The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



კონსტანტინე (კოსტა) მიხეილის ძე ამირეჯიბი (თავადი)

კონსტანტინე (კოსტა) მიხეილის ძე ამირეჯიბი
ოფიციალური სახელი:კონსტანტინე მიხეილის ძე ამირაჯიბი
დაბადების თარიღი:31 დეკემბერი, 1869
გარდაცვ. თარიღი:14 ივლისი, 1948  (78 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი
კატეგორია:მეცენატი, მეცნიერი, ქველმოქმედი, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

 

    კონსტანტინე ამირაჯიბი დაიბადა თბილისში, 1869 წლის 18 დეკემბერს (ძვ. სტ.), იმ დროისათვის მეტად ცნობილი პიროვნების, რუსეთ-თურქეთის ომში მონაწილე სახელგანთქმული გენერალ-ლეიტენანტის მიხეილ ქაიხოსროს ძე ამირაჯიბის ოჯახში. დედამისი, სოფიო ვასილის ასული ამირაჯიბი (ქალიშვილობის გვარი არგუტინსკაია-დოლგორუკოვა) საზოგადო მოღვაწე და პოეტი ქალბატონი გახლდათ.  მის კალამს ეკუთვნის ქართველი პოეტების ნაწარმოებთა შესანიშნავი თარგმანები რუსულ ენაზე.

    კონსტანტინე 9 წლის ასაკიდან 12 წლამდე დედასთან ერთად  საფრანგეთში ცხოვრობდა. საფრანგეთიდან დაბრუნებული ამირაჯიბების ოჯახი ოდესაში დასახლდა, სადაც პატარა კონსტანტინე მე-8 კლასამდე ოდესის გიმნაზიაში სწავლობდა. 1887 წელს ამირაჯიბები საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდნენ და  ამ პერიოდიდან კონსტანტინემ სწავლა განაგრძო თბილისის პირველ გიმნაზიაში, რომლის სრული კურსი 1888 წელს წარჩინებით დაამთავრა და იმავე წელს  ნოვოროსიისკის (ოდესის) უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის ტექნიკურ აგრონომიული განყოფილების სტუდენტი გახდა.

   1893 წელს კონსტანტინე ამირეჯიბმა კანდიდატის ხარისხით და პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა ოდესის უნივერსიტეტი და წარადგინა საკონკურსო შრომა "ხელოვნურ მღებავ ნივთიერებათა შესახებ", რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა. კონსტანტინე  დატოვებული იქნა ოდესის უნივერსიტეტში პროფესორად მოსამზადებლად, ქიმიური ტექნოლოგიის კათედრის ასისტენტად პროფესორ ვასილ პეტრიაშვილთან. პარალელურად კი  სასოფლო-სამეურნეო მანქანა-იარაღებში ცოდნის შემდგომი ამაღლებისათვის პროფ. ბარაკოვთან მუშაობდა.

    1895 წლიდან კონსტანტინე ამირაჯიბი ბონის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელში სწავლობდა,  რომელიც 1896 წელს  წარჩინებით დაამთავრა  პირველი ხარისხის დიპლომით სასოფლო-სამეურნეო მანქანა-იარაღების სპეციალობაში. 1897 წელს მან ოჯახური მდგომარეობის გამო ოდესა დატოვა და სამშობლოში დაბრუნდა და თავის მშობლიურ სოფელ ავლევში დასახლდა.

    1899 წლიდან კონსტანტინე გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" წევრი და აქტიურად იყო ჩართული საზოგადოების მუშაობაში. მან  ნოვოროსიისკის ქართველი სტუდენტების სახელით შემოწირულობაც გამოუგზავნა ქშწკგ საზოგადოებას.

   კონსტანტინე ამირეჯიბს დიდი  დამსახურება მიუძღვის ავლევის მოსახლეობის წინაშე. 1900 წელს  მისი ინიციატივითა და დიდი გარჯით სოფელში გაიხსნა საავადმყოფო, მომხმარებელთა ამხანაგობა, საკრედიტო ამხანაგობა, სასოფლო-სამეურნეო მანქანა-იარაღების გამქირავებელი პუნქტი, სარემონტო სახელოსნო და დამაგრილებელი პუნქტები. ამავე წელს გახსნა ქიმიური ლაბორატორია, მოაწყო საცდელი მინდორი, ამერიკული ვაზის სანერგე, ხეხილის ბაღი, მესაქონლეობის ფერმა და ცხენსაშენი.

   1907 წ. კონსტანტინე ამირაჯიბმა სოფელ ამლევში სასოფლო-სამეურნეო სკოლა გახსნა, სადაც სწავლება ქართულ ენაზე მიმდინარეობდა.

   1918-1922 წლებში კონსტანტინე, როგორც ქიმის დიდი სპეციალისტი, სათავეში ჩაუდგა საქართველოში ქიმიური მრეწველობის პირველ დაწესებულებას - თბილისის ქიმიურ ქარხანას.    კონსტანტინე ამირეჯიბი საქართველოში  ქიმიური მრეწველობის პიონერი გახლავთ.

   1919 წლიდან კონსტანტინე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიული განყოფილების სასოფლო-სამეურნეო მექანიკის კათედრის გამგეა. 1921 წლიდან იწყება მისი თავაუღებელი და მიზანმიმართული მუშაობა თავისი სპეციალობის მიხედვით. 1922 წელს მან ორგანიზება გაუკეთება  სასოფლო-სამეურნეო მანქანა-იარაღების საცდელ სადგურს და ამავე წელს საქართველოში პირველი სატრაქტორო კურსები დააარსა, რომელმაც პირველი მექანიზატორ-მასწავლებელთა და საცდელ სადგურში მომუშავეთა კადრები მოამზადა.

   1928-1929 წლებში პროფ. ამირაჯიბისა და პროფ. დიდებულიძის მიერ შექმნილი იქნა ელექტროტრაქტორი, რომელსაც 1940 წელს  მოსკოვში გამართულ სასოფლო-სამეურნეო გამოფენაზე დიდი მოწონება ხვდა წილად.

   1929 წელს, კონსტანტინე ამირაჯიბის აქტიური მონაწილეობით შეიქმნა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი.

   1930 წელს  კონსტანტინე საცდელი სადგურის ბაზაზე ჩამოყალიბებული ამიერკავკასიის მექანიზაციის და ელექტროფიკაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორად დაინიშნა, რომელსაც იგი 1934 წლამდე ხელმძღვანელობდა.

   1934 წელს პროფესორმა ამირაჯიბმა საკუთარი ინიციატივით ყოველგვარ საორგანიზაციო მოვალეობას თავი დაანება და  მხოლოდ სამეცნიერო-პედაგოგიურ მუშაობაზე გადავიდა, რომელიც მას  სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე არ შეუწყვეტია.

   კონსტანტინე ამირაჯიბი გარდაიცვალა 1948 წლის 14 ივლისს თბილისში და დაკრძალულია ქართველ მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში მეუღლესთან - ქეთევან ჯიბრაილის ასულ აბაშიძესთან ერთად.

   გათვალისწინებული იქნა რა პროფესორ კონსტანტინე ამირაჯიბის დიდი ღვაწლი საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების საქმეში, საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტროფიკაციის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს მისი სახელი მიენიჭა.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1899-1900)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1934 - საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე
  • 1932 - შრომის წითელი დროშის ორდენი
  • 1922 - საქართველოს საპატიო აგრონომი
  • ლენინის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: