The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



იასე ადამის ძე ანდრონიკაშვილი

იასე ადამის ძე ანდრონიკაშვილი
ოფიციალური სახელი:იესე ადამის ძე ანდრონიკაშვილი
დაბადების თარიღი:23 თებერვალი, 1814
გარდაცვ. თარიღი:8 მაისი, 1892  (78 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, სამოქალაქო უფლებების დამცველი

ბიოგრაფია

   იასე ანდრონიკაშვილი დაიბადა 1837 წელს სიღნაღის მაზრის სოფელ ფხოველში.

   იასე ანდრონიკაშვილმა დაამთავრა თბილისის გიმნაზია, სადაც იმ დროს ცარიზმის რეჟიმი იყო გამეფებული. იგი გახლდათ ნამდვილი სამოქალაქო მრჩეველი (Действительный статский советник), ბანკის დაარსებიდან ზედამხედველი კომიტეტის წევრი, მრავალი საქველმოქმედო საზოგადოების წევრი და ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი ქველმოქმედებით და საქვეყნო საქმის სიყვარულით.

   იასე ანდრონიკაშვილმა სახელმწიფო სამსახური დაიწყო 1837 წელს და სხვადასხვა დროს სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობები ეკავა: 1842 წელს გახლდათ თელავის მაზრის უფროსი, 1845 წელს - სიღნაღის, 1846 წელს - მომრიგებელი მოსამართლე განჯაში, ხოლო 1847 წელს გორში. 1854 წლიდან მუშაობდა თბილისის „Коммерческий судъ“-ში, სადაც 40 წელი დაჰყო.

   1876 წელს იასე ანდრონიკაშვილი გახლდათ კავკასიის ოლქის მთავარი სამმართველოს თბილისის სასამართლო პალატის წევრი. ანდრონიკაშვილი ცნობილი იყო, როგორც საუკეთესო მსაჯული (ადვოკატი).

    1879 წლიდან იყო "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" დამფუძნებელი წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების საქმიანობაში. 

   1887 წლის 23 თებერვალს, იუსტიციის მინისტრის ნებართვით,  იასე  ანდრონიკაშვილს სახელმწიფო სამსახურში კეთილსინდისიერი მოღვაწეობისთვის 50 წლის იუბილე გადაუხადეს და ამის შესახებ ცნობა დაიბეჭდა გაზეთ "ივერიაში".

   იასე ანდრონიკაშვილი ფილტვების ანთებით გარდაიცვალა 1892 წლის 8 მაისს, წირვა გადაუხადეს ქაშუეთის ეკლესიაში და დაკრძალეს ვერის სასაფლაოზე. მის დაკრძალვას უამრავი ხალხი დაესწრო, თბილისის წარჩინებულ საზოგადოებასთან ერთად დაკრძალვას ესწრებოდნენ: თბილისის გუბერნატორი გიორგი შარვაშიძე, გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლი ლევან მაღალაშვილი, ქალაქის თავი თ. აღუთინსკი, სასამართლო პალატის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჭავჭავაძე, გენერლები და სახელმწიფო მოხელენი. მისი გარდაცვალების შესახებ გაზეთმა „ივერიამ“ დიდი წერილი გამოაქვეყნა 1892 წლის 12 მაისს (N98).

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების დამფუძნებელი წევრი (1879-1886)

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სახლი
    მისამართი:თბილისი, სოლოლაკი, N 14

გააზიარე: