The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



მარიამ ნიკოლოზის ასული ანჩაბაძე (კნეინა)

მარიამ ნიკოლოზის ასული ანჩაბაძე
ოფიციალური სახელი:მარიამ ნიკოლოზის ასული დადიანი
დაბადების თარიღი:6 დეკემბერი, 1870
გარდაცვ. თარიღი:1959  (88 წლის ასაკში)
კატეგორია:საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

    მარიამ დადიანი დაიბადა 1870 წლის 6 დეკემბერს იმერეთის გუბერნიის სოფელ სვირში. დედა ადრე გარდაეცვალა და მარიამისა და მისი ძმის - შალვა დადიანის აღზრდით მამა - ნიკო დადიანი იყო დაკავებული, რომელმაც შვილებს საშუალო განათლება ოჯახშივე მისცა და წერა–კითხვასთან ერთად სამშობლოს სიყვარულიც შთაუნერგა.

   მარიამი მუღლესთან – თარაშ (ტარას) ანჩაბაძესთან ერთად სოხუმში ცხოვრობდა და ცნობილ ქართველ და აფხაზ მოღვაწეთა შორის ტრიალებდა. მაშო დადიანი–ანჩაბაძისა აქტიური მონაწილე იყო იმ კულტურული საქმიანობისა, რომლის შედეგად აფხაზეთში და კერძოდ სოხუმში ფეხი მოიკიდა სკოლებმა, რომლებშიც ღარიბი ოჯახის შვილებს შესვლა არ ეკრძალებოდათ. სამოქალაქო სასწავლებელში ქართული ენის სწავლება შემოიღეს და დაარსდა ქალაქის საავადმყოფო. ამავე ხანებში სოხუმში ეწყობა სცენა, სადაც თბილისიდან და ქუთაისიდან ჩამოსული დასები ქართულ სპექტაკლებს მართავდნენ. შემოსული თანხები სამკითხველოს დაარსებას, ჟურნალ–გაზეთების გამოწერას და სხვა კულტურულ საქმიანობას ხმარდებოდა.

    მარიამ დადიანის ინიციატივით 1909 წელს სოხუმში ჩამოყალიბდა "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" განყოფილება, რომლის გამგეობის თავმჯდომარედ თავად მარიამი იქნა არჩეული. მან პირველ რიგში სოხუმში ქართული სკოლის გახსნის საკითხი დააყენა. ეს ინიციატივა მოწონებული იქნა, დამუშავდა სკოლის პროფილის პროექტი და გამგედ და მასწავლებლად ძველი სენაკიდან მოიწვიეს ნიკო ჯანაშია, რომელიც აქტიური წევრი და მდივანი გახდა საზოგადოების სოხუმის განყოფილების გამგეობისა. მარიამის დიდი მეცადინეობით სკოლის შენობის ასაშენებელი თანხები მოიძიეს და ეს საქმე სათანადოდ შეფასდა კიდეც "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" 1911 წლის ანგარიშში. სამი წლის შემდეგ სოხუმის განყოფილებამ ცენტრალური გამგეობიდან სესხის სახით 10 000 მანეთი მოითხოვა, რათა საბოლოოდ დაემთავრებინათ შენობის მშენებლობა. მასში უნდა ყოფილიყო როგორც დაწყებითი, ისე საშუალო სკოლა, წიგნსაცავი, სამკითხველო სცენა, კლუბი და საკრებულო დარბაზი. მარიამის დაუცხრომელი ზრუნვის წყალობით სკოლის მშენებლობა დასრულდა. დღეს ამ შენობაში მოთავსებულია სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტი.

   1912 წლისთვის "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" სოხუმის განყოფილებას ჰყავდა ორასამდე წევრი და გადახალისებული გამგეობა მარიამ დადიანის თავმჯდომარეობით. საზოგადოების სოხუმის განყოფილების მუშაობამ იმდენად დიდი ავტორიტეტი მოუპოვა ქშწკ გამავრცელებელ საზოგადოებას, რომ მისი განყოფილებები გაიხსნა ოჩამჩირესა და გუდაუთში. სოხუმში გაჩაღდა ქართული კულტურის სხვადასხვა კერა.  ხშირად ჩადიოდნენ ქართველი მწერლები და საზოგადო მოღვაწეები, რომლებიც აწყობდნენ ლიტერატურულ საღამოებს და კითხულობდნენ ლექციებს.

   მაშო დადიანი აფხაზეთში და კერძოდ სოხუმში მუდამ ქართული ეროვნული კულტურის სადარაჯოზე იდგა. მისი ხელშეწყობით იხსნებოდა ქართული სკოლები, ან არაქართულ სკოლებში ისწავლებოდა ქართული ენა. სხვა საზოგადო მოღვაწეებთან ერთად იგი იყო ამ მხარეში ქართული წიგნის მოამაგე–გამავრცელებელი და დამაარსებელი სამკითხველოებისა და სხვა კულტურული დაწესებულებებისა.

    მარიამ დადიანის უდიდესი ამაგი სათანადოდ დააფასა სოხუმის საზოგადოებამ და 1929 წელს უანგარო მოღვაწეობისათვის 25 წლის იუბილე გადაუხადეს.

   მარიამ დადიანი გარდაიცვალა 1959 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სოხუმის განყოფილების დამფუძნებელი წევრი (1909-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სოხუმის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე (1909-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: