაა გამსჭვალული 1867 წელს დაწერილი მისი ცნობილი ლექსი "ადამიანი”. მამია გურიელის კალამს ეკუთვნის ცნობილი ლექსები: „მოხუცის ბაასი“,  „ნატვრა“, „ჩემს შვილს კახაბერს“, „დემონი“, „მარაოზედ“, „ფიცი“,  „ჩემს სურათზედ“,  „ჩემს რძალს ელეონორას“,  „ქალები“,  „ნაძლევი“ და სხვა. იგი ავტორია ისტორიულ-რომანტიკული  პოემისა "რაშიდ ვარდანოღლი". მამია გურიელს თარგმნილი აქვს ჯორჯ ბაირონის, ალექსანდრე პუშკინის, მიხეილ ლერმონტოვის, კოლცოვისა და სხვათა თხზულებები.

    სამხედრო სამსახურის მიტოვების შემდეგ და სიცოცხლის ბოლო წლებში მამია გურიელი საცხოვრებლად  ქუთაისში დარჩა, სადაც  ხელი მიჰყო ხელგაშლილ ცხოვრებასა და დროსტარებას. ეკონომიურად ძალიან გაუჭირდა, ბევრს სვამდა და ჭლექით დაავადდა. ბოლო წლებში დაუძლურებული მამია გურიელი მშობლიურ სოფელში წაიყვანეს, სადაც ერთადერთი შვილის, კახაბერის თვითმკვლელობის  ამბავი შეიტყო  და რამდენიმე თვეში, 1891 წლის 25 ივლისს (ძვ.სტ.) გარდაიცვალა.  მამია გურიელი დაკრძალულია  ქუთაისში, არქიელის მთაზე მდებარე წმინდა გიორგის ტაძრის ეზოში.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების დამფუძნებელი წევრი (1879-1891)

Bibliography

Contacts Information

  • Home
    Address:ფოთი

Share: