The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



დავით გიორგის ძე გაგლოშვილი

დავით გიორგის ძე გაგლოშვილი
ოფიციალური სახელი:დავით გიორგის ძე გაგლოევი
დაბადების თარიღი:31 დეკემბერი, 1861
გარდაცვ. თარიღი:27 მარტი, 1934  (72 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი, კუკიის სასაფლაო
კატეგორია:პოლიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

   დავით გაგლოევი დაიბადა 1861 წელს თბილისში, ღარიბი მუშის ოჯახში. თბილისის ოთხ კლასიანი სამოქალაქო სკოლის დამთავრების შემდე, ერთი წელი თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტში სწავლობდა და თბილისის საქალაქო თვითმმართველობაში მსახურობდა, მაგრამ ვერ შეეგუა და აგურისა და ხის სახერხი ქარხნები გახსნა, რომელთა შემოსავლის უმეტეს ნაწილს საზოგადოებრივ და რევოლუციურ საქმეს ახმარდა. ეხმარებოდა ღარიბ მოსწავლეებს, ნათესავებს, ბავშვებს, რომელთაგან ბევრმა თვალსაჩინო წვლილი შეიტანა რევოლუციურ მოძრაობაში. დავით გაგლოევი თავისი დროის უმეტეს ნაწილს, შემოსავალსა და ენერგიას რევოლუციას ახმარდა.

   1880 წელს გაგლოევმა მინერალურ წყლებზე რუსეთიდან გადმოსახლებული ნაროდნიკ-რევოლუციონერები გაიცნო, მათგან არალეგალური წიგნები წამოიღო და თბილისის მუშებში გაავრცელა. თბილისში ხალხოსნებს დაუკავშირდა, მათთან ერთად რევოლუციურ მუშაობაში ჩაება და მათგან მოწოდებულ არალეგალურ ლიტერატურას ავრცელებდა.

   1885-1886 წლებში „ნაროდნაია ვოლიას“ მიმდევრებს, გოლა ჩიტაძესა და ბართლომე მოსეშვილს დაუახლოვდა, მათთან ერთად ეწეოდა არალეგალურ მუშაობას და თედო ულუმბეგაშვილის სახლში არალეგალური წიგნსაცავი და სტამბა დააარსეს. მოგვიანებით, ულუმბეგოვის გარდაცვალების შემდეგ, დავითმა წიგნსაცავი თავის სახლში გადაიტანა და წიგნებს იქიდან ავრცელებდა.

   დავით გაგლოევი გახლდათ პოლიტკატორღელთა საზოგადოების „ნაროდნოვოლცების“ წრის წევრი და ბევრი დაბრუნებული კატორღელი გაგლოევთან ცხოვრობდა. მასთან სახლში დადიოდა მაქსიმ გორკი და სხვა რუსი მოღვაწეები. მის სახლში იმართებოდა რევოლუციონერთა კრებები, შეხვედრები, საღამოები, რაც იმ დროს მეტად სახიფათო იყო. გაგლოევთან იმალებოდა საგიჟეთიდან გაქცეული კამო, რომელიც მან ჟანდარმებისგან დაჭერას გადაარჩინა და ნივთიერადაც დაეხმარა, თუმცა საკუთარი თავი ხიფათში ჩაიგდო, რადგან ამის გამო ჟანდარმებმა მისი სახლი რამდენჯერმე გაჩხრიკეს.

   1890-იანი წლებიდან გაეცნო „მესამე დასის“ მეთაურებს: ეგნატე ნინოშვილს, ფილიპე მახარაძეს, მიხა ცხაკაიას, სილიბისტრო ჯიბლაძეს, ნოე ჟორდანიასა  და სხვებს, რომელთა გავლენით მუშათა შორის მარქსიზმის პროპაგანდა-აგიტაციას ეწეოდა. სოციალ-დემოკრატიული პარტიის ორ ფრაქციად გაყოფის შემდეგ ბოლშევიკურ ფრაქციას მიემხრო.

   1903 წელს მის ბინაზე მოეწყო არალეგალური საბეჭდი დაზგა, იქვე ინახებოდა პარტიის ლიტერატურა. 1905 წელს ავჭალის ქუჩაზე მოაწყო წიგნსაცავ-სამკითხველო, სადაც არალეგალური წიგნებიც ჰქონდა. ამ სამკითხველოში რევოლუციონერები ერთმანეთს ხვდებოდნენ და სარევოლუციო საკითხებს ეცნობოდნენ. ერთი წლის შემდეგ მთავრობამ სამკითხველო დახურა.

   დავით გაგლოევმა სხვებთან ერთად მონაწილეობა მიიღო „ქართველთა გამომცემლობის ამხანაგობის“ დაარსებაში, იგი იყო „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ წევრი და სხვა კულტურულ დაწესებულებათა თანამოღვაწე.

   1918 წელს ბოლშევიკებს გადასცა საამხანაგო სტამბა, სადაც გაზეთი „კომუნისტი“ იბეჭდებოდა. რევოლუციური და საზოგადოებრივი დამსახურებისათვის ეძლეოდა პერსონალური პენსია.

   დავით გაგლოევი გარდაიცვალა 1934 წლის 27 მარტს ფილტვების ანთებით და დაკრძალულია კუკიის სასაფლაოზე.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1900-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: