The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ევგენი პეტრეს ძე გეგეჭკორი

ევგენი პეტრეს ძე გეგეჭკორი
დაბადების თარიღი:24 აპრილი, 1882
გარდაცვ. თარიღი:5 ივნისი, 1954  (72 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საფრანგეთი, ლევილის ქართული სასაფლაო
კატეგორია:ადვოკატი, დამფუძნებელი წევრი, თანამდებობის პირი, იურისტი, პოლიტიკოსი, პოლიტიკური ლიდერი

ბიოგრაფია

     ევგენი გეგეჭკორი დაიბადა 1882 წლის 24 აპრილს სენაკის მაზრის სოფელ მარტვილში (მეორე ვერსიით სალხინოში) არისტოკრატულ ოჯახში. იგი მამით წარჩინებული აზნაურის, ხოლო დედით თავადის ასულის შვილი გახლდათ. საშუალო განათლება მიიღო ქუთაისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიაში.

    1902 წელს სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც 1906 წელს დაამთავრა. მოსკოვში სწავლის პერიოდში, 1902 წლიდან სოციალ-დემოკრატიული წრეების მუშაობაში ჩაება. სტუდენტობის პერიოდშივე მიიპყრო  უნივერსიტეტისა და მოსკოვის ინტელექტუალური საზოგადოების ყურადღება თავისი ნიჭიერებით, მჭერმეტყველებითა და სიდარბაისლით. ალბათ ამიტომაც იყო, რომ იგი ქართველ სტუდენტთა სათვისტომოს უცვლელი თავმჯდომარე გახლდათ და აქტიურად მონაწილეობდა სტუდენტურ მოძრაობაში.

    1904 წლიდან იყო იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი. 1904 წელს ჟანდარმერიამ დააპატიმრა და პარტიის წევრობის გამო პასუხისგებაში მისცა. 1905 წლიდან მუშაობდა რსდმპ „მენშევიკების“ ფრაქციაში.

    1907 წელს, სწავლის დასრულების შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში და ვექილად დაიწყო მუშაობა ჯერ სენაკის მაზრაში. მოკლე ხანში ერთ–ერთი საუკეთესო ადვოკატის სახელი დაიმკვიდრა. ოღონდ, მას არ აკმაყოფილებდა რუსული სასამართლო წარმოება, ქართული ენისა და სამართლებრივი ტრადიციების იგნორირება კი მის შინაგან პროტესტს იწვევდა. მუშაობდა ნაფიცი ვექილის თანაშემწედ ქუთაისის საოლქო სასამართლოში. პარალელურად აგრძელებდა პოლიტიკურ საქმიანობას სენაკის მაზრის სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაციებში.

   1907 წელს ქუთაისის გუბერნიიდან აირჩიეს სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატად, სადაც მუშაობდა 1912 წლამდე. თავი გამოიჩინა, როგორც კარგმა ორატორმა, პრინციპულმა პოლიტიკურმა მოღვაწემ. იგი კარლო ჩხეიძესთან ერთად სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის ერთ-ერთ ლიდერად იქცა. მისი გაბედული გამოსვლები და სათათბიროში წამოყენებული მოთხოვნები ევროპული პრესის ყურადღებას იპყრობდა და ევგენი გეგეჭკორის სახელი ცნობილი გახდა საერთაშორისო სოციალისტური მოძრაობისათვისაც.

    1917 წლის თებერვლის რევოლუციის დროს ცხოვრობდა და მუშაობდა ქუთაისში და ამ პერიოდში ევგენი გეგეჭკორი  ქუთაისის გუბერნიის დროებითი მთავრობის კომისრად დაინიშნა. აგრეთვე, იყო ამიერკავკასიის მენშევიკ-ესერთა პირველი მოწვევის ჯარისკაცთა საბჭოს თავმჯდომარე. შემდეგ საცხოვრებლად თბილისში გადავიდა და არჩეულ იქნა კავკასიის მუშათა და ჯარისკაცთა საოლქო სარევოლუციო ცენტრის თავმჯდომარედ.

    1917 წელს რსდმპ „მენშევიკური“ ფრაქციის სიით არჩეული იქნა რუსეთის დამფუძნებელი კრების დეპუტატად. ამავე წლის 14 ნოემბრიდან ამიერკავკასიის კომისარიატის თავმჯდომარედ იქნა დანიშნული და საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად აირჩიეს.

    1918 წლის თებერვლიდან გახლდათ ამიერკავკასიის სეიმის წევრი და არჩეული იყო ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ და სამხედრო მინისტრად.

    1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტს. გახლდათ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1918 წლის 2 ივნისს დაინიშნა საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრად და იყო მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე.  საქართველოს მთავრობაში იგი ერთ-ერთი მთავარი გადაწყვეტილებების მიმღები და ავტორიტეტული ფიგურა იყო. ნოე ჟორდანიას ავადმყოფობის დროს ხშირად ასრულებდა მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობას. 

    1919 წლის 12 მარტს აირჩეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. იგი კვლავ აგრძელებდა მუშაობას საგარეო საქმეთა მინისტრად. 1920 წლიდან  ევროპაში დიპლომატიურ მოლაპარაკებებზე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დე-იურედ აღიარებისათვის მიავლინეს, რაც 1920 წლის 27 იანვარს წარმატებით დასრულდა.

   1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების გამო, დამფუძნებელი კრების დადგენილების თანახმად მთავრობის სხვა წევრებთან ერთად საქართველო დატოვა და საზღვარგარეთ გაემგზავრა.

ემიგრაციაში განაგრძობდა დიპლომატიურ მოლაპარაკებებსა და აქციებში მონაწილეობას საქართველოს დეოკუპაციის საკითხის გადასაჭრელად. იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის საზღვარგარეთის ბიუროს წევრი.

    1926 წელს პოლონეთის აქტიური მხარდაჭერით ჩამოყალიბდა კავშირი საქართველოს, აზერბაიჯანის, მთიელთა და უკრაინის ემიგრანტულ მთავრობებსა და პარტიებს შორის და შეიქმნა "კავკასიის გათავისუფლების კომიტეტი", რომელმაც  ჟურნალ „პრომეთეს“ ბეჭდვა დაიწყო ფრანგულ ენაზე. თურქეთის და აზერბაიჯანის ფაქტორის გამო მოძრაობას არ შეუერთდნენ სომხური ემიგრანტული ორგანიზაციები. ქართული პოლიტიკური წრეების საშუალებით მათთან მოლაპარაკებების მცდელობამ მწვავე კონფლიქტი წარმოქმნა ევგენი გეგეჭკორსა და ნოე რამიშვილს (შინაგან საქმეთა მინისტრი) შორის, რომელიც „პრომეთეისტული“ მოძრაობის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა იყო.

    1927 წელს ოჯახური ტრაგედიის - მცირეწლოვანი ვაჟის გარდაცვალებით გამოწვეული მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამოყენებით,  საბჭოთა სპეცსამსახურები აქტიურად ცდილობდნენ ევგენი გეგეჭკორის გადაბირებას და მის გამოყენებას ქართული ემიგრაციის დასაშლელად. მეორე მსოფლიო ომის დასასრულისას საბჭოთა სპეცსამსახურები ასევე ცდილობდნენ საქართველოს მთავრობის წევრების, მათ შორის - ევგენი გეგეჭკორის დარწმუნებას, დაბრუნებულიყვნენ სამშობლოში, თუმცა უშედეგოდ.

    1951 წელს ევგენი გეგეჭკორი ემიგრაციაში ჩამოყალიბებულ „ქართულ ეროვნულ საბჭოში“ შედიოდამეორე მსოფლიო ომის დასრულებისა და „ცივი ომის“ დაწყების შემდეგ, 1952 წლის 16 ოქტომბერს, ბოლშევიზმისაგან გამათავისუფლებელი ამერიკული კომიტეტის (რუსეთის ხალხების განთავისუფლების ყოფილი ამერიკული კომიტეტი) ორგანიზებით მიუნხენში შეიქმნა ანტიბოლშევიკური ბრძოლის საკოორდინაციო ცენტრი, რომელსაც უნდა გაეერთიანებინა ემიგრაციაში მყოფი პოლიტიკური ძალები საერთო პლატფორმით და ისინი ამერიკულ კომიტეტთან დაეკავშირებინა. ორგანიზაციებს შორის მოლაპარაკებებში ქართული მხარის წარმომადგენლად აქტიურად ჩაერთო ევგენი გეგეჭკორი.

    1953 წლის 10 ივლისს ტეგერნსეეში დასრულდა ანტიბოლშევიკური საკოორდინაციო ცენტრის ფორმირება. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ  შემათანხმებელი კომისიის მცდელობა ევგენი გეგეჭკორის ხელმძღვანელობით უშედეგო აღმოჩნდა კომპრომისის მისაღწევად. 

    ევგენი გეგეჭკორი გარდაიცვალა 1954 წლის 5 ივნისს, პარიზში და დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე. დაკრძალვის მთელი პროცესიის დროს ევგენი გეგეჭკორის კუბოს საქართველოდან ჩატანილი ეროვნული დროშა ჰფარავდა. მისმა შვილიშვილმა რუსუდან სტურუამ საფლავში ერთი პეშვი სამშობლოს მიწა ჩააყოლა და თურმე მიაყოლა: "აჰა, ამისთვის იბრძოდი და წაიღე თანო"...

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • რუსეთის დამფუძნებელი კრება, დეპუტატი (1917-)
  • ამიერკავკასიის კომისარიატი, თავმჯდომარე (1917-)
  • ამიერკავკასიის მენშევიკ-ესერთა პირველი მოწვევის ჯარისკაცთა საბჭო, თავმჯდომარე (1917-)
  • ამიერკავკასიის სეიმი, წევრი (1918-)
  • ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა, თავმჯდომარე (1918-)
  • კავკასიის მუშათა და ჯარისკაცთა საოლქო სარევოლუციო ცენტრი, თავმჯდომარე
  • მოსკოვის ქართველ სტუდენტთა სათვისტომო, თავმჯდომარე
  • რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია (რსდმპ), წევრი (1904-)
  • საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის მთავრობა, თავმჯდომარის მოადგილე (1918-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტი, წევრი (1918-)
  • საქართველოს ეროვნული საბჭო, წევრი (1917-)
  • საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, წევრი
  • სახელმწიფო სათათბირო, დეპუტატი (1907-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი (1915-)
  • ქუთაისის გუბერნიის დროებითი მთავრობა, კომისარი (1917-)

გააზიარე: