The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ნატო მერაბის ასული გაბუნია

ნატო მერაბის ასული გაბუნია
ოფიციალური სახელი:ნატალია მერაბის ასული გაბუნია–ცაგარელისა
დაბადების თარიღი:13 თებერვალი, 1859
გარდაცვ. თარიღი:16 აგვისტო, 1910  (51 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი, კუკიის სასაფლაო
კატეგორია:მსახიობი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

     ქართული სცენის მშვენება ნატო გაბუნია 1852 წელს გორში დაიბადა. ნატოს მამა  სამეგრელოდან ქართლში იყო ჩასიძებული, ხოლო  დედა  ფავლენიშვილის ქალი გახლდათ. სწორედ დედამ შეასწავლა პატარა ნატოს  წერა-კითხვა. იგი ბავშვობიდანვე სითამამით და არტისტულობით გამოირჩეოდა. 12 წლის ასაკში ნატო გორში ერთადერთ საქალებო სასწავლებელში მიაბარეს.  ბუნებით ნიჭიერსა და ხალისიანს  სცენისადმი მისწრაფება გორშივე აღეძრა, სადაც 1870-ანი წლებიდან დროგამოშვებით საქველმოქმედო წარმოდგენები იმართებოდა და  ჯერ კიდევ 16 წლის ასაკში,  ქალაქ გორში ხალხოსნების მიერ დაარსებულ სცენისმოყვარეთა დრამატულ წრეში, სპეკტაკლებში „ძალად ექიმი“ და „უჩინმაჩინის“ ქუდში ითამაშა. ნატოს ტალანტი უყურადღებოდ არ დარჩენია გიორგი ერისთავის ვაჟს, რომელმაც ნატოს მამას ურჩია, რომ გოგონა მასთან თბილისში ჩაეყვანა. მიუხედავად იმისა, რომ ნატოს მამა სცენისმოყვარეთა წარმოდგენებში ნატოს მონაწილეობას არ ეწინააღმდეგებოდა, მაინც არ უნდოდა მისი ქალიშვილი თეატრის მსახიობი გამხდარიყო. ამიტომ ნატო იძულებული გახდა, მამის წინააღმდეგ წასულიყო და თბილისში გაიპარა.

    1879 წელს  თბილისელმა მაყურებელმა ნატო პირველად იხილა. მართალია, სპეკტაკლში ეპიზოდური როლი შეასრულა, მაგრამ პრესისა და საზოგადოების დიდი ყურადღება მიიპყრო და მაყურებელს თავი მაშინვე დაამახსოვრა.

    1879 წელს ნატო გაბუნია თეტრის ძირითად დასში მიიწვიეს. თეატრი აქტიურად დგამდა სპეკტაკლებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში: გორში, აბასთუმანში, ქუთაისში, ფოთში და ახალციხეში. ნატომ არაერთ სპეკტაკლში ითამაშა, თუმცა განსაკუთრებული პოპულარობა სპეკტაკლებმა: „პეპო“, „მოტია“, „ძალად ექიმი,“ და „აყალმაყალი ცოლ-ქმარს შუა“ მოუტანა.

    აკაკი წერეთელმა საგანგებოდ ნატოსთვის პიესა „კინტო“ დაწერა, ამ დროს ნატო თეატრალურ წრეში ახალი ჩარიცხული იყო. 1880 წლის 9 იანვარს ნატოს ბენეფისი გაიმართა, რომელიც მის ტრიუმფად გადაიქცა. თეატრი ყოველი წრის საზოგადოებით იყო გადაჭედილი... ასეთი რამ მანამდე არავის ენახა. მაყურებელი განსაკუთრებით მოიხიბლა მისი სასიამოვნო ტემბრითა და მუსიკალურობით. ნატო საუცხოოდ მღეროდა და მან ცნობილ მომღერალ ევანგულასგან საჩუქრად ჩუქურთმებით მოჭედილი დაირაც მიიღო. უცხო თუ საქართველოს ცხოვრებიდან აღებულ პერსონაჟებს ერთნაირი ხელოვნებით ასახიერებდა. რუსი დრამატურგის ალექსანდრე ოსტროვსკის  თბილისში სტუმრობის დროს, ქართულმა დასმა მის პატივსაცემად მისივე პიესა „შემოსავლიანი ადგილი“ დადგა, რომელშიც ნატო კუკუშკინას როლს ასრულებდა. წარმოდგენის დასრულებისას  ოსტროვსკი კულისებში შევიდა და  გაბუნიას უთხრა: „ვიცოდი, რომ საქართველო მშვენიერი ქვეყანაა, მაგრამ არ მეგონა, თუ ქართველი ქალი ჩემს ტიპს ასე მშვენიერად გამოხატავდაო“

    1882 წელს ნატო გაბუნია ცოლად გაჰყვა აქვსენტი ცაგარელს, რომელიც ნატოსთვის დაუღალავად წერდა და თარგმნიდა პიესებს, ერთ-ერთი ასეთი საგანგებოდ მისთვის დაწერილი პიესა „ხანუმა“ ნატოს ერთგვარი თეატრალური სახე გახდა. ამ სპეკტაკლში ნატომ მაჭანკლის სახე ისეთი ოსტატობით შეასრულა, რომ მაშინდელი კრიტიკოსები აღფრთოვანებას ვერ ფარავდნენ. ''...უკეთესი თამაშობა აღარ შეიძლება, ამას ზევით ხელოვნება ვერ წავა..." - წერდა ილია, როცა ნატოს მიერ განსახიერებულ ''ხანუმა'' იხილა.

      მიუხედავად იმისა, რომ ნატო დაფასებული და ცნობილი მსახიობი იყო, ის და მისი მეუღლე მუდმივ ეკონომიურ სიდუხჭირეს განიცდიდნენ. ერთი პერიოდი ცოლ-ქმარი პროვინციაში გადასახლდა, სადაც ნატო სოფლისა და სახალხო სცენებზე სრულიად უფასოდ და დაუზარებლად გამოდიოდა. აქვსენტი ცაგარელს ხშირად უწევდა სამსახურის ძებნა და მეუღლისგან შორს ყოფნა.

     1890-იანი წლებიდან ნატომ ისევ თბილისში დაიწყო მუშაობა. იმ დროის ჟურნალ-გაზეთები ერთხმად ქებით იხსენიებდნენ: “ნ.  გაბუნიას ყველაზე უკეთ შეუძლიან ითამაშოს ანჩხლი, კაპასი, აშაღლარა, ბებერი დედაკაცის როლები ისეთის ხელოვნებით, რომ ამაზედ უკეთესი თამაში არათუ ჩვენს სცენაზე, უცხო ქვეყნის განვითარებულ სცენაზედაც იშვიათად გვინახავს. ყოველი მისი მოძრაობა, მიხვრა-მოხვრა, სიტყვა-პასუხი, სიარული, უკანასკნელი ხელის გაქნევა წარმოგვიდგენდნენ იმ ბებერ დედაკაცს, რომლის თამაში აქტრისას სურდა…”.

    მეოცე საუკუნის დასაწყისში თეატრალურ სამყაროში ერთგვარი მოდერნიზაცია მოხდა და ნატო მუდმივ დასში აღარ აიყვანეს, თუმცა მას ფარხმალი არ დაუყრია, იგი საქველმოქმედო სპეკტაკლებს მართავდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. მისი საღამოები წარმატებული აღმოჩნდა, მსახიობმა იგრძნო, რომ ადამიანებისთვის ისევ ძვირფასი და საინტერესო იყო. იგი წერდა: „ ბევრი რამ კარგი და თან მწარე გამომივლია სცენაზედ. ჩემთვის ყველაფერს თეატრი შეადგენდა, ეხლაც ასეა... შეიძლება მე სცენისთვის ჩალადაც არ ვღირდე, მაგრამ იგი ჩემთვის ყველაფერია - ჩემი ოჯახი, ჩემი ასიკო, ჩემი სალოცავი, ჩემი სულისდგმა და სხვადასხვა...“

    ნატო გაბუნია გამოირჩეოდა ხალხური, ეროვნული კოლორიტით, უშუალობითა და ბუნებრიობით. იგი ჭეშმარირად სახალხო მსახიობი იყო. ნატოსთვის საგანგებოდ წერდნენ პიესებს ილია ჭავჭავაძე (“მაჭანკალი“), აკაკი წერეთელი („კინტო“), აქვსენტი ცაგარელი („ხანუმა) და დავით კლდიაშვილი („დარისპანის გასაჭირი“). ნატო ოპერეტებშიც მონაწილეობდა. მის ტკბილ ხმას აღტაცებაში მოჰყავდა თეატრის მოყვარულები. ნატო გაბუნია ქართული რეალისტური სამსახიობო სკოლის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი იყო და მისი ბენეფისები ყოველთვის დღესასწაულის ელფერს იღებდა.

    მადლიერმა ქართველმა ხალხმა 1909 წლის 3 დეკემბერს, ქართული დრამატული საზოგადოების თაოსნობით, ნატო გაბუნიას 30 წლის სასცენო მოღვაწეობის იუბილე გადაუხადა.  
     1910 წელს ნატო გაბუნია ქარელში მორიგი კეთილი განზრახვით დადგა სცენაზე, ითამაშა ''ხანუმა'', რათა შემოსული თანხით გლეხებისთვის აბანოს აშენება შესძლებოდა. უმძიმეს პირობებში მოუწია მუშაობა, გაცივდა და ფილტვების ანთება დაემართა. 

     ნატო გაბუნია გარდაიცვალა 1910 წლის 16 აგვისტოს და კუკიის სასაფლაოზე მეუღლის გვერდზე დაკრძალეს. მის საფლავზე აღმართეს ვარდისფერი ქვის ძეგლი წარწერით: „ნატო გაბუნია. მადლობელი ქართველი საზოგადოება“, ქვაზე გამოქანდაკებულია ქნარი და ლექსი.

                                                    „შესწყდა სიცოცხლე ნიჭით სავსე ღვთისგან ცხებული,

                                                    შესწყდა სიცილი ცრემლ-ნარევი, ტანჯვა და ლხენა.

                                                    არ დაგივიწყებს შენ სამშობლო დავალებული,

                                                    დიდხანს გიგლოვებს საყვარელი ქართული სცენა.“

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1880-1898)

ბიბლიოგრაფია

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სახლი
    მისამართი:თბილისი, კუკია, თბილისის სტანცია

გააზიარე: