The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ეკატერინე ალექსანდრეს ასული დადიანი (სამეგრელოს უკანასკნელი დედოფალი)

ეკატერინე ალექსანდრეს ასული დადიანი
ოფიციალური სახელი:ეკატერინე ალექსანდრეს ასული ჭავჭავაძე
დაბადების თარიღი:19 მარტი, 1816
გარდაცვ. თარიღი:13 აგვისტო, 1882  (66 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მარტვილის ტაძარი
კატეგორია:სამეფო ოჯახის წევრი

ბიოგრაფია

    ეკატერინე ჭავჭავაძე დაიბადა 1816 წელს თბილისში ქართველი რომანტიკოსი პოეტის ალექსანდრე ჭავჭავაძის ოჯახში. ეკატერინეს ბაბუა გარსევან ჭავჭავაძე იყო ქართლ–კახეთის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე, დიპლომატი, რომელმაც როგორც ქართლ-კახეთის სამეფოს სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა აქტიური მონაწილეობა მიიღო 1783 წლის „გეორგიევსკის ტრაქტატის“ დადებაში.

    პირველადაწყებითი განათლების მიღების შემდეგ ეკატერინე შეიყვანეს სანკტ-პეტერბურგის გამორჩეულ პანსიონში, რომელიც პრასკოვია ნიკოლაევნა არსენიევა-ახვერდოვას ეკუთვნოდა. სწორედ ახვერდოვას სასწავლებელში შეხვდა პირველად ეკატერინე თავის მომავალ მეუღლეს, სამეგრელოს ტახტის მემკვიდრეს დავით დადიანს.

    1839 წელს ეკატერინე ცოლად გაჰყვა დავით ლევანის ძე დადიანს. იგი მუდამ პატივისცემით ეპყრობოდა და იცავდა დადიანების ოჯახისა და სამეგრელოს პრესტიჟს, ჯერ როგორც თავადი დადიანის მეუღლე და შემდგომ როგორც დედოფალი. თავისი მდგომარეობა მან სამეგრელოს რეგიონში დასავლური ღირებულებების დანერგვას მოახმარა. ის მოსახლეობის განათლებასა და სამეგრელოს ტერიტორიის დაცვაზე ზრუნავდა, ხოლო თავადი დადიანის ფრიად შთამბეჭდავი ბიბლიოთეკის დაცვასა და შენარჩუნებაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.  ეკატერინეს სახელთანაა დაკავშირებული ზუგდიდის სასახლის ბაღი, რომლის გასალამაზებლად მან მებაღეები უცხოეთიდან მოიწვია, შემოიტანეს ეგზოტიკური მცენარეების ნერგები და ფაქტიურად სასახლის ბაღი თავიდან დააპროექტებინა.

    ეკატერინე აქტიურად მონაწილეობდა სამთავროს მართვა–გამგეობაშიც. დადიანებს ჰყავდათ ოთხი შვილი ნიკო, (ნიკოლოზ I ნათლული), ანდრია, სალომე (აშილ მიურატის მეუღლე) და თამარი.

     1853 წლის აგვისტოში 42 წლის ასაკში დავითი მალარიით დაავადდა, ერთი თვე იავადმყოფა და გარდაიცვალა. ამ დროისათვის ეკატერინე 37 წლის იყო. რამდენადაც დავითის მემკვიდრე, ნიკო დადიანი საკმაოდ ახალგაზრდა იყო  სამეგრელოს დე ფაქტო მმართველი და დედოფალი გახდა ეკატერინე. რუსეთის იმპერატორმა იგი რეგენტად დაამტკიცა. დედოფალმა დავითის მეგობარი, პლატონ იოსელიანი, მთავარმრჩევლად დანიშნა, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე გადაწყვეტილებების მიღებაში. ეკატერინე აგრძელებდა დავითის მიერ დასახული როგორც შიდა, ასევე საგარეო პოლიტიკური მიზნებისა და ამოცანების რეალიზაციას.

    1853–1856 წლების ყირიმის ომის დროს, როდესაც სამეგრელოს დიდი ნაწილი ოსმალებმა დაიკავეს, ოსმალთა სარდალმა ომარ ფაშამ სცადა სამეგრელოს დედოფალთან შეთანხმება, მაგრამ ეკატერინე დადიანი  სახალხო თავდაცვის ორგანიზებას შეუდგა და პირადად მონაწილეობდა მტრის რაზმებზე თავდასხმაში. გადამწყვეტი ბრძოლა, რომელსაც თავად ეკატერინე ხელმძღვანელობდა, ნოქალაქევის ციხე-სიმაგრესთან შედგა და თურქეთის არმიამ საშინელი დამარცხება განიცადა.

     1856 წელს ეკატერინე დადიანი ალექსანდრე II  მეფედ კურთხევის ცერემონიაზე მიიწვიეს.  პეტერბურგში იგი დიდი პატივით მიიღეს, მიანიჭეს „სტატს დამის“ წოდება და წმ. გიორგის მედლით დააჯილდოეს. მთელი ეს თვალშისაცემი პატივისცემა, რეალურად, ფარული პოლიტიკური მიზნების შესანიღბად იყო გამიზნული, რომელიც სამეგრელოს სამთავროს გაუქმებას ემსახურებოდა.

   1857 წელს სამეგრელოში გლეხთა აჯანყებამ იფეთქა. ეკატერინე დადიანმა დახმარებისათვის რუსეთის ხელისუფლებას მიმართა, იგი გლეხთა სასტიკად დასჯას თხოულობდა, მთავრობამ ეს მომენტი სამეგრელოს სამთავროს გაუქმებისათვის გამოიყენა და აჯანყების მიზეზად მმართველობის უვარგისობა ჩათვალა. 1857 წლის 26 სექტემბერს სამეგრელოს „დროებით“ მმართველად გენერალი კოლუბიაკინი დაინიშნა. ეს ფაქტობრივად სამეგრელოს ავტონომიის გაუქმება იყო. ეკატერინე რუსეთს გაემგზავრა და სანკტ-პეტერბურგში დასახლდა. მას ცარსკოე სელოში, პეტრე ბაგრატიონის მშვენიერი მამულის ერთ-ერთ ნაწილში საზაფხულო აგარაკი გამოუყვეს

     სიცოცხლის უკანასკნელი წლები ეკატერინე დადიანმა სამეგრელოში გაატარა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ეკატერინემ განსაკუთრებული ზრუნვა საგვარეულო ბიბლიოთეკისა და ხელნაწერებისადმი გამოიჩინა. მან აგრეთვე წვლილი შეიტანა შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსნის" ფრანგულ ენაზე თარგმნაში. ეკატერინე დადიანმა შთამომავლობას ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსებისა და პოემა „ბედი ქართლისას“ ხელნაწერი რვეული შემოუნახა. მაგრამ, მრავალმხრივი ინტერესების მიუხედავად, ეკატერინეს მაინც ენატრებოდა სამეგრელოს დედოფლის სტატუსი...

    ეკატერინე ჭავჭავაძე გარდაიცვალა 1882 წლის 13 აგვისტოს. იგი დაკრძალულია მარტვილის დედათა მონასტერში, თავისი მეუღლის გვერდით.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, დამფუძნებელი წევრი (1879-1882)

გააზიარე: