The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ნიკოლოზ მაკარის ძე გაჩეჩილაძე

ნიკოლოზ მაკარის ძე გაჩეჩილაძე
Date of birth:1881
Date of death:1959  (at 78 years)
Category:Medical Doctor

Biography

    ნიკოლოზ გაჩეჩილაძე დაიბადა 1881 წელს, ზესტაფონის მაზრის სოფელ წევაში, სასულიერო პირის ოჯახში. ნიკოლოზის მამა, დეკანოზი მაკარი, გაჩეჩილაძეების მფარველი სალოცავის – წევის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი იყო.

   1903 წელს ნიკოლოზმა ქუთაისის სასულიერო სემინარია წარჩინებით დაამთავრა და ყაზანის საიმპერატორო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე ჩაირიცხა, რომელიც 1910 წელს დაამთავრა.

   1914 წლიდან ნიკოლოზ გაჩეჩილაძემ გორის ჰოსპიტალის მთავარ ექიმად დაიწყო მუშაობა. წლების განმავლობაში იგი უანგაროდ ემსახურებოდა ცხინვალისა და მთელი შიდა ქართლის მოსახლეობას.

   1921 წლიდან ნიკოლოზი საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა. მიუხედავად შემოთავაზებისა მას ქვეყანა არ დაუტოვებია და გააგრძელა მოღვაწეობა. დააარსა მწერალთა, კომპოზიტორთა და მხატვართა კავშირის პოლიკლინიკა.

მკურნალთან შინ ხშირად მიდიოდნენ კულტურისა და ინტელიგენციის წარმომადგენლები. ღვთისმოშიში ექიმი განსაკუთრებულად ზრუნავდა ბავშვებზე. უსასყიდლოდ მკურნალობდა და მატერიალურადაც ხელს უმართავდა გაჭირვებულ და ხელმოკლე ადამიანებს.

    ნიკოლოზი ყველაზე რთულ წლებშიც მუდამ ეკლესიის გვერდში იდგა. იგი თბილისიდანაც მუდმივად ეხმარებოდა წევის წმინდა გიორგის ეკლესიას. ექიმის მეგობრები იყვნენ და მის სახლს ხშირად სტუმრობდნენ კათოლიკოს–პატრიარქები: ლეონიდე ოქროპირიძე, ამბროსი ხელაია, კალისტრატე ცინცაძე, ეპისკოპოსი დიმიტრი ლაზარიშვილი, დეკანოზი ხარიტონ დევდარიანი (კათოლიკოს–პატრიარქი დავით V). 1926 წელს კათოლიკოს–პატრიარქმა ამბროსიმ ექიმს სახლში მოუნათლა ქალიშვილი მზეთამზე.

    1937 წელს ნიკოლოზი ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის ბრალდებით დააპატიმრეს. ჩხრეკის დროს სახლიდან წაიღეს სახარება, 12 ძვირფასი ხატი, წერილები, სხვადასხვა ძვირფასი ნივთები და ოჯახს გადასახლება დაუპირეს. ინტელიგენციის ჩარევით უდანაშაულო ექიმი გაათავისუფლეს. მიუხედავად ასეთი განსაცდელისა ნიკოლოზი მაინც აგრძელებდა ეკლესიის თანადგომას. 

    საქართველოს დამსახურებული ექიმის არქივში საინტერესო წიგნები, წერილები და ფოტოსურათებია შემონახული.

    ნიკოლოზ გაჩეჩილაძე გარდაიცვალა 1959 წელს თბილისში.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ცხინვალის განყოფილების წევრი (1915-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1914-)

Bibliography

Contacts Information

  • Home
    Address:თბილისი, გრიბოედოვის ქუჩა N 4

Share: