The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



იოსებ კონსტანტინეს ძე გედევანიშვილი

იოსებ კონსტანტინეს ძე გედევანიშვილი
სხვა სახელი:გე-ვა-ლი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:2 იანვარი, 1872
გარდაცვ. თარიღი:24 დეკემბერი, 1939  (67 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მცხეთა, სვეტიცხოვლის ეზო
კატეგორია:დამფუძნებელი წევრი, დრამატურგი, მწერალი, პოლიტიკოსი, პუბლიცისტი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

   იოსებ (სოსო) გედევანიშვილი დაიბადა 1872 წელს დუშეთის მაზრის სოფელ მცხეთაში, აზნაურის ოჯახში. დაამთავრა ტფილისის კადეტთა კორპუსი და პავლოვსკის სამხედრო სასწავლებელი, ხოლო შემდეგ სწავლა გააგრძელა რუსეთის იმპერიის გენშტაბის აკადემიაში.

    1904 წლიდან იოსებ გედევანიშვილი გახლდათ საქართველოს სოციალ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტიის წევრი.

    1906 წლამდე არმიაში 66-ე სარეზერვო ბრიგადის შტაბის ადიუტანტად მსახურობდა კაპიტნის ჩინით. 1906 წელს პოლიტიკური რწმენის გამო დატოვა სამხედრო სამსახური.

    1906 წელს დუშეთის ხაზინის ძარცვაში მონაწილეობის ბრალდებით დააპატიმრეს დანაშაულის შეუტყობინებლობის გამო და მიუსაჯეს 2 წლით პატიმრობა ე. წ. „კრეპოსტში“ და უფლებების აყრა. საბოლოო ჯამში ციხეში 6 წელი იჯდა. 1913 წლიდან, განთავისუფლების შემდეგ, ლიტერატურულ საქმიანობას ეწეოდა. წერდა პიესებს და თანამშრომლობდა გაზეთებთან. თავს ირჩენდა მიწის დამუშავებით. პარალელურად აგრძელებდა პოლიტიკურ საქმიანობას სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიაში.

    1917 წლის თებერვლის რევოლუციის დროს 218-ე სათადარიგო ქვეითი ბრიგადის ასეულის უფროსი იყო, შემდეგ კი ქართული ბრიგადის შტაბის უფროსი. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ, ამიერკავკასიის დემოკრატიულ ფედერაციული რესპუბლიკისა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არმიების შექმნის ერთ-ერთი ორგანიზატორი გახლდათ. იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი და 1918 წლიდან ფედერალისტთა ბათუმის პარტიზანული რაზმის მეთაური.

   1918 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო სამინისტროს საერთო განყოფილების უფროსად დაინიშნა და იყო ბრიგადის მეთაური.

   1918 წლის განმავლობაში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი გახლდათ და საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტიის შეიარაღებულ რაზმს მეთაურობდა. მონაწილეობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არმიის სამხედრო ოპერაციებში.

   1919 წლის 12 მარტიდან საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად იყო არჩეული საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტიის სიით. გახლდათ სამეურნეო-საგამგეო კომისიის წევრი და ამავე წლის 15 აპრილს, სამხედრო სამსახურის გამო, უარი თქვა დეპუტატის მანდატზე.

    1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების დროს თანამდებობიდან გადააყენეს, შულავერის მიმართულებაზე თავდაცვის ორგანიზებისას დაშვებული შეცდომების გამო. საქართველოს ოკუპირების შემდეგ სამშობლოში დარჩა და  „ქართული წითელი არმიის“ შემადგენლობაში ირიცხებოდა, საიდანაც  სამხედრო-საზღვაო კომისარიატის რეზერვში გადაიყვანეს და იყო კომუნისტური შემადგენლობის სკოლის უფროსი 1922 წლის დეკემბრამდე. მუშაობდა ქართულ ენაზე სამხედრო წესდებების მთარგმნელი კომისიის წევრად.

   1922 წლის 17 მაისს იოსებ გედევანიშვილი პირველად დაპატიმრეს მცხეთაში, საკუთარ სახლში, მაგრამ ძიებამ 1918-1921 წლებში „ბოლშევიკური აჯანყებების“ დროს მის მიერ ბოლშევიკების დახვრეტის ბრძანების გაცემის ფაქტების დადასტურება ვერ მოახერხა. მეორედ დააპატიმრეს 1923 წლის 3 მარტს „გაერთიანებული სამხედრო ცენტრის“ წევრობის ბრალდებით და იმავე დღეს ამიერკავკასიის ჩეკას კომენდატურაში მოათავსეს. 6 მარტის დაკითხვაზე მან კატეგრიულად უარყო ამ ცენტრის წევრობა და მისი არსებობის შესახებ ინფორმაციის ფლობა, ხოლო 3 აპრილის დაკითხვაზე განაცხადა,  რომ 1922 წელს სახლში მიიპატიჟა გენერალმა ვარდენ წულუკიძემ, სადაც მასთან ერთად იყო გენერალი ალექსანდრე ანდრონიკაშვილი. ვარდენ წულუკიძის განმარტებით, საბჭოთა არმია მალე თურქეთს დაესხმებოდა თავს და ქართველი ოფიცრები მოსალოდნელი ანარქიისათვის უნდა მომზადებულიყვნენ. ამ საქმეში მონაწილეობაზე გედევანიშვილმა უარი განაცხადა, ვინაიდან იგი სოფლად ცხოვრობდა, მიწას ამუშავებდა და ყოველგვარი პოლიტიკური საქმიანობისაგან ჩამოშორებული იყო. „სამხედრო ცენტრის“ საქმეზე დაპატიმრებული სხვა სამხედროთა ჩვენებები გედევანიშვილთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი იყო. ნაწილი ადასტურებდა მის მონაწილეობას ცენტრის საქმიანობაში, ნაწილი უარყოფდა და შემდეგ ადასტურებდა.

   1923 წლის 15 მაისის საბრალდებო დასკვნაში გამომძებელმა იოსებ გედევანიშვილისთვის კოტე აფხაზთან, ვარდენ წულუკიძესთან, როსტომ მუსხელიშვილთან, ალექსანდრე ანდრონიკაშვილთან, გიორგი ხიმშიაშვილთან ერთად სასჯელის უმაღლესი ზომა დახვრეტა მოითხოვა, რამდენადაც დადასტურებულად ცნო მათი ბრალეულობა.

   1923 წლის 19 მაისს, საქართველოს და ამიერკავკასიის სსრ საგანგებო კომისიის კოლეგიების გაფართოებულმა სხდომამ გედევანიშვილის საქმის განხილვა გადადო, დანარჩენებს კი დახვრეტა მიუსაჯა. 23 მაისს, ამიერკავკასიის სსრ საგანგებო კომისიის კონტრდაზვერვის განყოფილების 1-ლი ქვეგანყოფილების უფროსის თანაშემწემ ზალპეტერმა  გედევანიშვილის საქმე განიხილა და დაასკვნა, რომ „დამუშავებისათვის“ აღარ იყო აუცილებელი მისი პატიმრობაში ყოფნა და შეიძლებოდა დაუყოვნებლივ გაეთავისუფლებინათ, ხოლო საქმე ზაკჩეკას კოლეგიას განსახილველად გადასცემოდა. განთავისუფლების შემდეგ პუბლიცისტურ საქმიანობას აგრძელებდა.

   1923 წელს „მემარცხენე სოციალისტ-ფედერალისტების“ პარტიის თვითლიკვიდაციის პროცესს ხელმძღვანელობდა.  პარტიის დაშლის შემდეგ მისი წევრების დიდი ნაწილი, მათ შორის იოსებ გედევანიშვილიც, კომუნისტურ პარტიაში შევიდნენ. მცირე ხნის განმავლობაში მუშაობდა ხელოვნების მთავარ სამმართველოში. 

   1926-1928 წლებში გედევანიშვილი გახლდათ ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორი, 1928-1929 წლებში ამიერკავკასიის რადიოგადაცემათა რწმუნებული, ხოლო 1929 წლიდან საქართველოს ცენტრალურ არქივში მუშაობდა. სიცოცხლის ბოლო წლებში დატოვა თბილისი და დაუბრუნდა მეურნეობას მშობლიურ მცხეთაში.

   იოსებ გედევანიშვილი გარდაიცვალა 1939 წლის 24 დეკემბერს, მცხეთაში და დაკრძალულია სვეტიცხოვლის ეზოში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის დრამატული საზოგადოება, გამგეობის წევრი
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტი, წევრი (1918-)
  • საქართველოს ეროვნული საბჭო, წევრი (1917-)
  • საქართველოს სოციალ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტია (1904-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1906-)

გააზიარე: