The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



სამსონ პლატონის ძე დადიანი

სამსონ პლატონის ძე დადიანი
სხვა სახელი:და-ნი  (ფსევდონიმი)
ს. დადია  (ფსევდონიმი)
შან-დიანი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:23 დეკემბერი, 1886
გარდაცვ. თარიღი:11 დეკემბერი, 1937  (50 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:უცნობია (დახვრეტილი)
კატეგორია:ადვოკატი, დამფუძნებელი წევრი, იურისტი, პოლიტიკოსი, რეპრესირებული

ბიოგრაფია

    სამსონ დადიანი დაიბადა 1886 წლის 23 დეკემბერს (ძვ. სტ.) ზუგდიდის მაზრის სოფელ მოდინახეში თავადის ოჯახში. დაამთავრა თბილისის ქართული გიმნაზია. და უმაღლესი იურიდიული განათლება  პეტერბურგის უნივერსიტეტში მიიღო. სტუდენტობის პერიოდიდან აქტიურად მონაწილეობდა სოციალისტ-ფედერალისტთა სტუდენტურ ორგანიზაციებსა და „დამონებულ ერთა პროგრესული სტუდენტობის ორგანიზაციათა ფედერაციაში“.

    1905 წლის რევოლუციური მოძრაობის დროს, მათ მამულში საეკზეკუციო ჯარების დაბანაკების შემდეგ, გლეხებმა მამა მოუკლეს.

    სამსონ დადიანი 1908 წლიდან იყო საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტიის წევრი. პეტერბურგის ოხრანკის სათვალთვალო ჟურნალებში გატარებულია „Нарзан“-ის მეტსახელით. 1909 წელს ტფილისში პოლიტიკური საბაბით იქნა დაპატიმრებული, ხოლო 1910 წელს სტუდენტური ორგანიზაციის რამდენიმე უკრაინელ წევრთან ერთად დააპატიმრეს და „ოხრანკაში“ ერთი კვირის გატარება მოუწია. 

    ორგანიზაციული საქმიანობის გარდა, ქართულ პერიოდულ გამოცემებში სხვადასხვა ფსევდონიმებით სტატიებს აქვეყნებდა. 1913 წელს ჟურნალ „განათლებაში“ დაიბეჭდა მისი გამოკვლევა „საზოგადოებრივი აზრები XIX საუკუნის სიტყვაკაზმულ მწერლობაში“. ცენზურამ ეს ნომერი ამოიღო, ხოლო რედაქტორი და ავტორი ძლივს გადაურჩნენ დაპატიმრებას. სოციალისტ-ფედერალისტთა მთავარ ბეჭდვით ორგანოში - „სახალხო საქმეში“ დაიბეჭდა მისი ლექცია სათაურით - „უნიტარული და ფედერაციული რესპუბლიკა“. ბეჭდავდა წერილებს „შინაურ მიმოხილვაში“.

   1917 წელს არჩეული იქნა საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი.

    1919 წლის 12 მარტიდან არჩეული იყო საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტიის სიით და გახლდათ შრომისა და საკონსტიტუციო კომისიების წევრი.

   1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ  საქართველოში დარჩა და  წინააღმდეგობის მოძრაობაში ჩაება.

    1921 წლის აპრილში, სამხედრო ტაძრის ეზოში თბილისის დაცვისას დაღუპული ჯარისკაცებისა და ოფიცრების 40 დღის აღსანიშნავ სამგლოვიარო დემონსტრაციაზე  სიტყვა წარმოთქვა, რის გამოც საქართველოს სსრ საგანგებო კომისიამ („ჩეკა“) რამდენიმე დღით დააპატიმრა. 1921 წლის ბოლოდან გახლდათ ბოლშევიკური საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ საერთო ფრონტის შექმნის მიზნით პარტიათა შორის მოლაპარაკებების პროცესის აქტიური მონაწილე.

    1922 წლის 10 თებერვალს საქართველოს ოკუპაციის წლისთავის აღნიშვნის საწინააღმდეგოდ დაგეგმილი ანტისაბჭოთა დემონსტრაციების აღსაკვეთად ჩეკამ იზოლაციის მიზნით დაიწყო ანტისაბჭოთა პარტიების ლიდერთა და აქტიური წევრების დაპატიმრება. ამ სიაში მოხვდა სამსონ დადიანიც და იგი თბილისში, საკუთარ სახლში დააპატიმრეს. ჩეკას პრეზიდუმმა იზოლაციის წესით 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა  და მეტეხის N2 „გამასწორებელ სახლში“ გაამწესა, საიდანაც  1922 წლის 22 აგვისტოს გაათავისუფლეს.

     საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის დაარსების შემდეგ იყო საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტიის წარმომადგენელი დამკომში. მეორედ  1923 წლის თებერვლის დასაწყისში დააპატიმრეს და რამდენიმე კვირა  ჩეკას შიდა საპატიმროში იჯდა.

    სამსონ დადიანი დამფუძნებელი კრების დეპუტატებთან - ოსიკო ბარათაშვილსა და კირილე ნინიძესთან - ერთად 1924 წლის მარტში იცავდა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის სამღვდელო პირთა ჯგუფს და კათოლოკოს-პატრიარქ ამბროსი ხელაიას. საბჭოთა რეჟიმი მათ ანტისაბჭოთა პროპაგანდასა და საეკლესიო განძეულობის გადამალვაში სდებდა ბრალს. დამოუკიდებლობის კომიტეტში 1924 წლის აგვისტოს ანტისაბჭოთა აჯანყების დაწყების საკითხის დასმისას სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის სახელით უარი განაცხადა აჯანყებაში მონაწილეობაზე, თუმცა პარტიის წევრებს მიეცათ უფლება, პირადი შეხედულებისამებრ ემოქმედათ.

   საქართველოს სსრ უზენაესმა სასამართლომ, 1925 წლის 15 ივლისიდან 3 აგვისტომდე მიმდინარე ე. წ. „პარიტეტული კომიტეტის პროცესზე“, სამსონ დადიანი სხვა 46 პოლიტპატიმართან ერთად 1924 წლის აგვისტოს ანტისაბჭოთა აჯანყების ორგანიზების ბრალდებით გაასამართლა, მაგრამ   ბრალდების დაუსაბუთებლობის გამო სასამართლომ პასუხისმგებლობისაგან გაათავისუფლა. შემდგომ წლებში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა თბილისში. იყო დამცველთა (ადვოკატთა) კოლეგიის წევრი.

    დიდი საბჭოთა ტერორის დროს სამსონ დადიანი  სოციალისტ-ფედერალისტთა კონტრრევოლუციური იატაკქვეშა ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით დააპატიმრეს. საქართველოს სსრ შინსახკომთან არსებულმა განსაკუთრებულმა სამეულმა (ე.წ. „ტროიკა“) სამსონ დადიანს 1937 წლის 10 დეკემბერს დახვრეტა მიუსაჯა და 11 დეკემბრის ღამეს განაჩენი სისრულეში იქნა მოყვანილი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტი, წევრი (1918-)
  • საქართველოს ეროვნული საბჭო, წევრი (1917-)
  • საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტია, წევრი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1915-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1917-)

გააზიარე: