The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ეპისკოპოსი გრიგოლ (არქიმანდრიტი)

ეპისკოპოსი გრიგოლ
ოფიციალური სახელი:გიორგი ელიზბარის ძე დადიანი
დაბადების თარიღი:1824
გარდაცვ. თარიღი:12 ოქტომბერი, 1907  (83 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მარტვილის საკათედრო ტაძარი
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

   გიორგი ელიზბარის ძე დადიანი დაიბადა 1824 წელს ქუთაისის გუბერნიის სოფელ ქვიშხორში, სამეგრელოს მთავრის გვერდითა შტოს ოჯახში. პირველდაწყებითი განათლება ნახარებაოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის მონასტერშიმიიღო. შემდეგ დაამთავრა სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლის სრული კურსი და საქართველოს ეგზარქოსის,მიტროპოლიტ ისიდორეს (ნიკოლსკი) ლოცვა–კურთხევით რამდენიმე წელი ლექციების კურსს  თბილისის სასულიეროსემინარიაში ისმენდა.

   1845 წელს არქიმანდრიტმა თეოფანემ (გაბუნია) ანაფორა უკურთხა და ნახარებაოს მონასტერში მორჩილად განამწესა.

   1849 წელს სამეგრელოს ეპისკოპოსმა ანტონ დადიანმა ბერად აღკვეცა, სახელად გრიგოლი უწოდა და დიაკვნად აკურთხა. ამავე წელს, საკუთარი თხოვნის საფუძველზე, რუსული ენის შესასწავლად თბილისის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის მონასტერში გადაიყვანეს, 1850 წელს ამავე მონასტრის შტატში დაამტკიცეს და ეკონომოსად დანიშნეს. ეპისკოპოსი ანტონი დიდ ყურადღებას იჩენდა და მფარველობას არ აკლებდა ახალგაზრდა ბერ–დიაკონს.

   1853 წელს  სიონის საკათედრო ტაძარში ეგზარქოსმა ისიდორემ მღვდლად დაასხა ხელი. 1857 წელს მღვდელ–მონაზონი გრიგოლი აფხაზეთის ეპარქიაში განამწესეს და სოხუმის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურად დანიშნეს.

   1858 წლიდან იგი ბიჭვინთის ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა, ხოლო 1859–1862 წლებში აბჟუის ოლქის მთავარხუცესია.

   1862 წელს იღუმენის წოდება მიენიჭა და სოხუმის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა. 1865 წლიდან მამა გრიგოლი კახეთში გადმოიყვანეს და ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად დაადგინეს.

   1868 წელს არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა და ხობის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა.

   1875 წლიდან არქიმანდრიტი გრიგოლი საქართველო–იმერეთის სინოდალური კანტორის წევრია, 1879 წლიდან კი დავით გარეჯის მონასტრის წინამძღვარი.

   1879 წლიდან იგი "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრია.

   1886 წელს რუსეთის წმინდა სინოდმა არქიმანდრიტი გრიგოლი მღვდელმთავრად გამოარჩია და ეგზარქოსის წმინდა ჯვრის სახელობის ეკლესიაში მოხდა მისი სახელდება. ამავე წელს სიონის ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში საქართველოს ეგზარქოსმა პავლემ, იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა, გორის ეპისკოპოსმა ალექსანდრემ და ალავერდის ეპისკოპოსმა ბესარიონმა ეპისკოპოსად დაასხეს ხელი და ახლად შექმნილი გურია–სამეგრელოს ეპარქია ჩააბარეს. არქიმანდრიტი გრიგოლი ჩვეული ენერგიით შეუდგა ახლად შექმნილი ეპარქიის მართვა–გამგეობას. თავისი ფეხით მოიარა და დაათვალიერა თავისი სამწყსო, რათა ენახა თუ რა უჭირდა მრევლს და როგორი სულიერი მდგომარეობა სუფევდა სამღვდელოებაში. ეპარქიაში სასულიერო განათლების სრულყოფის მიზნით, სოფელ ბანძაში გახსნა ორწლიანი სამრევლო სკოლა. გრიგოლ ეპისკოპოსი წინ აღუდგა რუსეთის რეაქციულ პოლიტიკას, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოსგან სამეგრელოს ჩამოშორებას. კავკასიის სასწავლო ოლქის ზედამხედველის იანოვსკის მითითებით მეგრულად ითარგმნა ლოცვები, ასევე განზრახული იყო სკოლებში მეგრულად სწავლების შემოღება. გრიგოლმა რამდენიმე სხდომა ჩაატარა ამ განზრახვის წინააღმდეგ, იქაურ სამღვდელოებას და საზოგადოებას განუმარტავდა ამ პოლიტიკის მზაკვრობას. ცარიზმის ხელისუფლებამ განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და გრიგოლ ეპისკოპოსი არასაიმედო პიროვნებად მიიჩნია.

   1898 წელს მეუფე გრიგოლი, წმინდა სინოდის განჩინებით, ეპარქიის მმართველობას ჩამოაცილეს და მოსკოვში გაიწვიეს, სადაც სინოდის კანტორის წევრად დანიშნეს და საცხოვრებლად წმინდა სიმონის სტავროპიგიალური მონასტერი მიუჩინეს.

   1901 წელს მეუფე გრიგოლმა უარი განაცხადა სინოდის წევრობაზე და სამშობლოში დაბრუნება ითხოვა. მას ნება დართეს ეცხოვრა გელათის მონასტერში, მაგრამ თავად მარტვილის მონასტერში ითხოვა ცხოვრება, რაზეც საბოლოოდ თანხმობა მიიღო. მხცოვანმა მღვდელმთავარმა სიცოცხლის უკანასკნელი წლები მარტვილის მონასტერში გაატარა. ეპისკოპოსი გრიგოლი გარდაიცვალა 1907 წლის 12 ოქტომბერს და დაკრძალულია მარტვილის საკათედრო ტაძარში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1879-1898)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1889 - წმინდა ანას I ხარისხის ორდენი
  • 1884 - წმინდა ვლადიმერის III ხარისხის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: