The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



მიხეილ ალექსანდრეს ძე გედევანიშვილი

მიხეილ ალექსანდრეს ძე გედევანიშვილი
დაბადების თარიღი:31 ოქტომბერი, 1862
გარდაცვ. თარიღი:29 ნოემბერი, 1922  (60 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი, ვერის სასაფლაო
კატეგორია:ექიმი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

    მიხეილ გედევანიშვილი დაიბადა 1862 წელს მანგლისში სამხედრო მოსამსახურის ოჯახში.

   1883 წელს დაამთავრა თბილისის I კლასიკური გიმნაზია და უმაღლესი განათლების მისაღებად მოსკოვში გაემგზავრა. ჩააბარა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე, რომელიც 1889 წელს დაამთავრა ექიმის  წოდებით და სამშობლოში დაბრუნდა.

   1890 წელს გედევანიშვილი ელისავეტპოლის (განჯა) გუბერნიის ზანგეზურის მაზრის სოფლის ექიმად დაინიშნა და სამაზრო ექიმისა და ადგილობრივი ციხის ექიმის მოვალეობას ასრულებდა. აფთიაქის უქონლობის გამო, ხელმოწერით შეგროვილი სახსრებით, ღარიბთათვის აფთიაქი დააარსა და წამლებსაც თავად ამზადებდა. 1894 წელს, რუსულ ენაზე, ზანგეზურის მაზრის ეთნოგრაფიული, ნიადაგის, ჰავის, სახალხო მედიცინისა და სამკურნალო მცენარეთა შესახებ შრომა დაწერა: „Зангезурский уезд Елисаветпольской губернии в мед. отношении за 1890-1892 г.г.“. ზანგეზურის მაზრის შემდეგ გედევანიშვილი თიანეთის მაზრის ექიმად განამწესეს, სადაც ადგილობრივი გარნიზონის ჯარისკაცებს უსასყიდლოდ მკურნალობდა და მადლობაც გამოუცხადეს „За безвозмездное пользование нижных чинов и сердечное к ним отношение“. მას ფშავ-ხევსურეთის შორეული სოფლებიდან ჩამოჰყავდა ავადმყოფები და თავის ბინაზე მკურნალობდა.

   1895 წლიდან სპეციალურად მუშაობდა ნევროპათოლოგიის, ფსიქიატრიის, ფიზიოთერაპიისა და რენტგენოლოგიის დარგებში, რომელთა პირველი მეცნიერულად მომზადებული ქართველი სპეციალისტი იყო. 1895 წელს გედევანიშვილი პარიზში გაემგზავრა და ორი წლის განმავლობაში შარკოს კლინიკაში რაიმონისა და ჟ. დეჟერინის  ლექციებს ისმენდა. 

  1900 წელს პარიზის გარეუბნების სულით ავადმყოფთა ცნობილ კლინიკებსა და საავადმყოფოებში მუშაობდა. ამავე წელს ნევროპათოლოგიისა და ფსიქიატრიის სექციის ხაზით, პარიზში გამართული ექიმთა XIII საერთაშორისო კონგრესის წევრი იყო. ამავე ხანებში გაეცნო საზოგადოებრივ და კერძო ფსიქიატრიულ დაწესებულებებს ოდესასა და ვარშავაში. ამ მუშაობის შედეგად გამოაქვეყნა ორი მნიშვნელოვანი შრომა: „Квопросу о призрении Тифлисом душевно-больныхв связи с современными воззрниями на сущностьи лечение душевных болезней“ და „Организацияучреждений для душевно-больных“.

    1897 წელს მიხეილ გედევანიშვილი თბილისის სანიტარიულ ექიმად მიიწვიე, ხოლო შემდეგ ნევროპათოლოგად ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში. 1898 წელს ახლად დაარსებულ სულით ავადმყოფთა თავშესაფრის დირექტორად დაინიშნა, სადაც 25 წელი იმუშავა და ამ ხნის განმავლობაში დაწესებულება ისე მოაწყო, რომ სამაგალითო-საჩვენებლად მიიჩნეოდა, როგორც ორგანიზაციის მხრივ.

   1899 წელს თბილისში დააარსა ქართველ ექიმთა კოლექტივის პირველი სამკურნალო, სადაც მონაწილეობდნენ ქართველ ექიმთა ყველა სპეციალობის საუკეთესო წარმომადგენლები და რომლის დირექტორიც მრავალი წლის განმავლობაში იყო მიხეილ გედევანიშვილი. სამკურნალო დაწესებულება  მოთავსებული იყო ილია ჭავჭავაძის საცხოვრებელი ბინისა და „ივერიის“ რედაქციის შენობაში.

   1902 წლიდან მიხეილ გედევანიშვილი გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოები“ წევრი და ამ საზოგადოებაში მის გაწევრიანებაზე თავმდებნი იყვნენ ნიკო ცხვედაძე, ვალერიან ლორთქიფანიძე, იაკობ გოგებაშვილი და დავით კარიჭაშვილი.

    მიხეილ გედევანიშვილმა დიდი დრო მოანდომა ფსიქოლოგიაში მუშაობას. ამ სპეციალური საკითხების შესახებ მეცნიერული შრომები საქართველოში პირველად მან  გამოაქვეყნა ქართულ და რუსულ ენებზე: „ბავშვთა ასაკის ფსიქოლოგია“, „Психология детского возраста“, „Психология толпы“.

   მიხეილ გედევანიშვილი აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოებრივ საქმიანობაში ჯერ კიდევ გიმნაზიაში სწავლის პერიოდიდან. 1905 წელს მონაწილეობა მიიღო თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა დეპუტატების კრებაში. 1906 წელს ილია ჭავჭავაძესთან ერთად, რუსეთის სახელმწიფო საბჭოს ამომრჩევლად აირჩიეს, რომელმაც ყველა ქართველი ამომრჩეველისა და თავისი სურვილის თანახმად, უმაღლეს საბჭოს წევრად აირჩია ილია ჭავჭავაძე. 1908 წელს მისსავე ბინაზე არალეგალურად, რადგან მთავრობა ქართულად სწავლების ნებას არ იძლეოდა, გაიხსნა პირველი ქართული საბავშვო ბაღი, რომელსაც მისი მუღლე ანასტასია ედგა სათავეში. 1908-1909 წწ. აქტიურად მონაწილეობდა ამიერკავკასიაში ერობის შემოღებისათვის მოწვეულ თათბირში, სადაც მუშათა და გლეხთა ინტერესების დასაცავად მოითხოვა ბურჟუაზიის უფლებათა შეკვეცა.

    1907 წელს გედევანიშვილმა სალპეტრიერში, ენფრუას ხელმძღვანელობით, რენტგენოგრაფიის დარგში დაიწყო მუშაობა და სამშობლოში დაბრუნებულმა, საზღვარგარეთიდან ჩამოტანილი რენტგენის აპარატით, მოაწყო რენტგენოსკოპიისა და რენტგენოთერაპიის კაბინეტი. იგი საქართველოში რენტგენოლოგიის დარგის პიონერია.

   მიხეილ გედევანიშვილმა 1914 წელს, საკუთარი ხარჯით, გამოსცა ილია ჭავჭავაძის მხატვრულ ნაწარმოებთა ერთტომეული, მეცნიერულად დამუშავებული ვარიანტებით, კრიტიკული წერილებით, მდიდრად დასურათებული და საუკეთესო ქაღალდზე. ამ წიგნის გამოცემისათვის გედევანიშვილმა 1907 წლიდან დიდძალი წერილობითი თუ სურათობრივი მასალა შეაგროვა, რითაც ეს მასალები სამუდამო დაღუპვას გადაარჩინა.

   მიხეილ გედევანიშვილი გულის შეტევით უეცრად გარდაიცვალა 1922 წლის 29 ნოემბერს და  დაკრძალულია ვერის ძველ სასაფლაოზე. მისმა მეუღლემ, ანასტასიამ, მიხეილის მიერ შეგროვებული ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი მასალები: ავტოგრაფები, ფოტოსურათები და სხვა მნიშვნელოვანი საბუთები საქართველოს ლიტერატურულ მუზეუმს სრულიად უსასყიდლოდ გადასცა.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • კავკასიის სამედიცინო საზოგადოება, ნამდვილი წევრი (1900-)
  • კავკასიის სამედიცინო საზოგადოება, წევრ-კორესპონდენტი და ხაზინადარი (1895-)
  • კავკასიის სამედიცინო საზოგადოება, წევრი (1889-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1902-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: