The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ნიკოლოზ პეტრეს ძე არდაზიანი

ნიკოლოზ პეტრეს ძე არდაზიანი
Date of birth:1826
Date of death:2 October, 1907  (at 81 years)
Category:Religious leader

Biography

     ნიკოლოზ არდაზიანი დაიბადა 1826 (1828) წელს თბილისში დეკანოზის ოჯახში. 1843-1849 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა. 1851 წლის 6 იანვარს გორის ეპისკოპოსმა ნიკიფორემ (ჯორჯაძე) დიაკვნად აკურთხა და კალოუბნის ღვთისმშობლის შობის ტაძარში განამწესა. 1852 წლის 28 აპრილს ქაშვეთის წმ. გიორგის სახელობის ტაძარში გადაიყვანეს, რომელიც 1859 წელს ტაძრის ახალ წინამძღვარ, დეკანოზ გრიგოლ ჭრელაშვილთან მომხდარი უსიამოვნების შემდეგ დატოვა.

    1859 წლის 22 ოქტომბერს საქართველოს ეგზარქოსმა ევსევიმ (ილინსკი) მღვდლად დაასხა ხელი და თბილისის ყოვლადწმინდა სამების ტაძარში მღვდლად დაადგინა. 1859 წლის 1 ნოემბერს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1856-1870 წლებში მეტრიკული და სააღმსარებლო წიგნების შემსწორებელი კომისიის რევიზორი იყო, ხოლო 1864 წლის 28 თებერვალს საეკლესიო ხაზინაში მოწმედ დაინიშნა.

     1864 წლის 25 აპრილს სკუფია უბოძეს. 1865 წლის 25 ივნისს აირჩიეს თბილისის ყოფილი ზნეობითი სასამართლოს წევრად, სადაც 1868 წლის 19 თებერვალმდე იმსახურა. 1867 წელს წმინდა სინოდმა მადლობის ფურცელი უბოძა. 1867-1870 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში განმკარგულებელი ორგანოს წევრად მუშაობდა და იგივე 1867 წელს თბილისის სასულიერო სემინარიის შენობის გამფართოებელი კომისიის წევრად აირჩიეს. 1868 წლის 8 თებერვალს ზნეობით სასამართლოში პატიოსანი სამსახურისთვის ეგზარქოსმა ევსევიმ მწყემსმთავრული მადლობა, ხოლო 1868 წლის 22 მარტს წმინდა სინოდმა გამოუცხადა.

      1868 წლის 12 აპრილს თბილისის სახალხო სასამართლოს პირველ განყოფილებაში მსჯავრდებულებისგან აღსარების ჩაბარება დაევალა. 1869 წლის 21 აპრილს კამილავკა ეწყალობა და 1870 წლის 30 ოქტომბერს თბილისის ოლქის სამღვდელოებამ თბილისის სასულიერო სასწავლებლის მმართველობაში თავის წარმომადგენლად აირჩია, სადაც 1875 წლის 1 იანვრამდე იმსახურა.

     1872 წლის 29 აპრილს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო, ხოლო 1875 წლის 27 აპრილს დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1876 წლის 20 სექტემბერს საქართველოს ეპარქიალური სამზრუნველოს წევრად აირჩიეს. 1881 წლის 18 აპრილს წმ. ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1883 წლის 9 თებერვალს თბილისის სასულიერო სემინარიასა და თბილისის ქალთა ეპარქიალურ სასწავლებელში  სარევიზიო კომისიის წევრად გააგზავნეს, რომელმაც გამოიკვლია სასწავლებლის ეკონომიური მხარე. 1889 წელს წმ. ვლადიმერის IV ხარისხის ორდენი უბოძეს. 1895 წლის 6 მაისს ენქერი ეწყალობა. 1900 წლის 15 მაისს წმ. ვლადიმერის III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1905 წლის 15 ივნისს თვალის ჩინის დაკლების გამო შტატიდან გადადგა.

      დეკანოზმა ნიკოლოზმა სამების ტაძარს ჯერ გუმბათი დააშენა, შემდეგ კი მოახატვინა. მანვე დასწერა ჯვარი ილია ჭავჭავაძესა და ოლღა გურამიშვილს სამების ტაძარში.

      სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი კალისტრატე (ცინცაძე) დეკანოზ ნიკოლოზის შესახებ წერდა: "დეკანოზი ნიკოლოზი იყო ყველასაგან დიდად პატივცემული მოძღვარი, მარილიანი და მშვიდი მოსაუბრე, დაუზარებელი მწირველ-მლოცველი".

      დეკანოზი ნიკოლოზი გარდაიცვალა  1907 წლის 2 ოქტომბერს და დაკრძალულია საკურთხევლის პირდაპირ ყოვლადწმინდა სამების ტაძარში.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1879-1898)

Awards and Honors

  • 1900 - წმ. ვლადიმერის III ხარისხის ორდენი
  • 1889 - წმ. ვლადიმერის IV ხარისხის ორდენი
  • 1881 - წმ. ანას III ხარისხის ორდენი

Contacts Information

  • Business
    Address:სამების ეკლესია

Share: