The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ქაიხოსრო იაკობის (ბიჭიას) ძე გელოვანი (თავადი)

ქაიხოსრო იაკობის (ბიჭიას) ძე გელოვანი
Date of birth:1859
Date of death:1924  (at 65 years)
Category:Writer, Publicist, Public Figure

Biography

   ქაიხოსრო გელოვანი დაიბადა 1859 წელს ლეჩხუმის მაზრის დაბა ლაილაშში.

   1884 წლიდან ქაიხოსრო გელოვანი გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" აგენტი ლეჩხუმის მაზრაში, ხოლო 1886 წლიდან კი ამ საზოგადოების ნამდვილი წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების მუშაობაში. საზოგადოების სასარგებლოდ ფულს აგროვებდა, ხალხში აგიტაციას ეწეოდა საზოგადოებაში გაწევრიანებაზე და დასახმარებლად მართავდა საქველმოქმედო ლიტერატურულ საღამოებს.

   ქაიხოსრო გელოვანი  დაბა-სოფლის ყოფა-ცხოვრების სიავკარგის ფხიზელი და მიუდგომელი მამხილებელი იყო. საჯაროდ გამოდიოდა სიტყვებით და კრიტიკულ წერილებს აქვეყნებდა პერიოდულ გამოცემებში. 1880-იანი წლებიდან იგი თანამშრომლობდა: "ივერიაში", "დროებაში", "შრომაში", "კვალში" და "მწყემსში". ცნობილია მისი საგაზეთო პუბლიკაციები: "ლეჩხუმის მაზრა", "რაჭის მაზრა", "დავიწყებული ერი" და "შეუწყნარებელი უმადურობა", რომელიც დაიბეჭდა გაზეთ "ივერიაში" და ეხებოდა ოსკარ შმერლინგის კარიკატურას "თავადაზნაურობის ბანკი". 

   1886 წელს „დროებაში“ მოთავსებული ერთი წერილის გამო სამართალშიც იყო მიცემული. 1886 წლის 23 სექტემბერს დანიშნული იყო მომრიგებელი სასამართლოს პროცესი, სადაც უნდა განეხილათ გაზეთ "დროების" კორესპონდენტის ქაიხოსრო გელოვანისა და რედაქტორის ივანე მაჩაბლის მიერ რაჭის ბოქაულის, ალექსანდრე წულუკიძის მიმართ ბრალდების საკითხი. როგორ ცნობილია, მხარეები მორიგებულან და საჩივარი გაუქმებულა.

   ქაიხოსრო გელოვანი ახლო ურთიერთობაში ყოფილა აკაკი წერეთელთან, რასაც მოწმობს ის ფაქტი, რომ 1912 წლის ზაფხულში  რაჭა–ლეჩხუმში პოეტის ისტორიული მოგზაურობის დროს იგი აკაკის მხლებელთა შორის ყოფილა და სოფელ ჭრებალოში ლექსითაც მიმართა მგოსანს.                                     

"გლეხს რომ ჰკითხოთ, ისიც გეტყვით:
პოეტია აკაკიო,
მასზედ უკეთ ვერვინ შეთხზა
ზღაპრები, ვერც არაკიო.
რასაც წერს, ჩვენც კი გვესმის,
ხან ვსტირით, ხან გვაცინებსო,
საქებს შესაფერად გვიქებს,
საძრახავს კი გვიწუნებსო.
სიმართლეს არა ჰღალატობს,
შავს თეთრად არ გვაჩვენებსო,
რა გინდ ბედმა უღალატოს,
მაინც მტრებს არ ახარებსო.
მისი ლექსი ხან თაფლია,
ხან კი მწარე სამსალაო,
ორივესთვის უხვად მოსდევს
მას საჭირო მასალაო.
ვერ შეარყევს იმის რწმენას
ვერც წყრომა, ვერც ალერსიო,
თავის ფარ-ხმალ-იარაღად
გაუხდია მას ლექსიო.
ქართველების დიდებაა,
მათი ენის სიმდიდრეო,
სიმართლისა მეგობარი
და სიმუხთლის მეშურნეო."

   ქაიხოსრო გელოვანი გარდაიცვალა 1924 წელს და დაკრძალულია მშობლიურ ლეჩხუმში.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების დამხმარებელი წევრი ლეჩხუმში (1886-1900)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1886-)

Bibliography

Contacts Information

  • Home
    Address:ლეჩხუმი

Share: